კირილი მრევლს ასულელებს…

  13:26:29     12-03-2012

რუსეთის ეკლესია მმართველი რეჟიმის „სავაჭრო წერტილად და პროპაგანდისტულ მანქანად იქცა“ - ასეთ შეფასებას, რუსეთში დღეს არაერთი მიმომხილველი და ექსპერტი აკეთებს. ამ თემის წამოწევა განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პატრიარქ კირილის ვლადიმერ პუტინისადმი ღია მხარდაჭერამ და მისი ათასგვარი „მადიდებელი“ ეპითეტებით შემკობამ. და ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა  მოსკოვისა და რუსეთის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა „კრემლის დანაშაულებრივი“ რეჟიმისა და კონკრეტულად, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

გაღიზიანება ეკლესიის მიმართ არა მარტო პატრიარქის, არამედ მისი ნდობით აღჭურვილი პირების განცხადებებმაც გაამძაფრა. დეკანოზი ჩაპლინი თითქმის ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე აკეთებს კომენტარს, მათ შორის იმაზეც, თუ ვინ უნდა დაიჭირონ და როგორ უნდა დასაჯონ. რა საფუძველი აქვს და საიდან მოდის ეკლესიისა და მმართველი რეჟიმის ასეთი იდილია? საინფორმაციო პორტალმა News Board-მა ამ ურთიერთობის საწყისები შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის სასულიერო და საერო ხელისუფლებას „კოლეგები კგბ“-დან ხელმძღვანელობენ. ამ საკითხის ისტორია კი ასეთია: 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ უმაღლესი საბჭოს კომისიამ გახსნა „კგბ“-ს არქივები და გაირკვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ხელმძღვანელობა „კგბ“-ს აგენტი იყო - წერს News Board. კომისიის მიერ აღმოჩენილ და შესწავლილ დოკუმენტებს შორის  ფიგურირებს სსრკ-ის „კგბ“-ს მე-4 და მე-5 განყოფილებების მოღვაწეობის ამსახველი მოხსენებები.

მათში საუბარია სასულიერო პირების „ვერბოვკაზე“. საარქივო მონაცემების თანახმად, სასულიერ პირების „ვერბოვკის“ პოლიტიკა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში დაწებულა. აღმოჩენილია და გამოქვეყნებულია მთელი რიგი სხვა საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები პარალელურად „კგბ“-ს აგენტები იყვნენ.  უფრო მეტად პერსპექტიული აგენტები მოსკოვის საპატრიარქოს მაღალ იერარქიულ საფეხურებზე ხვდებოდნენ. ამ დოკუმენტებში არის ნაწყვეტები „საეკლესიო კურატორების“ მოხსენებებიდანაც, რომლებსაც  „კგბ“-სთვის ადგენდნენ. ცნობილი გახდა მეტსახელები იმ საეკლესიო მსახურებისა, რომლებიც „კგბ“-ს აგენტები იყვნენ. ასე მაგალითად, მაშინდელი პატრიარქის ალექსეი მეორეს მეტსახელი იყო  „დროზდოვი“, ვორონეჟის მიტროპოლიტ მაფოდისა  „პაველ“… სულ 8 მიტროპოლიტია ჩამოთვლილი. თუმცა ესენი მსხვილი აგენტები იყვნენ, ეკლესია კი ასობით წვრილი აგენტით იყო სავსე -  წერს News Board და აღნიშნავს, რომ  ეს კავშირები დღემდე არ შესუსტებულა და სსრკ-ის დაშლისა და „კგბ“-ს „ფსბ“-დ გადაკეთების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ჩანს, არ შეწყვეტილა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დღეს, რუსულ ეკლესიას სმოლენსკისა და კალინინგრადის ყოფილი მიტროპოლიტი, „კგბ“-ს სიებში „მიხაილოვად“ წოდებული, კირილი ხელმძღვანელობს. ვლადიმერ მიხაილის ძე გუნდიაევი 1969 წლის 3 აპრილს კირილად ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა აკურთხევა, რომელიც ასევე აგენტ „სვიატოსლავად“ სახელდება და რომელმაც, როგორც ამბობენ, ასევე უჩვეულო ტემპებით გაიკეთა კარიერა ეკლესიაში. სწორედ ამ აგენტის მფარველობის ქვეშ იწყებდა მუშაობას ახლანდელი პატრიაქრი კირილი. გამოდის, ორი თანამშრომელი სპეცსამსახურებისა… ისინი კოლეგები არიან სხვადასხვა განყოფილებებიდან - წერს News Board, რომელიც სწორედ ამ „საწყისებით“ ხსნის ეკლესიისა და კრემლის ურთიერთკეთილგანწყობას.

პატრიარქი კირილი ძალიან სახასიათო პერსონაა. მისი კარიერა ბევრი სკანდალით აღინიშნა. მისი პირადი  ქონება ფასდება 4 მილიარდ დოლარად. ესაა შემოსავლები სიგარეტის, სპირტისა და ნავთობის ბიზნესიდან. სკანდალები არც კირილის დღევანდელ მოღვაწეობას აკლია. მას ხშირად საყვედურობენ, რომ ეკლესია ჩვეულებრივ სავაჭრო წერტილად აქცია, რომელშიც მრევლისათვის ფულის გამოძალის პირამიდა მოქმედებს. ამასთან, როგორც News Board აღნიშნავს, „თანამშრომლობს მმართველ რეჟიმთან და შეუფასებელ სამსახურს უწევს მას მრევლის პროპაგანდისა და გასულელებისათვის, შედეგად კი შეღავათებს იღებს.“