
ალასანიას განცხადება სეპარატისტებმა აიტაცეს
12:35:51     24-03-2012
ირაკლი ალასანიას განცხადებამ სეპარატისტებს სალაპარაკო მისცა. მათ, რა თქმა უნდა, უაპელაციოდ “დაიჯერეს”, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის“, რამაც სოხუმს აჟიოტაჟის საბაბი მისცა და სრულიად საერთაშორისო საზოგადოებას „აგრესორი“ საქართველოსკენ ყურადღების მიპყრობა მოსთხოვა.
ალასანიას განცხადებამ დროულად მოუსწრო სოხუმს, რომელსაც დიდი ხანია არ მისცემია საბაბი, საქართველო „პროვოკაციებში“ დაედანაშაულებინა. ქართველი ოპოზიციონერის მიერ მიწოდებული იდეა კი შესანიშნავი „ჩაწოდება“ აღმოჩნდა იმისათვის, რომ სეპარატისტებს „განგაშის ზარები“ შემოეკრათ, ასევე დაედანაშაულებინათ ქართული მხარე „გალის რაიონში გახშირებულ ინცინდენტებში, რომელიც მსხვერპლს იწვევს“.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „შეშფოთებას გამოხატავს ალასანიას განცხადების გამო. მსგავსი შეიარღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს, რომ საქართველო კვლავ ისწრაფვის გააგრძელოს ტერორისა და დაშინების პოლიტიკა როგორც თავად საქართველოში, ისე მის მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში. ეჭვი არაა, აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფების ქმედება ხელს შეუწყობს რეგიონში სიტუაციის შემდგომ გამწვავებას. ომისშემდგომ წლებში საქართველო იყენებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს დაძაბულობის გასამძაფრებლად და გალში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, მსგავსი ტაქტიკა აფხაზეთის მიმართ ისევ დომინირებს ქართული ხელისუფლების ქმედებაში, რასაც მოწმობს იმ ინცინდენტების რიცხვის ზრდა, რომელიც გალის რაიონში მსხვერპლს იწვევს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეებს ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევას სთხოვს, ევროკავშირსა და საერთაშორისო შუამავლებს კი „საქართველოზე ზემოქმედებისკენ“ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამონათქვამების კომენტირებას, თუმცაღა ოპოზიციურ ლიდერებს მსგავსი შიზოფრენული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომლებიც ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისგან მოდის, მათ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ამომწურავი პასუხი გასცა. ამდენად, ჯობს, ასეთი შიზოფრენული განცხადებების გაკეთებას თავი დაანებონ“ - განაცხადა ვაშაძემ.