
გია თორთლაძე: ივანიშვილი უცოდინარი პოლიტიკოსია, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს…
11:00:26     13-03-2012
ოპოზიციონერი დეპუტატის, გია თორთლაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ „რუსული ოცნება“ უნდა ერქვას, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე გაერთიანებული ძალები, იმ ღონისძიებებს ატარებენ, რის განხორციელებაზეც, კრემლიც კი ვერასოდეს იოცნებებდა. მისი თქმით, ივანიშვილი დაინტერესებულია ფსიქოანალიზით და არა ქვეყნის ეკონომიკითა და ჯანდაცვით. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პერსპექტივას, დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილი მონოლითურ ერთობას ვერ შექმნის, რადგან ის ყველას ეჭვის თვალით უყურებს. კანონმდებელი, საერთოს, ნინო ბურჯანაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორისაც ხედავს და აცხადებს, რომ „ორივენი ერთი მუსიკის ქვეშ, რუსულ გარმონზე უკრავენ, მაგრამ ერთი გაკოტრდა და მეორეზე ფსონს - კრემლი დებს“. ივანიშვილის პოლიტიკურ ქმედებებთან დაკავშირებით, - პრესა.ჯი-ს კითხვებს - გია თორთლაძე პასუხობს:
- პოლიტიკურ არენაზე, ორ მოთამაშე, კონკურენტ ძალად - „ქართულ ოცნებასა“ და მმართველ გუნდს განიხილავენ, რატომ რჩება სხვა პარტიები ყურადღების მიღმა?
- თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკაში პროცესებს, მხოლოდ ეს ორი ძალა მართავს, ძალიან ცდება. ივანიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი კონკურენტი მხოლოდ ხელისუფლებაა, მაგრამ ასეთი ამბიციური განცხადებების გაკეთება - თვითრეკლამაა და მცდელობა იმის, რომ ეს იდეა, ხალხში დანერგონ. სხვათა შორის, ამ მეთოდს, ხშირად სპეცსამსახურებშიც მიმართავენ, როცა ისინი ცდილობენ, რაიმე მოსაზრება საზოგადოებისთვის საყოველთაო გახადონ. მართალი გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ ქართული კი არა „რუსული ოცნება“ უნდა ერქვას. მაგათ „ქართულ ოცნებას“ არასოდეს დავუძახებ, რადგან რაზეც რუსეთი ვერ იოცნებებდა, ესენი იმ ღონისძიებების გატარებას ცდილობენ.
როგორც ჩანს, რუსეთმა დასკვნა გამოიტანა, რომ ისეთ ძალას უნდა დაეყრდნოს, რომელსაც ხმაურიანი სახელი ერქმევა, სადაც სიტყვა - ქართული იქნება ნახსენები. „ქართული პარტიაც“ ხომ ამ მიზნით შეიქმნა? კრემლს რატომ აღარ უნდა ბურჯანაძე? - გაშიფრული ძალაა და ამიტომ. მოსკოვს ურჩევნია, ფსონი ისეთ ძალებზე დადოს, რომლებსაც თითქოს პროდასავლური იერი აქვთ, მაგრამ როცა პოლიტიკოსი კონფედერაციაზე საუბრობ და სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთობაზე აკეთებ აქცენტს, რა უნდა თქვა? - სეპარატისტთა დამოუკიდებლობა არცერთი ქართველის ოცნება არ არის, რადგან ჩვენი მიზანი ევროსრუქტურებში ინტეგრაციაა და არა კავშირი - პუტინთან, ჩრდილოეთ კორეასთან და უგო ჩავესთან.
სოხუმისა და ცხინვალის „აღიარებაზე“ საუბარი - ქვეყნისთვის დამანგრეველი და ძირგამომთხრელი სამუშაოა, რომელიც კანონით უნდა ისჯებოდეს. ივანიშვილი დაინტერესებულია ფსიქოანალიზით და არა ქვეყნის ეკონომიკითა და ჯანდაცვით, ის პოლიტიკიდან სრულიად ამოვარდნილია, რადგან ამბობს, რომ თურმე, პოლიტიკაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ტელევიზორის ყურება დაიწყო - ეს ხომ სასაცილოა. მცდელობა აქვთ, რომ ხელისუფლების ალტერნატივა არიან, მაგრამ ესენი არიან იმ იდეის მატარებელნი, რომელსაც საქართველოში განმხორციელებელი არ ჰყავს. მართალია, საწყის ეტაზე, ნებისმიერ პარტიას, მაღალი რეიტინგი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იკლებს, თუმცა, ივანიშვილს ურჩევნია, ახალი კვლევის შედეგები ნახოს.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს, რეიტინგი აღარ აქვთ?
- ჩემს გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე დგანან და მათ ივანიშვილთან დაკავშირებით, გარვეული მოლოდინები ჰქონდათ, მაგრამ როცა მას მოუსმინეს, მის გამონათქვამებზე იცინეს. თურმე, ივანიშვილს ბარათაშვილი უყვარს, მაგრამ მისი ვერცერთი ლექსი ვერ დაიმახსოვრა. ის ფროიდის ნაშრომებზე საუბრობს, რაც ჯანსაღი ადამიანის განცხადებები არ არის. ვინც რელიგიურია მინდა მივმართო - ფროიდის მოძღვრება, პირდაპირ სექსუალურ მიმართულებას ეყრდნობა, რაც რელიგიასთან წინააღმდეგობაშია. ეს თეორიები და მეცნიერება, ჩვენი ტრადიციებისთვის მიუღებელია და ამას ხალხი უნდა დაუკვირდეს.
რაც შეეხება ივანიშვილის ნაშრომებს, რას წერს - არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ის წიგნის დაწერას აპირებს, შემდეგ თქვა, რომ წერას დიდი დრო უნდაო, ბოლოს კი დასძინა, რომ უკვე დავწერეო - ანუ, ერთ გადაცემაში წიგნის წერაც დაიწყო და დაამთავრა კიდეც. ეს ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის განცხადებები არ არის. ცნობილია, რომ მის გაერთიანებას ხალხი ტოვებს, ამისი ნათელი დასტურია - რატი ამაღლობელისა და ნანა დევდარიანის გადაწყვეტილება. ამას გარდა, ივანიშვილის ორბიტაზე, ადრე, აქტიურად ეკა ბესელიაც ჩანდა, მაგრამ ის ახლა მეცხრე ეტაპზე გადავიდა. ივანიშვილი ყველას ეჭვის თვალით უყურებს და ის მონოლითურ ერთობას ვერ შექმნის, იმიტომ რომ ეჭვით ყურებას ბევრი არ აიტანს და მას ყველა თავმომწონე ადამიანი დატოვებს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გაერთიანების წევრი სალომე ზურაბიშვილი გახდება, თუმცა, არა მისი პარტია - „საქართველოს გზა“. რას ნიშნავს, მხოლოდ ლიდერების შერჩევა?
- ადრე ვთქვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს ყიდულობს და ეს დაუშვებელია, თუმცა, ფაქტია, რომ ის პარტიებიდან, მხოლოდ ლიდერებს ყიდულობს. ზოგს მილიონად და ზოგსაც ასი ათასად. ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახერხებს. ერთია, რომ მათ ამით იმონებს, მაგრამ მეორეა, რომ ნაყიდი პოლიტიკოსები მას ვერ შეეპასუხებიან. აკვიატებულ იდეებს თუ შეეპასუხებიან, მაშინ ისინი ფულსაც დაკარგავენ და ყველაფერს. ამიტომ ივანიშვილის გუნდის წვერები ამბობენ, რომ მათი ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია.
- რაც შეეხება ნინო ბურჯანაძისა და ივანიშვილის ურთიერთობას, ისინი ერთმანეთს ხან აკრიტიკებენ, ხან - პირიქით. რაზე ვერ თანხმდებიან?
- „სახალხო კრება“ არაფერს წარმოადგენს და არაფრის გამომხატველია, მით უმეტეს რა სახელიც დაირქვეს. ამ გაერთიანებაში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა, მაგრამ ვინც, ივანიშვილის გუნდში მოიაზრება, მათ ეს ხალხი არ უნდათ. რაც შეეხება ბურაჯანაძეს, მან პუტინის იმედები ვერ გაამართლა. მისმა ხარჯებმა და კრემლის გზავნილებმა - შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, მოსკოვი განსაზღვრავს, ივანიშვილმა ვისთან უნდა იხელმძღვანელოს და ვისთან არა. ივანიშვილსა და ბურჯანაძეს რა ურთიერთობა აქვთ, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ისინი რა დამოკიდებულებასაც აფიქსირებენ - იდენტურია, რადგან ორივენი ერთი მუსიკის ქვეშ, რუსულ გარმონზე უკრავენ, მაგრამ ერთი გაკოტრდა და მეორე არა, კრემლი კი, ფსონს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე დებს, ეს მათთვის ცნობილია, ვინც ბურჯანაძის აქციებზე დადიოდა.
- ივანიშვილს, ხშირად, იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მის გვერდით, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მოხვდა. ბიზნესმენს ახალი სახეები რომ შეეკრიბა, ეს მისთვის მომგებიანი იქნებოდა?
- პოლიტიკაში ახალი სახეების მოყვანა ძნელი იქნებოდა, რადგან მათ პიარი და თანხები დასჭირდებოდათ. ფინანსები პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მათ გაცნობას საზოგადოება ვერ მოასწრებდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკის მომავალი ახალგაზრდებია და არა ძველი სახეები, რომლებიც კარგ ასოციაციას არ იწვევენ. ამიტომ, ივანიშვილმა ლიდერების ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ ეს მისი მოკლე ხედვაა, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს, რადგან ის რჩევებს არ ღებულობს, თუ მას ადამიანის მოსაზრება არ მოსწონს, მას უშვებს. ივანიშვილი - უცოდინარი პოლიტიკოსია, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და რომელიც რჩევებს არ ღებულობს.
- ექსპერტთა ნაწილი პროგნოზს აკეთებს, რომ ივანიშვილის გუნდში, პროცესები წინასაარჩევნო პერიოდში, სიების შედგენისას დაიძაბება. ეს გაერთიანება, საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებს თუ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან?
- ივანიშვილის გაერთიანებას, სამი სუბიექტი და მის მიერ შერჩეული ადამიანები წარმოადგენენ. ამას ემატება საპარლამენტო ფრაქცია - „ერთობა სამართლიანობისთვის“, რომელიც ივანიშვილის მხარდაჭერის გამო, ტანსაცმელს იხევს. არადა, ივანიშვილი - პოლიტიკურად მოუმწიფებელი და გაუგებარი ფიგურაა. ფაქტია, რომ საარჩევნო სია უზომოდ დიდი ვერ იქნება. თეორიული შანსია, რომ მათი გუნდიდან, რამდენიმე კაცი გავიდეს, მაგრამ ზაფხულის ბოლოს, შეიძლება ვითარება შეიცვალოს და მან საერთოდ, ვერავინ გაიყვანოს. ამ სიებთან დაკავშირებით, დაპირისპირება იქნება, რადგან როცა გაერთიანებულ ოპოზიციაში ვიყავით, ერთი ადგილის გადანაცვლებისთვის ომი მიდიოდა. სიაში მოხვედრისთვის და ნომერაციისთვის დიდი ბრძოლა იქნება, რაც მათთვის სავარაუდოდ, სავალალო შედეგით დასრულდება და ეს ერთობა არ შედგება. ივანიშვილს უთხრეს, რომ მაჟორიტარები დავაყენოთ, დიდი ფული მივცეთ და გზა გაიკაფონო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოსყიდვა ხდება და ამას კანონი კრძალავს. ვფიქრობ, რომ საარჩევნოდ, მოსყიდვების გამო, მათ ბევრ მაჟორიტარს მოხსნიან.