საინტერესო ფაქტები როკ-მუსიკის შესახებ
11:13:20     04-04-2012
ფინეთში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი, რომელიც გულისხმობს: მონაწილეებმა ამა თუ იმ როკ-მუსიკოსს გიტარის დაკვრაში უნდა მიბაძონ. ჟიური ტექნიკას, არტისტულ მხარეებსა და ქარიზმას აფასებს. პირველ რაუნდში მონაწილეები წინასწარ მომზადებული ნომრით გამოდიან, მეორე რაუნდის ფარგლებში კი მათ ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი კომპოზიციის იმპროვიზაცია უნდა შეძლონ.
თავდაპირველად, როკის გამომხატველი თითების კომბინაცია ავი სულებისგან თავდასაცავად გამოიყენებოდა. პირველი, ვინც ეს ჟესტი როკ-კონცერტზე გამოიყენა ჯგუფების, Rainbow-სა და Black Sabbath-ის სოლისტი, რონნი ჯეიმს დიო გახლდათ. თაყვანისმცემლებმა დაუყოვნებლივ აითვისეს მუსიკოსის მიერ წარმოდგენილი ჟესტი, მოგვიანებით კი მან პოპულარობა მეტალისტებსა და როკერებს შორისაც მოიხვეჭა.
სიმღერას „Only you“, რომელსაც ელვის პრესლი ხშირად მღეროდა, სინამდვილეში The Platters-ის სოლისტი, ტონი უილიამსი ასრულებს. ელვისს ეს სიმღერა არასდროს ჩაუწერია, იგი მას მხოლოდ ცოცხლად მღეროდა და ამით კონკურენციას უწევდა იმ პერიოდისთვის მეტად პოპულარულ უილიამსს.
პირველი საქველმოქმედო როკ-კონცერტი 1971 წელს ჯორჯ ჰარისონმა ჩაატარა, ინდოელი გიტარისტის, რავი შანკარას თხოვნის საფუძველზე. კონცერტის შედეგად შესული თანხა ბანგლადეშის მოსახლეობას გადაერიცხა, რომლებიც ციკლონმა „ბჰოლამ“ დააზარალა.
საკუთარი კომიქსების პოპულარიზაციისთვის, როკ-ჯგუფ KISS-ის წევრებმა მეტად ორიგინალურ ხერხს მიმართეს. ჯგუფის თითოეულმა წევრმა საკუთარი სისხლი ჩააბარა და იგი შეურიეს იმ საღებავებს, რომლებითაც პირველი კომიქსები დაიხატა. გაყიდვების შედეგი კი უნიკალური აღმოჩნდა.
Deep Purple-ის სიმღერა „Smoke on the water“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამ მელოდიას მუსიკალური ისტორიის ფარგლებში, ერთობლივად ყველაზე ბევრი გიტარისტი ასრულებდა, ერთდროულად 1802 ადამიანი.
გუანტანამოს ამერიკულ ბაზაში ერაყელების საწამებლად ჯგუფ Metallica-ს მუსიკას იყენებდნენ. ამ ჯგუფის სოლისტმა კი მათი მელოდიების მსგავსი დატვირთვა მეტად მოიწონა.
როგორც აღმოჩნდა, როკი და რელიგია ერთმანეთს გარკვეული დოზით მაინც ეწყობიან. ჯგუფ „ელეფტერიას“ რიგებში ხუთი ებრაელი ბერი შედის, რომლებიც საქველმოქმედო კონცერტებში იღებენ მონაწილეობას. მათი პირველი ალბომი 1999 წელს გამოვიდა.
შუასაუკუნეებში ვირთხების წინააღდმეგ მუსიკის საშუალებით იბრძოდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინგლისის ერთ-ერთ უძველეს სასახლეში ჩატარებულმა როკ-კონცერტმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობინადრე ყველა ვირთხა დააფრთხო და გააქცია.