
მიხეილ მაჭავარიანი: კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლა, რეფორმებს უკავშირდება
16:30:40     12-03-2012
ლევან ბეჟაშვილის უწყებას – საქართველოს კონტროლის პალატას, სახელწოდება ეცვლება. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, პარლამენტში დღეს შევიდა და პროექტის თანახმად, მას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დაერქმევა.
კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, უწყებისთვის სახელის შეცვლა, ბოლო წლების განმავლობაში, კონტროლის პალატაში გატარებულ რეფორმებს უკავშირდება.
მაჭავარიანის განმარტებით, კონტროლის პალატა 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა და ის ფუნქციები არ ჰქონდა, რაც ორგანოს დღეს აქვს შეთავსებული.
“კონტროლის პალატას, დღეს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს. კერძოდ, ერთ-ერთია აუდიტის ფუნქცია, რომელიც კანონში წერია. ამიტომ, ადეკვატურია, რომ სახელწოდება იმ ფუნქციებსა და საქმიანობას შეესაბამებოდეს, რასაც კონტროლის პალატა ეწევა. ამ რეფორმების შედეგად, იმ საკითხების გაფართოება მოხდა, რითაც, ახლა უწყება არის დაკავებული”, - აცხადებს მაჭავარიანი.
კანონმდებელის თქმით, სახელწოდების შეცვლა, რეფორმის ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებას საჭიროებს.
“კონტროლის პალატა კონსტიტუციური დასახელებაა და ამიტომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილების განხორციელება. თუ არ ვცდები, ეს იდეა 84 დეპუტატის ინიციატივაა. მათი ხელმოწერების სისწორეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გადაამოწმებს. ეს არაა რთული საკითხი, რომელსაც დიდი ვნებეათაღელვა მოჰყვება. უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ სახელწოდებაში ფუნქციების ასახვა მოხდეს. ეს მხოლოდ სახელწოდების შეცვლას ეხება. იმის მიხედვით, რეფორმა როგორ განვითარდება, საკითხები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, რომლებიც ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა. შეიძლება, ცვლილებები გაფართოვდეს”, - დასძინა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების აუდიტის ფუნქცია შეითავსა.