გობრონ აგარელის „უცნობი მგზავრი“
12:31:22     04-04-2012
ცნობილი პოეტი და მთარგმნელი გობრონ აგარელი (ციცქიშვილი) დაიბადა 1899 წლის 30 ნოემბერს, დაბა სურამში. მამამისი მღვდელი იყო, ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დედა - ანა ჩუბინიძე.
დაამთავრა ტფილისის 5-ე გიმნაზია. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ძალიან განათლებული გახლდათ, რვა ენა იცოდა, იყო ენათმეცნიერი.
გობრონ აგარელის პირველი ლექსი 1919 წელს დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოში“. იმდროინდელ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მხატვრული და პუბლიცისტური ნარკვევები.
1920 წელს გამოვიდა გობრონ აგარელისა და ტერენტი გრანელის პირველი წიგნი „პანაშვიდები“. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. გობრონ აგარელის წყალობით, ტერენტი გრანელი ბევრ ცნობილ ადამიანს დაუახლოვდა. დადიოდა უნივერსიტეტში და გრიგოლ წერეთლის, სერგი დანელიას, შალვა ნუცუბიძისა და დიმიტრი უზნაძის ლექციებს ესწრებოდა.
1922-1930 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1930 წლიდან 1951 წლამდე საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობაში. 1947 წლიდან იყო მარქს-ენგელქს-ლენინის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მეცნიერი თანამშრომელი. თარგმნილი აქვს მხატვრული და პოლიტიკური ლიტერატურის კლასიკოსთა არა ერთი ნაწარმოები.
გობრონ აგარელი გარდაიცვალა 1951 წლის 4 ნოემბერს.
მისი შვილიც, გივი ციცქიშვილიც პოეტი გახლდათ (გარდაიცვალა 2000 წლის 29 ივნისს). სხვა დროს, მის შესახებავ გვექნება საუბარი.
უცნობი მგზავრი
(პასტორალი)
I
გამოვეპარე ქალაქებს.
შეწითლებულა ბალი.
პურს კიდობანში ალაგებს
ვინმე სოფლელი ქალი.
მზეზე დარბიან ბალღები.
იმედიანი ყანა.
მზეზე დარბიან ბალღები,
ძროხები ჩრდილში დგანან.
გულმა სილაღე ინება,
აღარ ვნატრულობ ქუჩას.
„რა მოსავალი იქნება!
რა კარგი პირი უჩანს“.
II
მოდი წავიდეთ ყანაში, -
იქ შრიალია ნელი.
გამოვესალმე პანაშვიდს,
სახელებს: მერი, ნელი.
ქალაქში ბევრი ქალია,
(მე შენთან მოვალ ხვალაც).
ქალაქში ბევრი ქალია,
მაგრამ ბევრს ვამჩნევ ღალატს.
ზღვა არის შენი თვალები,
ტუჩები - მწიფე შვინდი.
მიკვირს, რა საშუალებით
ხარ შენ ასეთი მშვიდი!
გათენდა დიდი ხანია,
მზით შეიფერა სივრცე.
მოგაქვს ხან მარწყვი, ხან ია,
ფიქრობ შორეულ სხივზე.
ყვავილებს მიკრეფ ღიმილით,
რომ არ დაგასწროს ბინდმა.
მე უფრო პილიგრიმივით
მოგზაურობა მინდა.
ვამბობ: სოფელი, ჩინარი,
ვამბობ: არა მაქვს დარდი.
ცას გადაეკრა მინარი -
იქნება კარგი დარი.
III
ახ! მეც ვიყავი სოფლელი,
მაგრამ ეს გახლდათ წინათ:
მოლი. ვენახი. მშობლები.
და უშფოთველი ბინა.
მახსოვს: ამ ველებს ღიმილით
ვესალმებოდი... წმინდა.
დღეს უფრო პილიგრიმივით
მოგზაურობა მინდა.
ბედი დაეცა მიწაზე,
ბედი წაიღო ქარმა.
დაო! შენ მაინც მიწამე:
ცხოვრების თავი არ მაქვს.
ვერ მივატოვე სრულიად
ბაღი, სიზმრებით სავსე.
ო, გული დაფარულია
მოგონებების ხავსით!
IV
რა მაღალია ჩინარი!
მე უფრო მომწონს მუხა.
ნეტავი სერზე ვინ არი?
კმარა! მოწყენით ნუ ხარ!
მინდორზე თეთრი ლოდია.
ჩაფიქრებულა მიწა.
მგონი, მგზავრები მოდიან
და შენ გვირგვინებს მიწნავ.
ხვალ არის დღესასწაული.
(მე შენთან მოვალ ხვალაც.)
მეგობერ ტყესაც ავუვლი.
ჩავიცვამ წითელ ხალათს.
რადა ხარ მკრთალი, ქალივით,
ან ვიზე ფიქრობ, ვიზე?
ჭრელი თხა, ლურჯი თვალებით,
გაოცებული მიმზერს.
სოფელში ყივის მამალი.
რა სიჩუმეა ირგვლივ!
შორს ხევებია მაღალი,
აქ - რამდენიმე ჩირგვი.
შენს გულზე ვითვლი საათებს.
მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ.
მალე საღამოს აანთებს
მკვდარი მზეების გროვა.
V
უკანასკნელი ჰანგები
ჩაქრნენ მდინარის გაღმა.
ვარ წამებული განგებით,
უფრო მეტყობა დაღლა.
კურდღელი გარბის... შებინდდა.
ვუმზერ ბუნდოვან მაღლობს.
სიომ დაჰქროლა მთებიდან.
ჩვენ ორში ვიღაც ნაღვლობს.
პატარა ჩიტი მოფრინდა.
მე შენთან მოვალ ხვალაც!
პატარა ჩიტი გაფრინდა, -
მივემგზავრები ქალაქს.
VI
მივდივარ, კმარა ტირილი!
მე ვარ დაღლილი ლანდი.
მშვიდობით! კმარა ტირილი!
გაჩუქებ ცისფერ მანდილს.
სადღაც შეირხა ტირიფი.
(შენ არ გჩვევია ჯავრი.)
მშვიდობით! კმარა ტირილი!
მე ვარ უცნობი მგზავრი...
1924 წელი