სეულში, ბირთვულ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილი ხვალ სიტყვით გამოვა

  11:02:48     26-03-2012

სამხრეთ კორეაში, დღეს, ოფიციალურად იხსნება ბირთვული სამიტი, რომელსაც  54 ქვეყნიდან მიწვეული დელეგატი დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

სეულში დაგეგმილ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, რომელსაც მსოფლიო საზოგადოება ხვალ მოისმენს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე,  მთავარი განსახილველი საკითხი ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები იქნება. სამიტის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ირანის თემაზეც.

თეთრი სახლის ლიდერი ბარაკ ობამა უკვე გამოვიდა სიტყვით ჰანკუკის უნივერსიტეტში, სადაც საქართველო რადიაქტიული ნივთიერებების წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის  დაასახელა.

სამიტს დაესწრებიან ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები.

სეულში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიოს შესახებ საკუთარ შეხედულებაზე უკვე ისაუბრა და ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ პროგრამებზე მუშაობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საერთაშორისო საზოგადოებისაგან მკაცრ ნაბიჯებს უნდა ელოდნენ.

სამხრეთ კორეაში, ჰანკუკის უნივერსიტეტეში გამოსვლისას, მან ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ თუ ეცდება შორი მოქმედების რადიუსის რაკეტის გამოცდას, მაშინ ის მეტ იზოლაციას უნდა ელოდოს.

ობამას განცხადებით,  დაწესებულმა სანქციებმა ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა „შეანელა“, ირანმა კი სერიოზულად უნდა იმოქმედოს და საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.

ჩრდილოეთ კორეის შესახებ საუბრისას კი ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკას ამ ქვეყნის მისამართით მტრული დამოკიდებულება არ გააჩნია. თუმცა, ფხენიანმა უნდა გააცნობიეროს წლების გამოცდილება და მიხვდეს, რომ დაწესებული სანქციების დროს არსებული ბირთვული სტრატეგია ვერ მუშაობს.

ობამამ ჩრდილოეთ კორეელებს მიანიშნა, რომ აღებული კურსი და პოლიტიკური გზა მათ დამსხვრეულ ოცნებამდე მიიყვანს და უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევიან.

ობამას მწვავე გამოსვლა იმით იყო განპირობებული, რომ ჩრდილოეთ კორეა აპრილის თვეში ახალ „ექსპერიმენტს“ გეგმავს.

ისინი, კიმ ირ სენის ასი წლისთავთან დაკავშირებით, თანამგზავრის გაშვებას გეგმავენ, რომელიც, მათივე მტკიცებით, მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

ამასთან, ფხენიანი ობამას სიტყვით გამოსვლამდე აცხადებდა, რომ თუკი „თეთრი სახლის“ ლიდერს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ  რაიმე ტიპის კრიტიკული გამონათქვამები ექნებოდა, ისინი ამას „ომის გამოცხადებად” აღიქვამდნენ.

სეულში, სამიტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 4 000–მდე ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენელი აშუქებს.