თენგიზ გოგოტიშვილი: „ნებაყოფლობითი რეზერვი“ ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებში სერიოზული ძალაა
16:07:29     19-03-2012
თავდაცვის სამინისტრო „ნებაყოფლობით რეზერვს“ აყალიბებს, სადაც მოქალაქეები სურვილის შემთხვევაში გაწევრიანდებიან. რეზერვს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია უხელმძღვანელებს. ოპოზიცია მსგავს დაჯგუფებებს შეიარაღებულ ბანდფორმირებების უწოდებს და აცხადებს, რომ ამას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ამასთან დაკავშირებით, „მეოცნებეთა“ რიგებიდან ირაკლი ალასანიამაც გააკეთა განცხადება. პოლიტიკურ ორიენტაცია შეცვლილი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოში სირიის მოვლენების განვითარებას ელოდებიან და სწორედ ამის გამო იქმნება აღნიშნული რეზერვი.
ალასანიას ამ განცხადებას, ქვეყნის პრეზიდენტმა უპასუხა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს სამეგრელოში გადამწვარი სახლები, დახოცილი ადამიანები და ბავშვების მოჭრილი თავების ნახვა სურს, ამას ვერ მიიღებს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნებაყოფლობითი რეზერვი“ ნატოს სტანდარტების მოთხოვნის გამო კეთდება და რომ ეს პროგრამა სხვა ქვეყნებშიც აქტიურად მუშაობს.
„ნებაყოფლობით რეზერვზე“, როგორც პროგრამასა და მისი განხორციელების გზებზე, „პრესა.ჯი“ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თენგიზ გოგოტიშვილს ესაუბრა.
– რას ითვალისწინებს „ნებაყოფლობითი რეზერვი“ და რა როლს შეასრულებს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხში?
– ნატოს ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს რეზერვი. ამ პროგრამის განხორციელება არ ითვალისწინებს აპრიორი ნატოს წევრობას. შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ 300 000 ათასი რეზერვისტი ჰყავს, თუმცა მათ მხოლოდ 18 დღიანი მომზადება არა აქვთ, სისტემატიურად გადიან მომზადებას. ამასთან, მათ სახლებში აქვთ ფორმაც და იარაღიც და იციან, რომ 24 საათის განმავლობაში მზად უნდა იყვნენ, თუკი გამოიძახებენ.
_ ოპოზიციის ნაწილი ამ პროგრამის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებენ, რომ თუ „ნებაყოფლობითი რეზერვის“ ფუნქცია იქნება სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის დახმარება, მათ სახლში იარაღი არ სჭირდებათ...
– ეს არის თავდაცვის სამინისტროს რეზერვი და არა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველა რეზერვისტი იარაღით წვრთვნას გადის და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
– საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე, რომ როგორც არაწევრმა ქვეყანამ განახორციელოს ეს პროგრამა?
– რა ვალდებულებაც გვაქვს ნატოს წინაშე, ეს ყველაფერი გაწერილია წლიურ ეროვნულ პროგრამაში. ეს არის საიდუმლო დოკუმენტი, ამიტომ რომ გითხრათ ჩახედული მაქვს ამ დოკუმენტში–თქო, ტყუილი იქნება. მაგრამ გამორიცხულია, რომ არ იყოს ამ დოკუმენტში რეზერვის მომზადების პროგრამის სრულყოფა. ეს პრობლემა ჩვენ სულ გვქონდა და ვერასდროს ვერ მოაბა საქართველომ თავი ამ სისტემის საჭირო დონეზე მომზადებას. სამწუხაროდ, ეს გამოჩნდა 2008 წელსაც. ამიტომ ბუნებრივია, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია რეზერვის სისტემის სრულყოფა. ის დონე, რაც ამ დრომდე ქვეყანას აქვს არ არის საკმარისი.
– რა პერიოდს მოიცავს „ნებაყოფლობითი რეზერვის“ მომზადება?
– ეს არის მუდმივი პროგრამა. ძირითადად არის მეთაურების პრობლემა. თითოეული რიგითი რეზერვისტი გაივლის რამდენიმე კვირიან წვრთვნას. სამეთაურო შემადგენლობა კი, უნდა იყოს მუდმივი. რეზერვისტი შეიძლება გაუშვა სახლში და მერე მოიყვანო, მაგრამ მეთაური სისტემატიურად უნდა იყოს რეზერვში.
– ეს პროგრამა ჩართულობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს?
– რა თქმა უნდა. ესტონეთში, ამ პროგრამის რეზერვისტები არმიასთან ერთად გადიან მუდმივ წვრთვნას. ლატვიელი რეზერვისტები ავღანეთშიც კი დადიან, იმდენად მომზადებულები არიან. ნამდვილად არ არის ეს ხელწამოსაკრავი ძალა, რადგან ავღანეთში როცა მიდის რეზერვისტი, უნდა იყოს სერიოზულად მომზადებული. ისინი ჩვეულებრივ, სამოქალაქო პირები არიან, უბრალოდ რაღაც პერიოდით ხდებიან სამხედროები.