
პუტინი: ტერორი ქვეყნისთვის, ტრამპლინი მილიარდერობისკენ - მეგობრებისთვის...
09:42:48     23-03-2012
რუსეთის ახალი პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას დიდი სარგებელი აქვს იმისგან, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პირველი პირია და ამიტომაც, არ დაუშვებენ ხელისუფლების სხვა პირისთვის გადაცემას - განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა, რუსეთში, ადამიანის უფლებების დარღვევების თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კრამერის თქმით, თუკი პუტინი უარს იტყვის ძალაუფლებაზე, ეს მისი მომხრეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებისა და დაკავებების სერიის ავტომატურად დაწყებას ნიშნავს, ამიტომაც ეს ადამიანები არ დაუშვებენ სახელმწიფოს პირველი პირის პოსტის სხვის მიერ დაკავებას. კრამერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო წლებში, რუსეთში, კორუფცია კიდევ უფრო იზრდება.
„რუსი, ყველაზე მაღალი და დაბალი დონის ჩინოვნიკები, უკანასკნელ წლებში, წარმოუდგენლად ხარბები გახდნენ. ისინი სახელმწიფო ხაზინას თავის საკუთრებად თვლიან“ - განაცხადა კრამერმა. მისი თქმით, პირადი გამდიდრება სხვადასხვა თანამდებობზე მყოფ პირთა მთავარ მიზნად იქცა.
თუკი პუტინის მმართველობის ხანაში მისმა ახლო გარემოცვამ იხეირა, Freedom House-მა დააფიქსირა, რომ ამავე პერიოდში, მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლოების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და საარჩევნო პროცესი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია კი შესაძლებელს ხდის ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მკვლელობებს, ცემასა და დაპატიმრებას.
საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ რუსეთში, ადამიანის უფლებების დარღვევისას, პასუხისმგებლობის არარსებობა და პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა ქმნის ვითარებას, როცა დამრღვევებს უბრალოდ, არა მარტო ეგუებიან, არამედ, მათ მოქმედი რეჟიმის ერთგულების მტკიცებულებად იყენებენ.
ერთადერთ დადებით მომენტად Freedom House-ის პრეზიდენტი ასახელებს იმას, რომ დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებში, მილიონობით რუსეთის მოქალაქემ ხმა მისცა „ედინაია როსიას“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი არასწორად ფიქრობს, როცა ამბობს, რომ დეკემბრის აქციები შეერთებული შტატების ინიციატივით დაიწყო, რადგან რეალური საფრთხე რუსეთს სწორედ ქვეყნის შიგნიდან ემქურება. ამ საფრთხედ კი ის კრემლის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებულ პოლიტიკას მიიჩნევს.
„ყველაზე მთავარი საფრთხე რუსეთისათვის არის კრემლის არაეფექტური პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორი ნაციონალური და რელიგიური პოლიტიკის არარსებობა, უკანონობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებში, ასევე, ეკონომიკის ნავთობის ფასზე დამოკიდებულება მაშინ, როცა არავინ ფიქრობს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე“ - განაცხადა მან.
რაც შეეხება პუტინის მეგობრებს, რომლებიც ამ პრივილეგიით კარგად სარგებლობენ, რამდენიმე დღის წინ, ამის შესახებ რუსული მედიაც წერდა, როცა ცნობილი გახდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღრიცხული მილიარდერების სიის სათავეში, პუტინის მეგობარი გენადი ტიმჩენკო დგას. მანამდე ის ამ პოზიციას მხოლოდ იმის გამო ვერ იკავებდა, რომ ექსპერტებს უჭირდათ შეეფასებინათ მისი რუსული ნავთობის ექსპორტიორი კომპანია ГК Gunvor-ის აქტივები. ტიმჩენკოს სიმდიდრე 24, 61 მილიარდ დოლარად ფასდება იმის წყალობით, რომ აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ექსპორტზე ყიდის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომნეფტისა“ და „როსნეფტის“, ასევე, კერძო კომპანიების „სურგუტნეფტოგაზისა“ და „ტნკ-ბპ“-ის ნავთობის დიდ ნაწილს.
არავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინის მეგობრების მილიარდებიდან გარკვეული წილი, სწორედ პუტინისაა. ეს ადამიანები ორ სხვადასხვა ჯგუფად იყოფიან - ისინი, ვისთან ერთადაც პუტინმა 1996 წელს კოოპერატივი „ოზერო“ დააფუძნა და სანკტ-პეტერბურგელი მეგობრები, როცა ისინი ერთად ძიუდოში მეცადინეობდნენ.
კოოპერატივი „ოზერო“, ლენინგრადის ოლქში, ახალგაზრდა ჩინოვნიკმა პუტინმა დააარსა, თავის მეგობრებთან - კოვალჩუკთან, შამალოვთან, მიაჩინთან, სმირნოვთან, იაკუნინთან და ძმებ ფურსენკოებთან ერთად. დღეს ეს ადამიანები, ტიმჩენკოს მსგავსად მილიარდერები არიან.
მეორე, ე.წ. „ძიუდოისტების“ ჯგუფმაც, პუტინის მმართველობის პერიოდში, არანაკლებ წარმატებებს მიაღწია. სწორედ ამ მეორე ჯგუფში შედის ზემოხსენებული ტიმჩენკოც, რომელიც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე ნაკლებადცნობილი ლენინგრადელი ბიზნესმენი იყო.
„ძიუდოსიტებს“ შორის არიან ძმები როტენბერგებიც, რომლებმაც 2008 წელს ფაქტობრივად, სასტარტო ფასში შეიძინეს „გაზპრომის“ აქციები და შექმნეს კომპანია „სტროიგაზმონტაჟი“. ამ კომპანიამ მაშინვე მოახერხა გაემარჯვა ტენდერში და ხელთ ეგდო რუსეთის ბოლო წლების უმსხვილესი ენერგოსატრანსპორტო პროექტი - ჩრდილოეთის ნაკადი. გარდა ამისა, როტენბერგები აშენებენ „გაზპრომისათვის“ გაზსადენებს სახალინი-ხაბაროვსკი-ვლადივოსტოკი და ჯუბგა- სოჭი.
თუმცა, მეგობრების წარმატებები მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც პუტინის პირდაპირმა ნათესავებმა მიაღწიეს. ბოლო პერიოდში კი კარგად წაუვიდათ საქმეები გაცილებით შორეულ ნათესავებსაც, რომლებიც, ექსპერტების თქმით, ვლადიმერ პუტინს თავისი მზარდი აქტივების გასაკონტროლებლად სჭირდება, რადგან უცხო პირებს ამას ვერ ანდობს.
როგორც ჟურნალისტი იულია ლატინინა წერს, „პუტინის ყველა კარგი ნაცნობი მილიარდერი გახდა. არავინ, მათ შორის, ვინც არ იცნობს პუტინს, მილიარდერი არ გამხდარა“ - წერს ლატინინა.