ოკულტისტი: „ნაგვის ბუნკერში უფრო მეტი სისუფთავეა, ვიდრე ივანიშვილის გარემოცვაში“

  11:01:58     23-03-2012

„ახლა არის საუბარი იმაზე, რომ სამოქალაქო ომი მწიფდება და ა.შ. მსგავსი არაფერი  იქნება. ბუნებრივია, იქნება აქციები და მე ამას ვხედავ, თუმცა მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბრამდეც. გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას იმაზე ადრე ვხედავ, ვიდრე  ეს პოლიტიკოსებს, თუნდაც  სამთავრობო გუნდის წევრებს ჰგონიათ“- ასეთ პროგნოზს აკეთებს „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას იურისტი და ოკულტისტი მაია კეკელია.

-  რამდენად ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები ოკულტისტებს და ძირითადად რა სახის დახმარებას ითხოვენ მათგან?

- პოლიტიკოსების ოკულტისტებითა და ოკულტიზმით დაინტერესება, მათი მომსახურება და დახმარება, არ დაწყებულა ახლა. მოდით, ნუ დავიწყებთ შუადან. ორი პიროვნება იოსებ სტალინი და ჰიტლერი ოკულტისტები იყვნენ. ჰიტლერს სჯეროდა, რომ ის უფრო ძლიერი იყო ოკულტიზმში, ვიდრე სტალინი. ჰიტლერმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სტალინს ოკულტური განათლება ჰქონდა.  შვეიცარიასა და ავსტრიაში, ჰიტლერს ფარული ორგანიზაციები ჰქონდა შექმნილი და ოკულტისტებთან სისტემატიურ შეხვედრებს მართავდა. ჰიტლერს მსოფლიოს დაპყრობა სურდა ოკულტიზმით.

მისი ნიშანი, „სვასტიკაც“, ოკულტური იყო. ბრწყინვალედ იცოდა სტალინმა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი,  პიქტოგრამას ნიშნავს და ისიც ოკულტურია. მაგრამ სტალინი ჰიტლერს იცით რატომ სჯობდა? ხალხმა იცოდა, რომ სტალინს საკუთარი თავის დემატერილიზება შეეძლო, ანუ ოთახიდან ისე გასულიყო, ვერავის დაენახა, სკამისა და მაგიდის ფორმას ღებულობდა.

- ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მასალა  თუ არსებობს, თვითმხილველთა ჩანაწერები ან ვიდეომასალა?

- ფარული მასალა არსებობს რა თქმა უნდა.

- ბიძინა ივანიშვილიც გატაცებულია ოკულტიზმით, მას რუსეთიდან ოკულტური ქვებიც კი ჩამოუტანეს, რაში გამოიყენება ეს ქვები?

- ამეთვისტო, ფირუზი და კიდევ რამდენიმე სახის ქვა დამუხტულია ბუნებაშივე. დღის 12 საათისთვის, როდესაც მზე ყველაზე მეტად დამუხტულია, ქვებს გარკვეული განლაგებით ალაგებენ. ეს ხდება მერიდიანების და პარალელების მიხედვით. ამის მიხედვით სხივების გადაკვეთა ხდება.

 ამ სხივების გადაკვეთის საფუძველზე, ოკულტურ რუკაზე გიჩვენებს პოლიტიკაში რა მიმართულება უნდა აირჩიო. ამ რუკაზე ლაგდება ეს ქვები. რთული გასაგებია, მაგრამ ვისაც ესმის მიხვდება. მაგალითად, მე მინდა რაიმე მაღალ თანამდებობას მივაღწიო, მე ამ მაგიურ მოქმედებაში ვმონაწილეობ, გზა რომ  გახსნილი მქონდეს ყველგან.

- ეს ეხმარება პოლიტიკოსს მიზნის მიღწევაში, თუ უბრალოდ უჩვენებს მიმართულებას, თუ რომელი პოლიტიკური ორიენტაცია  აიღოს?

- არა, იტვირთება მაგიური ძალით და ტელეპატიურად იტვირთება იმით, რაც შენ გინდა. ამას ჰქვია თილისმა. თუ ეს ქვები არა გაქვს, ამ თილისმას ვერ დატვირთავ.

- თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ პოლიტიკური მოვლენები წინასწარ.  როგორი იქნება ქართული პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე?

-  არის საუბარი იმაზე, რომ სამოქალაქო ომი მწიფდება და ა.შ. მსგავსი არაფერი  იქნება. ბუნებრივია, იქნება აქციები და მე ამას ვხედავ, თუმცა მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბრამდეც. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას იმაზე ადრე ვხედავ, ვიდრე  ეს პოლიტიკოსებს, თუნდაც  სამთავრობო გუნდის წევრებს ჰგონიათ. არ არის გამორიცხული, დაიძინო ჩიკაგოს სამიტის წინ და სამიტის შემდეგ უკვე მაპი გვქონდეს. მით უმეტეს ახლა საუბარია, რომ ეს დღის წესრიგშიც არ დგას.

- იმაზე მიანიშნებს ოპოზიცია, რომ „ნებაყოფლობითი რეზერვი“ იქმნება  სწორედ იმისთვის, რომ ხელისუფლება სამოქალაქო ომის დაწყებას გეგმავს...

- სრული აბსურდია. ვიღაცა გამოვიდა, იყვირა და მერე ქუდი დაიხურა, სახლში წავიდა - ეს არ ნიშნავს ქვეყნის გადაბრუნებას. მე ვამბობ, რომ იქნება აქციები, მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი მოვლენები არ იქნება. არც შეიარაღებული დაპირისპირება იქნება. იქნება სერიოზული ბრძოლა გამარჯვებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი. ის უბედურებები, რაც ქვეყანამ გადაიტანა, უკვე დამთავრდა, აღარ განმეორდება.  

- მისცემენ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას?

- მისი მოქალაქეობის საკითხი გაჭიანურდება და ამას დრო სჭირება.

- ანუ 5 აპრილს მას მოქალაქეობა არ ექნება?

- მე ასეთ რამეს ჯერ ვერ ვხედავ.

- 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებულად რომელ ძალას ხედავთ?

-  ხელისუფლებაში არ მოდიან იმ მეთოდებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.

- არ მოდიან თუ ვერ მოდიან?

- არ მოდიან.  როცა მის გვერდით დავინახე ისეთი ადამიანები, მაშინვე ვთქვი, რომ ის წინ ვერ წაიწევდა.  ამ კაცს საშუალება აღარ მიეცემა მილიონების ქვეყნისთვის გამოყენებისა, სანამ მათ არ მოიშორებს.

მოვა ეს კაცი პარლამენტში 25%-ით. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, მას ძალიან გაუჭირდება.  ნაგვის ბუნკერში უფრო მეტი სისუფთავეა, ვიდრე ივანიშვილის გარემოცვაში. მე ის ძალიან მეცოდება, რადგან ამ ხალხის ხელშია. არავისი არ მეშინია, ვერაფერს მიზამენ, ამიტომ ღიად ვამბობ: მეცოდება ივანიშვილი. ნამდვილად აქვს გაკეთებული საქმე ქვეყნისთვის. შეუძლია ქვეყანას კიდევ მოახმაროს მისი ფულის გარკვეული ნაწილი, მაგრამ სვავებით გაივსო მისი სასახლე. არ შეიძლება გვერდში დაიყენო ისეთი ხალხი, რომელთა ორიენტაციაა ფულის წაგლეჯვა. წურბელებივით არიან მიწებებულები მასზე და ყველაფერს ქაჩავენ. მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ ხალხის ასე ახლოს  მიშვება არ შეიძლება, უბრალოდ დაგვიანებული იქნება და ძალინ გაუჭირდება. რა გაუჭირდება იცით? როგორ მოიშოროს ეს ხალხი.

- რუსეთშიც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი, რა პოლიტიკურ პროცესებს უნდა ველოდოთ მეზობელ სახელმწიფოში?

- რუსეთს კარგი ბედი არ უწერია. მე არ ვარ რუსეთის წინააღმდეგი. რასაც ვამბობ იმას ვხედავ უბრალოდ. ის ისეთი დაუძლურებულია უკვე, რომ დიდ ზემოქმედებას ამიერკავკასიაზე ვეღარ  მოახდენს. ამიერკავკასიაში ორი ქვეყანა იქნება მხოლოდ, რომელსაც რუსეთი ვერ დაიმორჩილებს ვერანაირად. ეს იქნება საქართველო და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ძალიან მალე ოფიციალურად განაცხადებს სნგ-დან გასვლას. მისი მიზანია ევროკავშირში შესვლა და იმ ფერხულში ჩამბა, რასაც ქვია საერთაშორისო საზოგადოება.

- საზოგადოების ნაწილი შიშით, ხოლო მცირე ნაწილი ინტერესით ელის 2012 წლის დეკემბერს, როდესაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამყაროს აღსასრული უნდა დადგეს. ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-   მოკლედ რომ გითხრათ, საქართველოს ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პრობლემურია იაპონია, ფილიპინები და ამერიკა. ევროპას ნაკლებად შეუაწუხებს ეს პრობლემა. ციკლი, რომელსაც პლანეტა იცვლის უკვე დაწყებულია და უნდა დასრულდეს 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ ერთი რამის ცოდნაა აუცილებელი -  ის არმაგედონი, რასაც ამბობენ და ვარაუდობენ წარღვნას და უბედურებას, არ მოხდება.