ვასილ ჭყოიძე: ომის საფრთხე არსებობს და ამის იგნორირება არ შეიძლება
17:47:35     04-04-2012
ქართული მხარის შეფასებით, რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება „კავკასია-2012“ საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებს შემთხვევით არ ემთხვევა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ეს სწავლება, გაცილებით უფრო მასშტაბურია იმ სწავლებებთან შედარებით, რომელიც რუსეთმა 2008 წელს, „აგვისტოს ომის“ წინ მოაწყო. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან, მორიგი აგრესია გამოსარიცხი არ არის. საქართველო, რა საფრთხეების წინაშე დგას? – „პრესა.ჯი” ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა:
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის, რუსეთთან ომის განახლების საფრთხეს არ გამორიცხავს. ომის დაწყების საშიშროებას ხედავთ?
- 2012 წლის შემოდგომაზე, კავკასიის არეალში, დანიშნული ე.წ. წვრთნები სამხედრო ოპერაციებსა და სავარჯიშო მანევრებს ითვალისწინებს, რაც სერიოზულ პროვოკაციას წარმოადგენს, რადგან წინასწარ დაანონსებულია, რომ ეს საწვრთნელი ოპერაციები, ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ოპერაციებში ჩართული იქნება - ყველა სახეობის შენაერთები, სამხედრო ავიაცია და სახმელეთო ძალები, რომლებიც ურთიერთკოორდინაციას გაივლიან. ამას გარდა, წვრთნები სომხეთშიც გაიმართება, ანუ, რუსეთის მიერ ჩატარებული ოპერაციები საქართველოს გარშემო გაიმართება, რაც შეიძლება, უკვე, ძალიან სერიოზულ აგრესიად და სამხედრო თავდასხმად ჩაითვალოს. კრემლის, ამ გეგმების ფონზე, ძნელია იმის პროგნოზირება, მოსკოვი რას მოიმოქმედებს, მაგრამ ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ ეს წვრთნები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენიმე კვირით ადრე დაინიშნა. შესაბამისად, ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს, საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ, სამხედრო აგრესიის გაგრძელებისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, მაგრამ საფრთხეები არსებობს და ამის იგნორირება არ შეიძლება.
- მსგავსი წვრთნები, რუსეთმა 2008 წელსაც ჩაატარა, რასაც „აგვისტოს ომი“ მოჰყვა, მაგრამ ამ ოპერაციებს შორის, პარალელების გავლება შეიძლება?
- 2008 წელს, რუსეთის სურვილი – ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის შეცვლა იყო, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას აგრძელებს. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის პროცესების შემდეგ, კრემლი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა, საქართველოში პროცესების დაძაბვა, არა მარტო თავისი სამხედრო ძალებით სცადოს, არამედ ქვეყანაში, არსებული მეხუთე კოლონის გამოყენებით, თუმცა, საზოგადოება და ხელისუფლება ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად უნდა იყოს. ქართულმა მხარემ, ამ წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მუდმივად უნდა მიაწოდოს, რათა მათი ყურადღება არ მოდუნდეს.
- ფიქრობთ, რომ რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენა გაძლიერდება?
- ფაქტია, რომ ევროპისა და ამერიკის ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთმა, საქართველოზე სამხედრო აგრესია განახორციელა. ამის დასტურია, ის, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის, დღის წესრიგიდან პარტნიორობის მაღალი ხარისხის ხელშეკრულებების გაფორმება მოიხსნა. ამასთან, ევროპის საბჭოს ანსამბლეაზე, რუსეთს, პერმანენტულად პრობლემები ექმნება და ნატო თავის დოკუმენტაციაში, ხშირად მბობს, რომ რუსეთმა, საქართველოს ტერიტორიები უნდა დატოვოს. საერთაშორისო ტრიბუნაზე, მუდმივად ფიგურირებს, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, ეს კი, მოსკოვის დიპლომატიისთვის და პრესტიჟისთვის, თუნდაც იმისთვის რაც მათ ყველაზე მეტად უყვართ - გავლენა, ძალიან დიდი ზიანის მომტანია, რადგან რუსეთის მიმართ, ნდობა და პატივისცემა მცირდება. ამას ის ემატება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. მთელი მსოფლიოს თვალწინ, მოსკოვმა, სამ სოფელში ე.წ. არჩევნები ისე ვერ ჩაატარა, რომ ე.წ. პრეზიდენტისთვის თავის გატეხვა არ გამხდარიყო საჭირო. ანუ, რუსეთი იქ არსებულ ვითარებას, ვერ აკონტროლებს, უბრალოდ, რეგიონში, შენარჩუნებულია სამხედრო მზადყოფნა, მაგრამ ამ ტერიტორიებზე, საზოგადოების კეთილგანწყობა და პოლიტიკური კონტროლი ვერ ხორციელდება. სეპარატისტთა საზოგადოებაში, რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობა მცირდება და ის, უპერსპექტივობის განცდაში გადადის.
- ქართულმა მხარემ, რუსულ საფრთხეებს რა უნდა დაუპირისპიროს?
- საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმაზეა დამოკიდებული, საქართველოს, დემოკრატიული და რეფორმისტული კურსის გაგრძელების უნარი რამდენად აღმოაჩნდება. ევროპისთვის და ამერიკისთვის, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველომ, ევროინტეგრაციისკენ სვლა არ უნდა შეაჩეროს. დაუშვებელია ყოყმანი, რომ რუსეთთან იქნებ დავბრუნდეთ, რადგან ეს ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს და აგრესიული რეჟიმის წინაშე აღვმოჩნდებით. უნდა ჩანდეს, რომ ჩვენი კურსი - დასავლეთისკენ, შეუქცევადია. ეს არის ქართული სახელმწიფოს სურვილი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის.