
სკანდალი რუსეთში - თათრეთის შს მინისტრი მანიაკია...
20:49:40     24-03-2012
მორიგი სკანდალი აგორდა თათრეთის რესპუბლიკაში, სადაც ყაზანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა წამებით მოკლეს სერგეი ნაზაროვი.
მაშინ, როცა აღნიშნული შემთხვევა რეზონანსულ საქმედ იქცა და დღეს ყაზანში პოლიციის განყოფილებებში წამების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გაიმართა, ცნობილი ხდება რესპუბლიკის პირველი სამართალდამცველის, თათრეთის შს მინისტრის შეხედულებები, ზოგადად, დამნაშავისა და მისი დასჯის მეთოდებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ გენერალი ასგატ საფაროვი ამართლებს დამნაშავის წამებით მოკვლის მეთოდს.
ერთი თვის წინ საფაროვმა გამოსცა წიგნი, რომელიც მის ქვეშევრდომებს შორის ბესტსელერად იქცა. სწორედ ამ წიგნში იპოვეს ჟურნალისტებმა იმ განუკითხაობის სათავე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ყაზანის პოლიციისთვის დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მინისტრის მიერ ნაკარნახევი ხერხია.
„დაე, ქვები მესროლონ ჰუმანისტებმა, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენაა: როცა სხვას ართმევს სიცოცხლეს, ეს, დამნაშავემ თავისი სიცოცხლით უნდა ზღოს. და ეს ძალიან ჰუმანურიც კია. შუა საუკუნეების სისასტიკეს ლოგიკური ახსნა ჰქონდა - თუკი არ შეიძლება სულწაწყმედილი რამდენჯერმე დასაჯო სიკვდილით, მაშინ, შეიძლება, მაქსიმალურად წამების გზით გამოასალმო სიცოცხლეს“ - ეს ერთ-ერთი ციტატაა თათრეთის შს მინისტრის ასგატ საფაროვის წიგნიდან „ყაზანური ფენომენის დაისი“. თავის მემუარებში გენერალი აღიარებს, რომ განსაკუთრებული სისასტიკის გარეშე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა შეუძლებელია. ფაქტობრივად, მან დეკლარირება მოახდინა იმისა, რომ წამება აუცილებელია.
კიდევ ერთი ასეთი ციტატა საფაროვის წიგნიდან:
„თუკი საშუალოსტატისტიკურ ევროპელს წავაკითხებთ ჩვენთან მომხდარი ამბების დღე-ღამის ქრონიკას, ის შიშისგან გაჭაღარავდება და აღარაფრის გამო აღარ დათანხმდება რუსეთიდან წასულის გვერდით იცხოვროს. იმიტომ, რომ თუ ამ ქრონიკით ვიმსჯელებთ, ჩვენ ყველანი ჭკუიდან შეშლილები და რეციდივისტები ვართ“ - როგორც სჩანს, მინისტრს საკუთარი თავიც ჰყავს მხედველობაში.
საფაროვის ამ შეგონებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოსკოვში, თუმცა ადამიანები, რომლებიც ერთგვარ ექსპერტებად ითვლებიან ამ საკითხებში, ამბობენ, რომ სამართალდამცავ სისტემაში შექმნილი ვითარება იმ წარუმატებელი პოლიციის რეფორმის შედეგია, რომელზეც ტრილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოქალაქეთა ნდობა ფორმიანების მიმართ 1%-ზე მეტით ვერ გაზარდა.
ყაზანის შემთხვევა არც იშვიათ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს. სისასტიკე რუსეთის ფედერაციის მეთელს ტერიტორაზე არსებული პოლიციის განყოფილებებისთვის ჩვეული მოვლენაა. რუსეთის ფედერაციის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა (რომელიც თავის მხრივ, საფაროვის უფროსია) ყაზანში მომხდარ სისასტიკეს, როცა 52 წლის სერგეი ნაზაროვი ბოთლით გააუპატიურეს, „ღალატი“ უწოდა, თუმცაღა მინისტრს ეს არ უნდა გაჰკვირვებოდა.
ყაზანის ინცინდენტამდე იყო კრასნოდარის პოლიციის განყოფილება, სადაც ბარის ტარით წამებამ ტომსკელი ჟურნალისტის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა ამ შემთხევას ხელმძღვანელობის რეაქცია არ მოჰყოლია. უფლებადამცველებს დეტალურად აქვთ შემონახული, როგორ გააუპატიურეს მოსკოველმა პოლიციელებმა დაკავებული ხელკეტით, სოლნეჩნოგორსკელმა თანამშრომელმა 3-ლიტრიანი ბოთლით, როგორი სასტიკი - სიკვდილამდე ცემის მეთოდები აქვთ პეტერბურგელ პოლიციელებს. სარატოვში, მაგალითად, იყო შემთხევა, როცა პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავა, მოკლა და ცეცხლზე დაწვა. მოსკოვში ეჭვმიტანილებს ერთმანეთის გაუპატიურება უბრძანეს, კიროვის ოლქში კი ახლაც ძიებაშია სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ქუჩაში სასტიკად სცემა 6 წლის ბავშვი. და არცერთ ამ შემთხვევას ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელმძღვანელობის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან საფაროვის მსგავსად, ამას რუსულ სისტემაში, ძალიან ბევრი ფიქრობს.