გრიგოლ ორბელიანის „გაზაფხული“

  09:51:11     02-04-2012

1883 წლის 21 მარტს (ახალი სტილით 2 აპრილს) გარდაიცვალა დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი გრიგოლ ორბელიანი. დაკრძალულია ქაშუეთის ტაძარში. მის დასაფლავებას 60 ათასზე მეტი ადამიანი დასწრებია.

გრიგოლ ორბელიანის ადრეული ლექსები 1827 წლით თარიღდება. მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის „ცისკარში“ 1852-1853 წლებში.

გრიგოლ ორბელიანის პირველი კრებული გამოსცა პეტრე უმიკაშვილმა 1873 წელს. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მის ლექსს „გაზაფხული“, რომელიც, მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, პირველად მიხეილ ზანდუკელის პუბლიკაციით დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, 1926 წელს, # 7.

მომავალი პოეტი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს (ახალი სტილით 14 ოქტომბერი). გრიგოლ ორბელიანი იყო ორბელ ბარათაშვილის შთამომავალი. გრიგოლ ორბელიანი იყო ორბელ ბარათაშვილის შთამომავალი. გრიგოლის ერთ-ერთი წინაპარი იყო ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა. მამას დიმიტრი (ზურაბი) ერქვა. გრიგოლ ორბელიანის დედა, ხორეშანი ერეკლეს II-ის ასულის, ელენესა და ზაქარია ანდრონიკაშვილის ქალიშვილი იყო. პოეტს ჰყავდა ორი ძმა, ზაქარია და ილია, და ერთი და, ეფემია, დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.
 
პატარა გრიგოლს წერა-კითხვა ასწავლა ცნობილმა მწიგნობარმა, ანჩისხატის დეკანოზმა, დიმიტრი ალექსი-მესხიშვილმა. შემდეგ გრიგოლი მშობლებმა შეიყვანეს რუსული მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე, მომავალი პოეტი და სამხედრო პირი, გადავიდა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წელს შევიდა იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-1829 წლებში იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებისას.

1831 წელს გაემგზავრა ნოვგოროდში სამხედრო დავალებით. 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი დააპატიმრეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ნოვგოროდში, ბინის ჩხრეკისას იპოვეს შეთქმულთა შორის პოპულარული ნაწარმოებები, ორბელიანის მიერ გადმოქართულებული, რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ და იარალი შანშიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი – „იარალის!“ აგრეთვე დღიურები: „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“, რომელშიც იგი საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობს. სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. 1833 წლის ბოლოს პოეტი გადაიყვანეს ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, მერე ვილნოში (ვილნიუსი). 1837 წელს სამშობლოში დაბრუნდა გადასახლებიდან. შემდეგ წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით, კვლავ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად.

დაპატიმრებამ შეცვალა მისი დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ის ფრთხილი და ვითარებას შეგუებული, რეალისტი ოფიცერი გახდა. თუმცა მისი შემოქმედება მთლიანად რომანტიკულია.

რომანტიზმი გავრცელებული იყო ევროპაში და საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი საფუძველი ეროვნულ ტრაგედიაში უნდა ვეძებოთ. აქ ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა რომანტიზმს, ერის უბედურების გამო დაღვრილი სისხლითა და ცრემლებით გაჟღენთილი. გარდა ამისა, ქართული ბუნება რომანტიკულია თავისთავად. ქართველი სამხედროებისათვის ეს ორმაგად გამძაფრებული იყო, ისინი ხომ თავის სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ. ყოველივე ამას არ შეეძლო მათ ხასიათზე არ ემოქმედა. თუმცა, თავს იმართლებდნენ რომ ქართულ საქმეს აკეთებდნენ, როცა საქართველოს ძველ მარბევართ უსწორდებოდნენ. ალბათ როგორი ჟინით და გაცეცხლებით იბრძოდა, საქართველოს დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ... იმიტომაც, მისი სიმამაცე ყველას ხიბლავდა.

გრიგოლ ორბელიანი 1842 წელს შამილისაგან იცავდა ავარიას. მალე დააწინაურეს. 1843 წელს დანიშნეს ავარიის მმართველად. არა ერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია განახორციელა და არა ერთი სტრატეგიული პუნქტი აიღო. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და დამსახურებების გამო მრავალი ორდენით იყო დაჯილდოებული.

1858 წელს გადმოიყვანეს თბილისში კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. დაინიშნა მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1860-1862 წლებში მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1864 წელს მონაწილეობდა გლეხების გათავისუფლების კომიტეტში. იმ დროს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ყმობიდან გაათავისუფლა რუსეთის იმპერიის გლეხები, თუმცა მიწის გარეშე.

1866 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს. ამის შემდეგ პოეტი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პოლიტექნიკური სკოლის დაარსება, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა).

გაზაფხული
 
ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,
სასიამოდ, საშვებელად,
გაზაფხულით განიღვიძეს!
ნიავი ჰქრის სუნნელების!
მდელო ნაზად აღმწვანდების!
და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.

დრო საამო! როს ბულბული
ვარდსა შესტრფის ეშყით ბმული:
როს სიტურფე, სიხარული
ყოველთათვის აღმოჩნდების;
როს უმეტეს ტრფობის ალი
გულსა შინა აღეგზნების!

გაზაფხულის ჟამს სასურველს
ყოვლი იშვებს, ყოვლი ჰხარობს!
მხოლოდ ჩემს გულს დამწარებულს
ხმა ბულბულის აღარ ატკბობს.
ჩემთვის აღარ ტურფად ვარდი
ჰშლილობს, ჰფშინავს სუნნელებით!
ჩემთვის აღარ განთიადი
აღმობრწყინდეს ნეტარებით!
არ მახარებს დღე ნათელი,
არც ყვავილის ფეროვნება,
ცრემლთ მიმრავლებს გაზაფხული,
მის სიტურფე და მშვენება!

ჩემს უყვარს გულსა დაღრეჯილს,
ცა მოღრუბლული რისხვითა;
როს გრიგალს, ჭექას და ქუხილს
ისმენს ქვეყანა კრძალვითა!
მაშინ სიკვდილსა მდუმარედ
სიამოვნებით მოველი,
რომ მას შევერთდე სამარედ
ვისთვისაც ვიყავ სულდგმული!
ვინც იყო ბედნიერების
ჩემის სიცოცხლის საგანად;

მხოლოდ ცრემლთ სიამოვნების
ვისთანა ვჰსცნობდი სადენად.
რომლის ვიხილე სიკვდილი
და მე კი დავჰშთი ამ სოფლად! -
რომლის სიკვდილმან მე გული
მომიკლა და მჰყო გლახ ობლად.

ამა ურწმუნო სოფლისა
ადრე ვისწავე მუხთლობა:
მისსა ყოველსა კეთილსა
აქვს მხოლოდ წამი მყოფობა,
მის ჟამით არღა მახარებს
არც გაზაფხული მოსვლითა.
და არცა გულსა მიწუხებს
მე იგი თვისის წასვლითა.

1832 წელი, მარტის 28 დღეს, ნასლედნიკის პრინცის პრუსიის შტაბი.