
კრემლი, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ქართული მხარის მტკიცე პოზიციამ გააღიზიანა...
17:45:15     13-03-2012
რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება სურს, მაგრამ ხელს, თურმე, საქართველო უშლის, თანაც იმით, რომ ამ წინადადებას აპლოდისმენტებით არ ხვდება და მოსკოვის ყველა პირობას უსიტყვოდ არ ასრულებს.
დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, როცა „უკეთილშობილესი მოსკოვისა“ და „ცუდი თბილისის“ წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა.
რუსეთის საგარეო უწყება „დაჟინებით ითხოვს“, საქართველო დათანხმდეს მოსკოვთან
„ურთიერთობების გაუმჯობესებაზე“, მხოლოდ, ისე, რომ არ დადგეს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობის” აღიარების გადახედვის საკითხი.
„ჩვენს პასუხად ქართულმა მხარემ კვლავ წამოაყენა პირობა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ. ასე რომ, თბილისი არ აპირებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და საქართველო იმაში დაადანაშაულა, რომ ეს უკანასკნელი „ურთიერთობების გაუმჯობესებით არაა დაინტერესებული“.
მოსკოვს არც თბილისის ის პასუხი მოსწონებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების შემოთავაზების შემდეგ აქედან შეუთვალეს: „ამაზე მივიღეთ პასუხი, რომ რუსეთს, შეუძლია მიბაძოს საქართველოს მაგალითს და ვიზები ცალმხრივ რეჟიმში გააუქმოს“. მოსკოვისთვის ეს პასუხი „არაადექვატური“ აღმოჩნდა, რადგან თურმე, საქართველომ აქაც უნდა გაითვალისწინოს, რომ თვითონ „არცთუ დიდი ქვეყანაა“, რუსეთი კი მისი „მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია“.
„ეს პასუხი არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურად, რადგან საქართველოს, ცალხმრივად, უვიზო რეჟიმი ასობით სახელმწიფოსთან აქვს. ასეთია არცთუ დიდი ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომლებიც ტურისტების მიზიდვას ცდილობენ. თუმცა იმ შემთხვევებში, როცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან იგივე ნაბიჯი გადადგან, ეს კეთდება ფორმალური ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“ - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ „სწორედ ასეთი ცივილიზებული გზა შესთავაზა რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს. სამწუხაროდ, აღნიშნული წინადადება უარყოფილია“.
შეგახსენებთ, საქართველომ ყოველგვარი პირობებისა და პოლიტიკური ვაჭრობის გარეშე მიიღო რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება, თუმცა განაცხადა, რომ ვიდრე არ მოხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.