
ოლიგარქის მარიონეტად ქცეული ჟურნალისტები…
15:07:31     15-03-2012
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჯერ ისევ საკუთარი თავის ძიებაშია. არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, თუმცა ივანიშვილის კოალიცია ჩამოყალიბებას მაინც ვერ ახერხებს. ვერც ტელეკომპანია „მეცხრე არხშია“ დალაგებული ვითარება. ჯერ არგახსნილმა არხმა უკვე რამდენჯერმე შეიცვალა უფროსი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ფულით სავსე ტომრებს ქართველი ჟურნალისტები არ დახარბდნენ, რის გამოც „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებით დაკომპლექტება, თან ისე, რომ ივანიშვილმა მათში აგენტები და ავი სულები არ დაინახოს, პრობლემა გახდა. ამის გამო, ოლიგარქი ხან სად დაატარებს მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს და ხან სად.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მისი პრესსამსახურის თანამშრომელი, იმედა დარსალია ოლიგარქის გარემოცვას ტოვებს და „დამოუკიდებელ“ ტელევიზიაში, „მეცხრე არხში“ ინაცვლებს.
„იგრიკა – მეცხრე არხი“ “ობიექტურობის სიმბოლოდ” უნდა ქცეულიყო. ოლიგარქის განცხადებით, ის იქნებოდა ტელევიზია, რომელიც მაგალითს მისცემდა სხვა ტელეკომპანიებს, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი არხი.
ირაკლი ტრიპოლსკი ასევე ივანიშვილის პრეს სპიკერობიდან „მეცხრე არხში“ „ისროლეს“. ტრიპოლსკის მიაყოლეს დარსალიაც.
ამას გარდა, რიგით ჟურნალისტებად, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიჰყავთ. ამის შემდეგ, მარტივი მისახვედრია, რა დამოუკიდებელი არხიც იქნება „ჩემი ეკას“ ტელევიზია.
ბიზნესმენი „მეცხრე არხის“ ობიექტურობით აპირებდა ქართველების გაოცებას, ქვეყანაში არსებული დემოკრატიით გაკვირვებას კი ევროპას უპირებს. ეს ოცნების ასრულების შემთხვევაში. ჭორვილელი მილიარდერი ისევე გააოცებს ევროპას დემოკრატიით, როგორც ჟურნალისტური სამყარო გააოცა „მეცხრე არხის“ საკადრო ცვლილებებით.
ოლიგარქის ტელევიზიაში „დაიდეს ბინა“ ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა, თამარ რუხაძემ და ნანა ლეჟავამ. დამოუკიდებელ სტუდია GNS–ს ამოფარებული ჟურნალისტები ახლა „მეცხრე არხისთვის“ გააკეთებენ პროექტს, რომელშიც ივანიშვილი სოლიდურ თანხას გადაიხდის.
კულუარებში კი საუბრობენ, რომ „მეცხრე არხის“ რიგითი თანამშრომლის საკითხიც კი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ წყდება. ივანიშვილი იმაზეც ღიზიანდება, როცა მისი „ელჩები“ ტელევიზიიდან რომელიმე ჟურნალისტზე ეუბნებიან, სანდოა, რადგან მეგობრის შვილია, ახლობელია, ვიცნობთ და ვენდობითო. ოლიგარქი არავის ენდობა, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ „ჩემი ეკას“ აზრია, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ, ტელევიზიის საკითხში აზრს არავინ ჰკითხავს.