ვალერი გელბახიანი ხიდაშელს „უზნეოს” უწოდებს...

  13:49:11     23-03-2012

„ქართული ოცნების“ მიერ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ძებნილობიდან ახლახანს დაბრუნებული ვალერი გელბახიანის შესახებ კომპრომატებს მოაგროვებს. როგორც „პრესა.ჯი“-ს გელბახიანმა განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მის ყურამდეც მივიდა, თუმცა დაჯერება უჭირს.

აღნიშნული ინფორმაცია, უარყო ბიძინას პოლიტიკური მიმართულების მესაჭე თინა ხიდაშელმა და განაცხადა, რომ გელბახიანი მოსიარულე კომპრომატია და მასზე არავის სჭირდება დამატებითი ჯგუფების შექმნა, მასალების მოსაძიებლად.

გელბახიანის მიმართ, პირადი შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები, ხიდაშელმა ერთ-ერთი ბეჭდური მედიაგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ხიდაშელისა და ზოგადად „რესპუბლიკელების“ გაღიზიანება ვალერი გელბახიანის მიმართ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ძებნილი პოლიტიკოსი საქართველოში, ავადმყოფი დედის სანახავად დაბრუნდა. თავის მხრივ, გელბახიანი ამბობს, რომ „რესპუბლიკელები“ მასზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ  თავის დროზე ივანიშვილს ურჩია, ამ პარტიას არ გაკარებოდა.

„არასასიამოვნოა, როდესაც თინა ხიდაშელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის. მე ვაკრიტიკებ მათ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მიმდინარეობას, მაგრამ მათთვის არცერთისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც ვაპირებ“– განაცხადა გელბახიანმა.

- თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვალერი გელბახიანზე დამატებითი კომპრომატების მოძიება საჭირო აღარ არის, ვინაიდან ის თავად „მოსიარულე კომპრომატია“...

-  არ ვიცი რა აქვს მხედველობაში, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. „მოსიარულე კომპრომატში“ თუ იმას გულისხმობს, რომ მე ადრე სხვაგან ვიყავი, თვითონაც ბევრ ადგილას იყვნენ და იქ მოიკითხონ კომპრომატები.  ეგენიც არაერთხელ ყოფილან სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში. სადაც ძალაუფლება და ფულია, იქ საინტერესოა ყოველთვის და მათთვისაც ასე იყო.

- ავრცელდა ინფრმაცია იმის ესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ეიქმნა ჯგუფი,  რომელიც თქვენზე კომპრომატებს მოაგრვებს.

- მითხრეს მეც ამის შესახებ. მე რომ რაიმე ძალას წარმოვადგენდე, ან საფრთხეს  ვუქმნიდე, კიდევ მესმის, რომ აგროვონ ჩემზე კომპრომატები, ან გნებავთ მომაყენონ  პირადი შეურაცხყოფა, მაგრამ მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ჯერჯერობით, არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ ვგეგმავ. ჩემი არაერთი მეგობარი არის „ქართულ ოცნებაში“ და მოდის ჩემთანაც გარკვეული ინფორმაციები. მათ ყველას, ჩემდამი ანტიგანწყობა აქვთ, ვინაიდან  მათ გამარჯვებაში ეჭვი შევიტანე და გამოვთქვი კრიტიკული აზრი. კეთილი სურვილებით რაც მქონდა მათდამი ნათქვამი, ახლა ბოროტად მიბრუნდება. არ ვიცი, რაში ხედავენ საფრთხეებს. ყოველ შემთხვევაში, დრო გამოაჩენს ყველაფერს.

- თქვენ განაცხადეთ,  „არავის ვეხები და ნუ მიწვევენ, თორემ მიიღებენ პასუხსო“. რა იგულისხმება  პასუხში?

- ჯერჯერობით, მართლა  არ მინდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო. თუ ჩავერთვები, ბუნებრივია,  ჩემი რესურსების მობილიზებას გავაკეთებ და არ იქნება ეს მათთვის კარგი საჩუქარი. ჩემს აზრს, ვერც  ხიდაშელი წამართმევს და ვერც სხვა.

გავაფრთხილე, რომ დამანებონ თავი. მათი მხრიდან, ეს უზნეო საქციელია. ისინი არ ჯდებიან ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში.