ფირდოუსის „შაჰნამეს“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
07:03:55     14-03-2012
2012 წლის 15 მარტს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება და ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის დეპარტამენტი, გიწვევთ პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის მიერ ფირდოუსის "შაჰნამეს" ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.
დასაწყისი: 17:30 საათზე,
მისამართი: ნუგზარ საჯაიას ქ. # 8 (ყიფშიძის ქუჩის დასაწყისი)
წიგნში შესულია ბელა შალვაშვილის მიერ დაახლოებით ოთხი ათეული წლის მანძილზე თარგმნილი წიგნები „შაჰნამესი“. ფირდოუსის შემოქმედება საკმაოდ დიდია (105 000 სტრიქონამდე), და ჩემი ინფორმაციით, არც ერთ ერს არ აქვს თარგმნილი თავის ენაზე იმდენი წიგნი ამ დიდი შემოქმედისა, რამდენიც ბელა შალვაშვილმა გვაჩუქა ქართველებს, თავისი დაუღალავი შრომისა და პოეტური ნიჭის წყალობით.
ახალგამოცემულ წიგნში შევიდა „შაჰნამეს“ ეპიზოდები (წიგნები): წიგნის დასაწყისი (სამყაროს, ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები), ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი.
წიგნში მკითხველი იხილავს იოსებს გაბაშვილის მინიატურებს.
პოეტი ბელა შალვაშვილი დაიბადა 1940 წლის 1 აპრილს თბილისში.
1958 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა).
1970-1980 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, რედაქტორად. 1984-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიაში. 1996-2000 წლებში - გაზეთ „ასავალ-დასავალში“.
გამოცემული აქვს კრებულები:
„არდავიწყება“ (1973 წელი, გამომცემლობა ნაკადული); „ლექსები“ (1977 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩუმი ძახილი“ (1979 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „ლექსები“ (1982 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „მზეო, მზეო“ (1983 წელი, გამომცემლობა მერანი); „უსასრულობა“ (1986 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩემი ნაცნობი ჩიტი“ (1986 წელი, გამომცემლობა „მერანი“); „ჩიტები წუხან თავის ენაზე“ (2008 წელი, გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“).
მეფე ხოსრევ ფარვიზი (ნაწყვეტები)
მარადის ცეცხლთან* გოსთაჰმა და ბანდუიმ ცხენით
აფრინეს კაცი ხოსროვთან, რომ ამბები ცხელი -
ეცნობებინათ მისთვის, თუნდაც გვიანი ღამით,
ეს ამბები კი სავსე იყო გესლით და შხამით.
ამასობაში, ცად ამაღლდა ახალი მთვარე,
გადააბიჯა როს გზავნილმა სასახლის კარებს.
ეცნობებინა უნდა შიკრიკს ბაღდადის ჯანყი,
ახალ მეფისთვის და სახეზე ებურა ჯანღი...
ჰრქუა: ამქვეყნად ვინც სიავის გზით იარება,
ვისაც სიმართლე სათოფეზეც არ ეკარება;
მხოლოდღა თვისი აღზევება ვისიც ჟინია,
გაყოყოჩებულს დაცემის რომ არ ეშინია...
თუკი სინათლეს და სიკეთეს აღარ მოველით,
ამგვარ ყოფაში ცეცხლმა შთანთქას დაე, ყოველი...
როცა მშობელმა ჩემი სისხლის ისურვა დაღვრა,
გამაჩერებდა, თვით განსაჯეთ, ირანში რაღა!...
ახლა კი მზად ვარ, მამაჩემის ყოველი სიტყვა
დაუყოვნებლივ შევასრული, რაც უნდა ითქვას!
ცეცხლი მწვავს, ცეცხლი, მსურს ახლავე გავიჭრა ველად
და ჩემი ლაშქრით მშობელს მალე მივაგო შველა.
არდებილიდან თუ ბარდიდან რაზმები იძრა,
შეჭირვებულის შველის ჟინმა იძალა დიდმა.
არმინიესთან შეუერთდათ რაზმები მრავლად, -
იმათი ქროლვა ველზე ქარის ქროლვასა ჰგავდა.
ხმა მიწვდა ბაღდადს: მოისწრაფვის მემკვიდრე ტახტის,
წუხილს ზეობად შეგვიცვლისო, ბედნიერს გაგვხდის.
ცნობითა ამით ქალაქს უცებ დაეტყო ვანი,
თვითონ ჰორმოზდსაც სიხარულის დაუდგა ხანი.
მათ შესახვედრად გამოდიან დიდებულები,
ღირსეულები და ღირსებით დაღდასმულები.
ახალ მეფისთვის ტახტი მოაქვთ, გვირგვინი ელავს,
ძვირფასეულის ბზინვარება აბრმავებს მზერას.
აგერ ხოსროვიც... მამის ტანჯვით, აჩნია დაღი, -
თვალდათხრილია ახლა იგი, ოდესღაც ლაღი.
ფიქრობს: რა არის კაცის ყოფა, - უწყის არავინ,
რას გიწყობს ბედი, - მოქმედი და დაუღალავი.
ერთს რომ მიუძღვნის ბედი მეფის ტახტსა და გვირგვინს,
სხვას შუა ზღვაში უმოწყალოდ მოისვრის იგი.
სულთქმა და უში გაუმრავლა თრთოლვა-წუხილმა,
ვერ ჩასწვდომია, კაცისაგან რა სურს უხილავს.
ერთს სიმდიდრეს და ფუფუნებას უხვად მიაგებს,
ფარჩას, დიბასა თუ ოქსინოს... სხვას კი - სიავეს...
საბოლოოდ კი ყველაფერი იქცევა ნაცრად, -
აღზევებულს თუ დანარცხებულს შერჩება არცრა.
არ მიხედავენ ბრძენკაცები ქვეყანას თუკი,
პატიოსნებაც და ღირსებაც იქნება ფუჭი.
დაისადგურებს ბოროტება დედამიწაზე, -
რაც ხამს იწამოს სულიერმა, აღარ იწამებს.
გათანაბრდება მეფე ყმასთან, სიკეთეს მოსპობს
ბედი... ახლა კი, მოდი, ერთად მივხედოთ ხოსროვს.
2
დაჯდა ხოსროვი ოქროს ტახტზე** დედებულებმა
დაუდგეს ტახტი. და იელვა სხივმა ულევმა.
მოაბადთ ეტყვის: ვისაც ტახტი რგებია, ვიცი,
თვით ღმერთის ნებით ნაშობია, არ უნდა ფიცი.
დაე, სიმართლე იყოს ჩემი გზის გამკვალავი,
დაუხმარებლად უპოვარი დამრჩეს არავინ.
ჩემი გონება არ იკარებს სიავის მაგვარს,
დე, უმადური არსებობდეს ამქვეყნად აღარ.
ჩემთვის იეზდანს მოუცია ძალაუფლება,
შემწედ არ ვექნე დაჩაგრულებს, არ მაქვს უფლება.
უნდა მომანდოთ მთელი გული, არსება მთელი
და სამ საქმეში აღთქმა მომცეთ მართალი, წრფელი.
ნუ გამოიჩენთ თავს ოდესმა მეფის ურჩობით,
კეთიმოსურნეს არ არჩიოთ ვინმე უცნობი.
სხვათა მიღწევა არ უარყოთ თქვენი ვალია,
თორემ ბედი რომ ავს მოგაგებთ, გარდუვალია.
ვინც მიტომ ცოცხლობს, უპასუხოს სიკეთეს კრულვით,
სხვისი წინსვლითაც ვისაც მუდამ უსკდება გული...
უწყოდეთ, ღმერთი ამისთანებს პასუხობს ავით,
ბოროტი დაგმეთ, სიკეთის ქმნას დაუდეთ თავი;
ვის არსებაშიც ცოცხლობს კარგი ადამიანი,
გონების ფასიც უწყის იმან, არის მზიანიც...
თუკი სიმართლეს მოსარჩელედ არ დაუდგები,
ტახტიც, გვირგვინიც, თვით მეფისთვის არის ურგები.
გულუხვი კაცი ღირსეული მოდგმისა არის,
მისი მართალი სიტყვა არის ხმალიც და ფარიც.
მინდა აღგითქვათ: შემწეობას მოგაკლებთ არცროს,
სხვაგვარი ქცევა, ხალხის თვალში მეფესაც ამცრობს.
ვინაც ისმინა ხოსროვისა, შეაქეს ფრიად, -
ტახტსა და გვირგვინს იეზდანი გიქცევსო მზიანს.
მეფის სიტყვებმა გაალაღა მსმენელი მისი,
ტახტს ულოცავდნენ. გადეყარათ გულიდან ნისლი.
აჰა, ხოსროვიც განმარტოვდა როგორაც იქნა,
არ დააძინა მხოლოდ ტანჯულ მამაზე ფიქრმა.
-----
* - ტაძარს, სადაც მარადი ცეცხლი ანთია, აზარგოშასფი ჰქვია (მთ. შენ.)
** - ხოსროვი გვირგვინით შეამკეს 590 წელს (მთ. შენ.)