დუტუ მეგრელის „მტარვალს“

  11:08:01     13-03-2012

1938 წლის 13 მარტს გარდაიცვალა უკვდავი ლექსის, „პატარა ქართველის“ ავტორი, დუტუ მეგრელი. დაკრძალული იყო ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დუტუ მეგრელი, ასე იცნობს მას მისი სამშობლო, ფსევდონიმია. მას დიმიტრი თომას ძე ხოშტარია ერქვა. დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წლის 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში (დღევანდელი აბაშის რაიონი). მისი მეუღლეც ცნობილია ქართველებისათვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია.

მამა, რომელიც ადრე გარდაეცვალა, სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. ოჯახს უჭირდა და ამიტომ დიმიტრის დედა, შვილითურთ, ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში, ხარაგაულში. შემდეგ, შალვა დადიანის მამის, ნიკო დადიანის ოჯახს შეაფარა თავი. ამ ოჯახში ძალიან უყვარდათ ქართული მწერლობა, რამაც საკმაო გავლენა იქონია ობოლ დიმიტრი ხოშტარიაზე.

მომავალი მწერალი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ლექსების წერა გიმნაზიაში სწავლისას დაიწყო. მისი პირველი ლექსი 1888 წელს გამოქვეყნდა სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში”. 1891 წელს ქუთაისის კრებულში „ცდა", დუტუ მეგრელის ფსევდონიმით დაიბეჭდა მოთხრობა „შვილი და დედა".

შემდეგ სახელმწიფო ხარჯზე იურისპრუდენციას სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში. ოდესაში სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მასაც მძიმე მატერიალური პირობები ჰქონდა.

1892 წელს გამოვიდა მწერლის პირველი წიგნი "სურათები ჩვენი ცხოვრებიდან". 1893 წელს გამოიცა ლექსების კრებული "ცრემლები", რომელიც საზოგადოებამ და კრიტიკამ გულთბილად მიიღო.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში და სამსახური დაიწყო გადასახადების ინსპექტორად და საგუბერნიო საქმეთა საკრებულოს წევრად, ყარის ოლქში და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.

ქართველი მწერალი შეძლებისდაგვარად იცავდა ადგილობრივი მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს. ამის გამო სამსახურიდან კინაღამ დაითხოვეს.

ამ პერიოდში, 1901 წელს შეიქმნა დუტუ მეგრელის პოპულარული ლექსი "პატარა ქართველი".

ლექსი „პატარა ქართველი“ და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია იაკობ გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“. "ქინაქინა" შესულია "ქართულ საყმაწვილო მოთხრობაში" და სხვა.

1917 წელს დიმიტრი ხოშტარია საცხოვრებლად გადმოდის თბილისში. მუშაობას იწყებს საგანგებო საქმეთა მოხელედ, განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში.

შემდეგ მსახურობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამართლოს წევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მიხეილ ხოშტარიამ სამსახური დაიწყო განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, საფინანსო კომისარიატში. შემდეგ გადაიყვანეს უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

მწერალი მოთხრობებისა და ლექსების პარალელურად წერდა პოემებს და პიესებს. აქვეყნებდა პუბლიცისტურ და თეორიული ხასიათის წერილებს ლიტერატურაზე. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დუტუ მეგრელმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა დეკადენტიზმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მთელს მსოფლიოში პოპულარული იყო. დუტუ მეგრელი ცდილობდა აეხსნა რეალისტური შემოქმედების ხასიათი და მნიშვნელობა. მისთვის მიუღებელი იყო ფორმალიზმი და ნატურალიზმიც. ის ორივე უკიდურესობას აკრიტიკებდა, რომელიც მოძალებულიყო იმ დროს ხელოვნებაში.

გავიხსენოთ მისი ლექსები „მტარვალს“ და „დიმიტრი ყიფიანს“. დუტუ მეგრელის შესახებ სხვა დროსაც გვექნება საუბარი.

მტარვალს

შორს, არაწმინდავ, შორს, მავნე სულო,
სულო ბოროტო, სულო მაცდურო!
ზეცის ძალთაგან დევნილო, კრულო,
და ჯოჯოხეთის მონავ, მსახურო!
შორს, შორს, წყეულო, იგიცა კმარა,
რაც აქამომდე მტანჯე, მაწვალე,
აწ კი ტყუილად არა მითხრა-რა,
შენ აღარ გმონებ, გამოვიცვალე!
წავიდა ის დრო, შენსა ბრძანებას
რომ ვასრულებდი შიშით, კანკალით;
წავიდა, გაჰქრა და დავიწყებას
მიეც, რაც იყო: აწ ვერა ძალით
ვერ დამიმონებ, ვეღარ მომხიბლავ!
აქამდისაც თუ გმონებდი, მისთვის,
რომ ერთობ სუსტი ქმნილება ვიყავ;
ახლა სულ სხვა ვარ: ახლა ღმერთს ჩემთვის
სხვა ვინმე სული მოუგზავნია,
ტურფა, უმანკო, ანგელოზთ დარი,
მეც იმას ვმონებ დიდი ხანია
და იმით ვცოცხლობ, აქამდის მკვდარი,
შენ კი, მტარვალო, შორს გამეცალე
და აღაროდეს არ მომეკარო;
ისიც კმარა, რაც მტანჯე, მაწვალე,
აწ კი დრო არის, მეც ვინეტარო!

დიმიტრი ყიფიანს

როცა ჩვენი მწარე ხვედრი
გულს მიწუხებს და მიწყლავს სულს,
ეჭვით ვუმზერ მომავალსა
და ვიგონებ შურით წარსულს, –

მაშინ თვალწინ მეხატება
სახე შენი, მადლიანი;
შენგან სიმხნით განვლილი გზა,
სახიფათო, ეკლიანი,
და ვიძახი: "იგი ერი
არ მომკვდარა, არც მოკვდება,
ვისაც შვილი ამისთანა
ჰყოლია და ეყოლება!"