მოდელირებული ომი ირანთან: საიდუმლო სწავლების შედეგები

  08:19:54     21-03-2012

როგორც New York Times იუწყება,  აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მთელი ახლო აღმოსავლეთი, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისა და მისი სავარაუდო შედეგების  სიმულაცია სცადა.

გასაიდუმლოებული თამაში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარდა. მას Internal Look ეწოდება. გაზეთის ცნობით, სამხედრო სწავლებამ ცხადყო, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე, რეგიონალურ ომს გამოიწვევს, რომელშიც შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხევაში იქნება ჩათრეული. სცენარის მიხედვით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე პირველ შეტევას ისრაელი ახორციელებს. ირანის სავარაუდო  პასუხი იქნება  იერიში სპარსეთის ყურეში განთავსებულ ამერიკულ სამიზნეებზე, რომლის შედეგადაც, შეიძლება, ჩაიძიროს ამერიკული საბრძოლო გემი. ამერიკელების დანაკარგები, სავარაუდოდ, 200 ადამიანით განისაზღვრა.

სწორედ ამის შემდეგ ერთვება ამერიკა კონფლიქტში და იერიში მიაქვს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ამასთან, როგორც გაზეთი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით განმარტავს, ეს არ იყო რეპეტიცია სამხედრო მანევრებისთვის და მოდელირებული ომით, მხოლოდ რეალური კონფლიქტის სავარაუდო შედეგების განჭვრეტას შეეცადნენ. თანაც, Internal Look რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ასეთ სწავლებებს წელიწადში ორჯერ მაინც ატარებს, რათა შეამოწმოს და შეაფასოს, როგორ რეაგირებენ სხვადასხვა რეალურ სიტუაციებზე სამხედრო შტაბები, მათი თანამშრომლები და საკომანდო პუნქტები. Internal Look ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში ტარდებოდა, რათა ამერიკა მზად ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მიერ ირანის ნავთობის საბადოების მიტაცების მიზნით წამოწყებული კონფრონტაციისთვის.

New York Times აღნიშნავს, რომ ჩატარებულმა სწავლებამ გააძლიერა ამერიკის ადმინისტრაციის იმ წარმომადგენელთა პოზიციები, რომლებიც ირანის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის წინააღმდეგნი არიან. განსაკუთრებული შეშფოთება თამაშის შედეგებით არმიის გენერალს ჯონ მატისს გამოუთქვამს, რომელმაც სწავლების დასრულების შემდეგ თავის ოფიცრებს განუცხადა, რომ ისრაელის შეტევა ირანზე სავალალო შედეგებს გამოიწვევს როგორც რეგიონისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის.

როგორც NEWSru Israel წერს, ყოველივე აღნიშნულთან ერთად, სწავლებას არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ირანის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა. საშტაბო თამაშის სცენარის მიხედვით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ დროში გაწელავს: ისრაელის შეტევა ბირთვულ პროექტებს ერთი წლით, შეერთებული შტატების შეტევა კი 2 წლით შეაჩერებს.