სეულში, ბირთვულ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა

  13:31:15     13-03-2012

სამხრეთ კორეაში, სეულში, თვის ბოლოს, ბირთვულ სამიტზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. 

ამის შესახებ, პარლამენტში „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ - ნინო ენუქიძემ განაცხადა.

ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის და ევროკომისიის ექსპერტების მისიების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და ის ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (რომლებიც ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან) სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, ასევე, პროექტი  ბირთვულ და რადიაქტიულ საქმიანობებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს ადგენს.  კანონპროექტის მიზანია, ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი, თვის ბოლოს, სამხრეთ კორეაში, სეულში დანიშნულ ბირთვულ სამიტამდე უნდა იქნას მიღებული, რადგან სამიტზე სიტყვით გამოსვლას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს.

„გვინდა, რომ ამ მნიშვნელოვან სფეროში სპეციფიკური თემები კარგად დარეგულირებული გვქონდეს, როგორც ამას ამერიკელი და ევროპელი კოლეგები გვირჩევენ. რეკომენდაციები წლების განმავლობაში იდებოდა, მოქმედი კანონი კი მოძველებული იყო. შესაბამისად, კანონპროექტი ამ დარგში გამოცდილი ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ინიციატივით არის შემუშავებული. 1998 წელს, მიღებული კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, რეალობას არ შეესაბამება, მასში პროცედურები გართულებულია. დღევანდელი კანონი ისე არის მოძველებული, რომ ის სამინისტროები, რომელიც მასში არის ნახსენები, ბუნებაში აღარ არსებობს”, - განაცხადა ენუქიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ფუნქციები სხვადასხვა სამინისტროებშია გადანაწილებული და ძველი კანონის პრობლემა  ის იყო, რომ კანონქვემდებარე აქტების მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.

“მაგალითად, რადიაციული ფონის დასაშვები ზღვრული ოდენობა არსებობს, ამის დამდგენი ორგანო არ ფუნქციონირებს. ახლა ჯანდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამას მოაწესრიგებს. კანონში პროცედურები ნაბიჯ–ნაბიჯ არის გაწერილი.  ერთ–ერთი მთავარი საკითხი ის არის, რომ მოქმედი კანონი ბირთვული და რადიაციული ნარჩენების ტრანზიტისა და ქვეყანაში მისი შემოტანის საკითხს ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის კოდექსის 230 მუხლით, ეს დანაშაულია. ასევე, მოქმედებს ცალკე კანონი – „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ.“ ის პირდაპირ კრძალავს ქვეყანაში ნარჩენის შემოტანას“, - განაცხადა ენუქიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირას დაამტკიცებს კიდეც.