გვატემალელ სამხედროს, 6060 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

  06:57:54     14-03-2012

გვატემალას სასამართლომ, 55 წლის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, პედრო პიმენტელს, 30 წლის წინანდელი დანაშაულის გამო, 6060 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც სასამართლომ დაადგინა, პიმენტელმა კიდევ 20 სამხედროსთან ერთად, 1982 წელს, სამოქალაქო ომის დროს მიიღო ბრძანება - მოეძებნა იარაღი, რომელიც ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან გაიტაცეს. იარაღის ძებნისას, პიმენტელის რაზმი სოფელ ლას-დოს ერესში მივიდა, სადაც, როგორც ჩანს, ინფორმაციის მიღების მიზნით მათ ადგილობრივები შეიპყრეს, რომლებიც შემდეგ სასტიკად აწამეს: თვალები აუკრეს, ნაწილი დაახრჩვეს, ნაწილი კი კუვალდის ცემით მოკლეს. შედეგად დაიღუპა 201 ადამიანი, მათ შორის, ერთი ახალშობილი. მოკლულთა გვამები ჯარისკაცებმა ჭაში ჩაყარეს.

პიმენტელს დაუთვალეს და ყოველ მოკლულზე 30-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, კიდევ 30 წელი კი სამხედრო დანაშაულისთვის მიუსაჯეს.

ბრალდებული ამ სისასტიკეში მონაწილეობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ როცა მასობრივი მკვლელობები მიმდინარეობდა, ის პანამაში შვებულებაში იყო. თუმცა დამაჯერებელი მტკიცებულებები მან ვერ წარადგინა.

პიმენტელი უკვე მეოთხე ადამიანია, რომელიც ლას-დოს-ერესში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვისთვის გაასამართლეს.

სულ, სამოქალაქო ომის დროს, გვატემალაში, 1960-1996 წლებში მოკლულ იქნა 250 ათას ადამიანზე მეტი, აქედან დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქლაქე იყო. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ მეტნაკლებად ცნობილ ოფიცრებს და საველე მეთაურებს, რომლებიც მასობრივი მკვლელობების „პრაქტიკას გადიოდნენ“.

თუმცა, მთავარ ბრალდებულად ითვლება გადამდგარი გენერალი ეფრაინ რიოს მონტი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იყო სამოქალაქო ომის ყველაზე მეტად სისხლიან პერიოდში - 1982-1983 წლებში. დიქტატორს სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ. მას ბრალი ედება მაიას ტომის 1700 წარმომადგენლის განადგურებაში,  რომლებიც გენერლის აზრით, მაშინ, ამბოხებულებთან თანამშრომლობდნენ.

85 წლის მონტიც უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ვერანაირად ვერ გააკონტროლებდა სიტუაციას ჯუნგლებში, თუმცაღა მას ამინისტიაზე უარი უთხრეს და სასამართლო პროცესი ისევ გრძელდება.