საერთაშორისო თანამეგობრობა სოხუმს მივლენილი ტკაჩოვის წინააღმდეგ

  12:53:40     20-03-2012

ქართული მხარე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს - კრანსნოდარის გუბერნატორის, ალექსანდრ ტკაჩოვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტის  წარმომადგენლად დანიშვნის ფაქტი დაგმოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევის ფაქტი.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე - ალექსანდრე ტკაჩევის დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა ერთობლივი საპროტესტო განცხადება შეიმუშავეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, აღნიშნული განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობას გადაეგზავნება.

რაც შეეხება განცხადების შინაარს, მიმართვაში ნათქვამია, რომ პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას - აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს მიმართ, აგრესიული დამოკიდებულებით ცნობილი კრასნოდარის გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნის გამო.

კომიტეტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს - საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის რუსეთის მიერ სრული ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს.  „სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების საბაბით, რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, აფხაზეთის მცოცავ ანექსიას ახორციელებს. ისმის სპეკულაციები ოლიმპიადის დროს, საზღვრის ბიჭვინთამდე გადმოწევის შესახებ, ასევე ახლო წარსულში, ადგილი ჰქონდა სოფ. აიბღას კრასნოდარის მხარისთვის მიერთების მცდელობას.  აღნიშნულ თანამდებობაზე, ტკაჩოვის დანიშვნა მსგავსი პროცესების გაღრმავების შესაძლებლობას ზრდის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს –  არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის მცდელობა – სოჭის ოლიმპიადისათვის მზადების პროცესი მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიისათვის გამოიყენოს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ – არ დაუშვას ოლიმპიადის საჭიროებისთვის ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი გზით, განსაკუთრებით კი, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების უკანონოდ გამოყენება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანანმდებობაზე, ტკაჩევის დანიშვნის ფაქტი, დეპუტატებმა გუშინ გააპროტესტეს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ამ პოსტზე, ტკაჩოვის დანიშვნით, კრასნოდარის მხარესთან, აფხაზეთის მიერთდება ხდება.

აღსანიშნავია, რომ ტკაჩოვის ამ თანამდებობაზე დანიშვნას, აფხაზებიც კი,  ეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება ალექსანდრე ტკაჩევს, ის  კრასნოდარის მხარის გუბერნატორია, რომელიც პარალელურად, რუსეთის ოლიმიური კომიტეტის აღმასკომის წევრია. ტკაჩევი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 11 მარტს მიავლინა.