
ალასანიას პანღური ივანიშვილს...
15:09:55     13-03-2012
ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქის გამოჩენიდან, სულ რამდენიმე თვე გავიდა და უკვე ზუსტად შეიძლება თქმა, რომ ყველა ის პროგნოზი გამართლდა, რასაც საზოგადოების ნაწილი დასაწყისშივე ვარაუდობდა.
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, ფულმა, პოლიტიკური ძალაუფლება კი არა, პირიქით, მთელი რიგი პრობლემების გროვა დაუხვავა, რომელთა მოგვარებაც, ამ დროისათვის, მის ძალებს მთლიანად აღემატება. სიტუაცია კი ივანიშვილის კონტროლიდან დიდი ხანია გამოვიდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ კალაპოტში არც არასდროს ყოფილა.
სოლოლაკის სასახლის კარზე, ამ დროისათვის, დიდი დომხალი და უწესრიგობაა, რომელსაც ბიძინას, როგორც პოლიტიკური პერსონის სისუსტე და გარემოცვის სიჭრელე თუ ამბიციურობა განაპირობებს.
უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კლანი, რომელნიც საკუთარი ფავორიტი ლიდერების ირგვლივ დაჯგუფდნენ. თუმცა, თავად კლანების შიგნითაც მიმდინარეობს ლოკალური შიდა ბრძოლები.
მათ შორისა, ალასანიას ჯგუფი, რომელსაც პირველობისა და ფულებისათვის ბრძოლას დანარჩენები ეცილებიან. ალასანიამ, სხვების დახმარებით, ოლიგარქი პროცესებს მიღმა გააპანღურა. თუმცა, ყველაზე აგრესიულ და ეჭვიან კატეგორიად მაინც „რესპები“ რჩებიან, რომელთა სიხარბემ შკალის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის სისუსტე და პროცესების მართვის ხელოვნების არცოდნა, მილიარდერის გარემოცვისადმი დამოკიდებულებას, ფაქტობრივად, მონობას განაპირობებს.
ეს ფაქტი გუშინდელ ინტერვიუში „პრესა.ჯი“-თან მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმაც დაადასტურა, კერძოდ, მან განაცხადა, რომ ოლიგარქი სხვების აზრებს ახმოვანებს და სრული მარიონეტის როლს გაუცნობიერებლად და მონური მორჩილებით თამაშობს.
ბიძინას გარემოცვის სიჭრელე კი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, რეკორდებს ხსნის. საქართველოს უახლესი ისტორია, განსხვავებული იდეოლოგიების მქონე პოლიტიკური სუბიექტების ერთ კოალიციაში ყოფნით ასე თუ ისე, განებივრებული იყო, თუმცა, ოლიგარქმა ამ კუთხით სრული ჩემპიონობა მოიპოვა.
ვის აღარ შეხვდებით მილიარდერის კარზე: რესპუბლიკელს და მონარქისტს, მემარცხენეს და მემარჯვენეს, კონსერვატორს და ლიბერალს, წესით და რიგით, ერთმანეთისადმი დანა-სისხლად გადაკიდებულ პოლიტიკოსებს, რომელთაც სხვა არაფერი აქვთ საერთო, გარდა ბიძინას სქელი ჯიბისაკენ, გაფართოებული თვალებით მიმართული ხარბი მზერისა.
კლანები, მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ბიძინასთან საერთოდ, სიმბოლურადაც აღარ ათანხმებენ და მთელ რიგ პროცესებს მის ზურგს უკან მართავენ.
ოლიგარქი კი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა მათი „ხელფასების“ აღების დრო დგება. ამ ყველაფერს, ივანიშვილი ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ უწევს და, ფაქტობრივად, გარემოცვის მძევლად არის გადაქცეული, რომელიც მის გათავისუფლებას, „სრულად გამოწურვამდე“ აშკარად აღარ აპირებს...