ბოჭორმის ციხე

  10:43:06     13-03-2012

ბოჭორმა წარმოადგენდა შუასაუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს. იგი მდებარეობს გომბორის უღელტეხილზე, შიდა კახეთიდან მომავალ გზაზე. დღეს უკვე ხშირი, ასწლოვანი ხეებითაა დაფარული ამ ოდესღაც დიდებული ციხის ნანგრევები.

ბოჭორმის ციხის წარმოშობის საკითხი ჯერჯერობით გამოურკვევი რჩება. პირველად იგი, როგორც სიმაგრე, X საუკუნის დასაწყისში იხსენიება. შემდეგ საუკუნეებში მას ბევრი ცვლილება განუცდია და ძალიან დაზინებული სახით მოუღწევია გვიან საუკუნეებამდე. XVIII საუკუნის შუა ხანებში ერეკლე მეფეს ბოჭორმის ციხე „განუსრულებია“. დღეს არსებულ ნანგრევებს სწორედ ამ ეპოქის მშენებლობის კვალი ამჩნევია.

ციხის ძველი და ახალი კედლები მაღალი მთის რთულ რელიეფს ისე მარჯვედ შემოუყვება, რომ მტერს გაუჭირდებოდა მიდგომა. შედარებით ადვილი მისადგომია აღმოსავლეთის მხარე. სწორედ ამ მხრიდან ჰქონია ციხეს შესასვლელი.

ციხე ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება. მთავარია მაღლობზე განლაგებული შიდა ციხე. ადრეული და გვიანი ნაგებობის მიხედვითაც მას ციხე-დარბაზის როლი ეკისრებოდა.

იმავე ქრონოლოგიურ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს შიდა ციხის სამხრეთ ნაწილში მდებარე და ქვედა ეზოს გალავანში მოქცეული სასახლის ნანგრევებიც. მისგან მხოლოდ პირველი სართულია შერჩენილი. საფიქრებელია, რომ სასახლეს მეორე სართულიც ჰქონოდა.

ამ დიდი ნაგებობის ქვედა ნაწილი ორი დარბაზისგან შედგება, რომელთაგანაც უფრო მცირეა დასავლეთის მონაკვეთი. იგი უკეთაცაა ნაგები, ვიდრე ვრცელი დარბაზი. მცირე დარბაზს შესასვლელები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან ჰქონია. სამხრეთის კედლის ცენტრში დიდი ბუხარია, რომელსაც კარგი თლილი ქვებით ნაწყობი ორმაგი თაღი გადაუყვება. ბუხრის მარჯვნივ მცირე ზომის სარკმელია. დარბაზებს ერთმანეთთან კარი აერთებს. დიდი დარბაზის ჩრდილო და აღმოსავლეთი კედლები ყრუა, ხოლო სამხრეთის კედელი, ე.ი. ის, რომელიც ხეობას გადაჰყურებს, გადატვირთულია. ცენტრში აქაც დიდი ბუხარია, გვერდებზე თითო სარკმელი; ბოლოებში კი - კარები. ბუხრები და სარკმლები ნახევარწრიული თაღებითაა გადახურული, კარებს შიგნიდან სწორი გადახურვა აქვთ, გარედან კი - ნახევარწრიული. კედლები კარგადაა ნაწყობი ყორე-ქვით.

შესაძლოა ადრეულ ფენასვე მიეკუთვნებოდეს ციტადელის შუაში, ეკლესიის სამხრეთით, წვეტიან მაღალ გორაკზე მდგარი ცილინდრული კოშკი. აქედან კარგად ჩანს ირგვლივ მდებარე ხეობები. კოშკი ორნაწილიანია. მთავარ ნაწილს 4-5 მეტრის დიამეტრი აქვს, აღმოსავლეთისა კი უფრო მცირეა და დიდზეა მიდგმული, შიგნით, მარჯვნივ, ღრმათაღოვანი ნიშია, შემდეგ კარია კოშკში შესასვლელად. მის პირდაპირ იწყება კედლის კიბე, რომელიც მესამე სართულზე ადის. იქვე იგი უერთდება მეორე სართულში ჩამავალ კიბეს. კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ კარია, მეორე სართულზე - ზემო აღნიშნულ კიბეში შესასვლელი და მარცხნივ - საშუალო ზომის სარკმელი. მესამე სართულის კედლები ერთ მეტრამდეა შერჩენილი. სამხრეთით მას განიერი სარკმელი ჰქონია.

ციხის ყველაზე მაღალ ადგილზე დგას ე. წ. „მეფის დარბაზი“, რომელიც ციტადელთან ორი მეტრის სიგანის მქონე ქუჩისმაგვარი ყელითაა დაკავშირებული. ყელს ორივე მხარეს ქონგურებიანი კედელი გასდევს. მასში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია განლაგებული. სასახლე 15 მეტრის სიმაღლის საყრდენ კედელზე დგას, რის გამოც ეს ნაგებობა გარედან მიუდგომელი სიმაგრის შთაბეჭდილებას სტოვებს. სასახლიდან იშვიათი სანახაობა იშლება.

„მეფის დარბაზი“ კოშკურ სახლს წარმოადგენს. იგი ორი ან სამსართულიანი ყოფილა. განიერი კარები ორი მეტრის სიმაღლეზეა. პირველი სართული სანახევროდ დაფარულია, ზედა სართულების კედლებში კი მცირე ზომის სარკმლებია. კედლები შელესილი ყოფილა. მესამე სართულის სამ კედელში საზარბაზნეები, ნისკარტა სალოდეები და სათოფურებია განლაგებული. ყველა ეს ელემენტი XVIII საუკუნის შუა ხანებზე მიუთითებს. როგორც ამ დროს იყო მიღებული, ერთ-ერთი სალოდე შემოსასვლელის თავზეა მოთავსებული. ასეთივე სალოდეები და საზარბაზნეები უნდა ყოფილიყო სასახლისკენ მიმავალი გზის ორივე კედელშიც.

სასახლისკენ მიმავალი გზის დასაწყისში, მარცხნივ, მომრგვალებული კოშკი დგას. გარედან ამ კოშკზე მიდგმულია ოთხიოდე მეტრის სიმაღლის კიბე. კიბის ზემოთ მდებარე კარი გადახურულია ნახევარწრიული აგურის თაღით. კოშკის ქვედა სართული დარღვეულია, მაგრამ შერჩენილი კედლების მიხედვით აქაც სათოფურ-სალოდეები უნდა ყოფილიყო. პირველი სართულის მარცხენა კედელში ზედა სართულისკენ მიმავალი ნახევრად ღია კიბეა.

დიდი, რთული ნაგებობა დგას სამხრეთ-დასავლეთის კუთხეშიც. მთავარ, სმსართულიან ნაგებობას სწორკუთხა გეგმა აქვს. პირველ სართულში შესასვლელი ეზოდანაა. კარის თავზე ოთხკუთხა ფანჯარაა. შიგნით, სამხრეთის კედელში, ბუხარია მოთავსებული, რომელიც თავდაპირველად დიდი ყოფილა და შემდეგ დაუვიწროებიათ. რამდენადაც პირველი სართული მარტივია, იმდენად რთულია მეორე სართული. დასავლეთის კედელში განლაგებულია სამ-სამი ნიში ორ რიგად. ერთი შეხედვით ნიშები ერთიანის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ქვედა რიგის შუა ნიშში ბუხარია. სამხრეთით ორი დიდი ფანჯარაა და მარცხნივ კიდევ ერთი ნიში. ჩრდილოეთის კედელში მესამე სართულზე ასასვლელი კედლის კიბე იწყება, რომელიც ზემოთ იმავე, ჩრდილოეთის კედელში გამოდის. მესამე სართულზე ნიშები განლაგებული ყოფილა ოთხივე კედელში. ამას გარდა, ყოფილა აგრეთვე თითო, კარივით ფართო ფანჯარა. ასეთი დიდი ფანჯრები მტრის გარშემორტყმის შემთხვევაში ძნელად დასაცავი იქნებოდა და როდესაც XVIII საუკუნის შუა ხანებში შემოსევები გახშირდა, ფანჯრები ამოუშენებიათ და მათში სათოფურები დაუტანებიათ. მესამე სართულის დიდი ნაწილი დანგრეულია. თუ შერჩენილი სათოფურების მიხედვით ვიმსჯელებო, იგი უფრო საბრძოლო იქნებოდა.

ამ ნაგებობაზე სამხრეთის მხრიდან მიდგმულია ორი დახურული სწორკუთხა კამერა, რომელიც, ალბათ, სამეურნეო დანიშნულებისა იქნებოდა.

შემდგომში გალავანთან ერთად ამ შენობისთვის სამხრეთ-დასავლეთით, კუთხეში, პატარა სადგომი მიუშენებიათ. ამ სადგომს კარი ეზოსკენ აქვს, სათოფურები კი - გარეთკენ.

ამ კოშკურ სახლს დასავლეთით გალავანი ებმის. ფერდობზე მიმავალ კედელში ასიოდე მეტრზე კოშკია ჩართული. შემდეგ კედელი სამხრეთ-დასავლეთით უხვევს. იქვე მცირე კოშკი დგას. კოშკიდან კედელი ისევ გრძელდება, მაგრამ შემდეგ ქარაფია და არ ჩანს, იყო თუ არა სამხრეთით კედელი. ყოველ შემთხვევაში, ამ დამატებით ეზოს საკმაოდ დიდი ფართობი ჰქონია დაკავებული.

ეზოს ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკი თითქმის კვადრატულია. იგი ორ ფენიანია. ქვედა ორი სართული ძველია, კარგი ნაგებია, წესიერი წყობით, აქვს სქელი, ყრუ კედლები. ახლანდელი მესამე სართული კი, ეტყობა, თავდაპირველად არსებულის დაზიანების შემდეგ, გალავნის აგებისას დაუშენებიათ. მის კედლებში დატანებულია ცალმაგი სათოფურები და კარი.

დასავლეთის გალავანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ყრუა, ზემოთ ცალმაგი, დახრილი და პირდაპირი სათოფურებია, გალავნის შუაზე ვიწრო, სათადარიგო კარია.

სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში დგას ძველი სამსართულიანი კოშკი, რომელიც გეგმაში ვიწრო სწორკუთხედს წარმოადგენს. სამივე სართული თავდაპირველად ყრუ ყოფილა. შემდგომში დანგრეული მესამე სართული ნაწილობრივ განუახლებიათ და კოშკის პირველი სართულის კარიც, ეტყობა, მერე გაუჭრიათ.

ციხის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკი თითქმის ისეთივეა, როგორიც სამხრეთ-დასავლეთის, იგი სხვებზე მეტადაა დაზიანებული. პირველი სართული ნანგრევებითაა სავსე და არ ირკვევა, იყო თუ არა აქ კარი. მეორე სართულს შესასვლელი ჩრდილოეთის გალავნის ბილიკიდან აქვს. ამ კარის პირდაპირ გაჭრილი კედლის კიბით მესამე სართულზე ადიოდნენ. პირველი სართულის კედლებში ჩანს ნიშები. ჩრდილო კედელში შუაზე მოზრდილი სარკმელია. მეორე სართულის კედლებშიც ნიშებია განლაგებული ორ იარუსად. ჩრდილო კედლის შუაში ბუხარია მოთავსებული. ბუხრის ორივე მხარეს დიდი, სწორკუთხა სარკმლებია. ასეთი დიდი სარკმლების გაკეთება აქ იმიტომ იყო დასაშვები, რომ ამ მხარეს დიდი ქარაფია და მტერი ვერ მიუდგებოდა. მესამე სართულის კედლები თითქმის დანგრეულია. კოშკი გარედან მრგვალია. თარიღდება XVIII საუკუნის შუა წლებით.

ციტადელის ჩრდილო გალავანი ორი კოშკით უნდა ყოფილიყო დაცული. ერთი მათგანი, მარცხენა, ახლაც დგას, მეორე კი ჩამოქცეულია. პირველი კოშკი სწორკუთხაა; ნაწილობრივ შერჩენილია ორი სართულის კედლები, რომლებშიც XVIII საუკუნის სხვა კოშკების მსგავსად, ფანჯრები და სათოფურებია განლაგებული.

ამ ეზოს გალავნის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების ქვემო ნაწილი ყრუა, ზედაში კი სათოფურებია განლაგებული. ჩრდილო კედელში მცირე ზომის სათადარიგო კარია, რომლითაც ახლაც შეიძლება სარგებლობა.

ციტადელის ცენტრალური კოშკის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ეკლესია. ეკლესია და კოშკი გალავნით ყოფილა შეერთებული. იგი ახლა დანგრეულია. აქედანვე მოემართება ერთიარუსიანი კედელი. რომელიც „მეფის დარბაზს“ ჩრდილო-აღმოსავლეთით ებჯინება. კედლის შუაზე ნახევარწრიული კოშკია, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული. პირველ სართულში ისეთივე სათოფურებია, როგორიც სხვა კოშკებში იყო.

გვიანი ციხის მთავარი შესასვლელი, როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთითაა. ამ მხარეს ჩავარდნილი ხევია. იგი ბოლოებში კედლით და კოშკებით გადაუკეტავთ. ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში ორი მცირე კოშკის ნანგრევია, კედლის

სამხრეთ-დასავლეთის ბოლო კი ჭიშკართანაა. ჭიშკარი მიმართულია ჩრდილოეთისაკენ. იგი ბილიკის ერთ-ერთ გაგანიერებაზე დგას. მის დასავლეთით შვეული კლდეა, აღმოსავლეთით კი ხელოვნური კედელი მიუყვება. ამ კედელში და ჭიშკრის ზედა ნაწილში პირდაპირი და დახრილი სათოფურებია განლაგებული. კედელი და ჭიშკარიც გვიანი ხანისაა.

ადრეც აღვნიშნეთ, რომ ბოჭორმის ციხეს ერეკლეს დროს შესამჩნევი რეკონსტრუქცია განუცდია. ამის თაობაზე მოგვეპოვება რამდენიმე ისტორიკოსის ცნობა.

ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი, 1749 წლის ამბებთან დაკავშირებით წერს: „მარად ცდილობდენ მეფენი ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითაც ლეკისაგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდათ შეწუხებულიყო. მოინებეს სადაც მოსავალი გზა იყო ციხეების აშენება... წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, აღაშენა ციხე ჭოეთისა და გაამაგრა ფრიად. მაშინ განასრულა ციხე ბოჭორმისა“.

მემატიანე ომან ხერხეულიძეც აღნიშნავს ამ ამბავს, როცა აჯამებს ერეკლეს აღმშენებლობით საქმიანობას.

ბოჭორმის ციხის განახლების ამბავი საინტერესო კონტექსტში აქვს მოცემული ვახტანგ ბატონიშვილსაც. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე...“

XVIII საუკუნეში ბოჭორმის ციხის დიდ მნიშვნელობაზე და სიმტკიცეზე კარგად მეტყველებს პაპუნა ორბელიანის სხვა ცნობებიც.

1747 წელს გარეშე მტრის მოლოდინში „გამაგრდნენ მყოფნი ქართლისანი ციხეში ვისა ჰქონდა და ვისა არა ჰქონდა ერთმანეთში იხიზნებოდნენ. კახეთი მთლივ ოთხ თარაფად (ნაწილად) გაკეთდა და ოთხი სიმაგრე გაიკეთეს. ერთი კალური მთა, რომ თითონ კახი ბატონიც იმაში და მეორე ბოჭორმა, მესამე ლოპოტის მთა, მეოთხე თიანეთისაკენ“.

ამ ცნობაში კარგადაა ნაჩვენები ჩვენი წინაპრების მოხერხებულობა, რომლებიც მარჯვედ იყენებდნენ ბუნებრივსა და ხელოვნურ სიმაგრეებს. ამ გარემოებისათვის ისტორიკოსებს სხვაგანაც არა ერთხელ აქვთ ხაზი გასმული.

ამავე წელს, როცა ტახტის მაძიებელ აბდულა-ბეგსა და ერეკლეს შორის ბრძოლა გამწვავდა, ერეკლეს დედოფლის გასახიზნად ყველაზე საიმედოდ ბოჭორმის ციხე მიუჩნევია: „შეიქნა მზადება ომისა, აყარეს ანნა დედოფალი მარტყოფიდამ, მიიყვანეს ბოჭორმის ციხეში. ქართველთ დიდრონის კაცების ბარგიც იქ მოვიდა, თუ გაუჭირდებოდათ, ცოლშვილით იქ მოვიდოდნენ“.

როგორც ცნობილია XVII-XVIII საუკუნეების ციხეებსა და კოშკებსაც კი საკუთარი ზარბაზნები ჰქონდათ. ცხადია, დიდ ციხეებს დიდი ზარბაზნები ექნებოდა. ასე ყოფილა აღჭურვილი ბოჭორმაც. როდესაც ომან ხერხეულიძე აღწერს ერეკლეს მეფობის პირველ წლებსა და თბილისის ციხეების აღებას, იგი საკმაოდ საპატიო ადგილს უთმობს ბოჭორმისეულ ზარბაზანსაც. იგი წერს: „შემოიკრიბა მუნ მეფემან მხედრობანი კახთანი სრულად, გორიდამაცა შთამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი ბოჭორმისად წოდებული და აიღეს მეტეხი. ხოლო უკანასკნელ თაბორი და თაბორითა იწყეს რა ცემა ზარბაზნითა მით შეჭირვებულთა მათ ერთა მოსცეს ციხე მეფესა“.

როგორც ეტყობა, XVIII საუკუნის ბოლომდე ბოჭორმის ციხე მოქმედი იყო, მაგრამ მისი ცხოვრების დეტალები ისტორიას არ შემოუნახავს.

წყარო