ბირთვისის ციხე (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)

  05:13:54     12-03-2012

ბირთვისი მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, თეთრი წყაროს რაიონში, ალგეთის ხეობაში, მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრის დაცილებით.

ბირთვისის ციხე როდია ერთი ნაგებობა, ანდა ნაგებობათა კომპლექსი. ადამიანს აქ მოხერხებულად გამოუყენებია ,,ბუნების საოცრება“. მეტად ძნელად მისადგომ მაღალ მთებს შუა იქმნება ბუნებრივი სიმაგრე. ამ გარე, მაღალი მთების შუაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მთები მდებარეობს. ციხის მეპატრონეებს კედლებით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და ამრიგად, თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი შემოუფარგლავთ. ყველაზე მაღალ ადგილზე დგას კოშკი ,,შეუპოვარი”, საიდანაც შეიძლება სიმაგრის მისადგომების დაზვერვა. სხვადასხვა ადგილას, თავდაცვით ნაგებობებთან ერთად, დგას საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის შენობები, არის წყალსაცავიც.

ისტორიულ წყაროებში ბირთვისის ციხე იხსენიება XI საუკუნიდან, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ციხის ნანგრევებს შორის არის, როგორც განვითარებული ფეოდალიზმის, ისე გვიანფეოდალური ხანის ნაგებობები.

თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა.

ძველ ისტორიკოსებს ერთი მეტად საინტერესო მომენტი აქვთ აღწერილი ბირთვისის ციხის შესახებ თემურ-ლენგის ლაშქრობასთან დაკავშირვბით.

მერვე ლაშქრობის დროს, 1403 წლის ივლისში, თემურ-ლენგმა უბრძანა ჯარს, ქვეყნის ამ ერთ-ერთი დიდი სიმაგრის - ბირთვისის ციხის აღება. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ქართველებს ძლიერ გაემაგრებინათ ციხე და თან უხვად მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ციხეს ვინმე ნაზალ ციხისთავი განაგებდა. გარემოცული ციხის მცველნი გამოსულან და შექმნილა ფიცხელი ომი. ქართველებს გაუმარჯვიათ. მაშინ განრისხებულმა თემურმა ბრძანა, ციხისათვის, ხანგრძლივი ალყის მიზნით, სამი მხრიდან ციხე აეგოთ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს თემურის ჯარში გამოჩნდა კაცი, რომელმაც მოახერხა ბამბისა და აბრეშუმისაგან დაწნული თოკებით ციხეზე აცოცება. მან ეს თოკები დაამაგრა და როდესაც ციხის აუღებლობით დაიმედებულ გარნიზონს ტკბილად ეძინა, მოულოდნელად მტერი თავს დაესხა. დამცველნი ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ.

თემურს ამ ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმო დარბაზობაც კი გაუმართავს.

შემდეგი პერიოდის ბირთვისის ისტორიიდან აღსანიშნავია შაჰ-თამაზის დაპყრობითი ომების ერთ-ერთი მომენტი.

მას შემდეგ, რაც შაჰ-თამაზმა ზემო ქართლის საქმეები გაარიგა, იგი 1541 წელს მეფე ლუარსაბთან საომრად წამოვიდა; მან მოაოხრა თრიალეთი და ბოლოს საბარათიანოს მიადგა. რაზეც ხელი მიუწვდა, არაფერი დატოვა წაუბილწავი. მთელ მხარეში მხოლოდ ბირთვისი დარჩა ამაყად მდგარი. კარგად შეიარაღებული მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი მასაც მოადგა, მაგრამ ციხეს ვერაფერი დააკლო. სხვას რომ ვერაფერს გახდა, შაჰმა მოტყუების ნაცად ხერხს მიმართა: შეუთვალა შიგ მყოფთ, თუ დამნებდებით, არას დაგიშავებთ და პირიქით, დაგასაჩუქრებთო. მცველებმა რა იცოდნენ, რა ჰქონდა მტერს გულში! გამოვიდნენ, მიენდვნენ; შაჰმა, ცხადია, არ დაინდო ისინი; ტყვეობას მხოლოდ რამდენიმე კაცი გადაურჩა.

ბირთვისთან არის დაკავშირებული ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის ბრძოლის ერთი მომენტიც.

ამ მხარისა და ბირთვისის ციხის მფლობელი ქაიხოსრო ბარათაშეილი ირანის მხარეზე იყო. მან ციხის გარნიზონი ახლად მოყვანილი ხუთასი ყიზილბაშით გაზარდა. სააკაძემ ეს გაიგო. რაკი პირდაპირი ბრძოლით ციხის აღება ვერ შეძლო, მან სხვა ხერხს მიმართა. დილაადრიან თავს დაესხა ბარათაშვილთა იქვე ახლოს მდებარე რეზიდენციას - ტბისს და შეიპყრო თვით ქაიხოსრო და მისი ძმა ხოსია. რაკი მეპატრონეები ხელთ იგდო, ციხეს ადვილად მოუარა. მოღალატე თავადები აიძულა თვითონვე გამოეყვანათ ციხიდან ირანელთა ჯარი. ამის თაობაზე მემატიანესთან ვკითხულობთ: სააკაძემ ,,ქაიხოსროს გამოაყვანინა ყიზილბაშნი ბირთვისიდან და მოსწყვიტნა ხუთასნივე".

XVIII საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს ერვკლე მეორეს განუდგა ბატონიშვილი აბდულა ბეგი.

ბატონიშვილს მხარს უჭერდნენ ბარათაშვილები. მეფე ერეკლე ჯარით მიადგა საბარათიანოს; სურდა უბრძოლველად შემოერიგებინა ისინი და ბირთვისში გამაგრებულ ბარათშვილებს შუამავლები მიუგზავნა; შეჰპირდა პატიებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ვერც სამშვილდეში გამაგრებულნი შემოირიგა. მაშინ მეფემ გადაწყვიტა, სარჩო მოესპო მათთვის: შემოდგომის პირი იყო, შეუსია ჯარი და სამშვილდისა და ბირთვისის ახლო-მახლო ყანები მოათიბინა. ჩამოეგებნენ ბარათაანნი, შეიქნა ფიცხელი ომი; მეფემ სძლია მათ და ციხემდისაც სდია. შემდეგ კი მემატიანე წერს: ,,ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ, წაახდინეს საცა რამ შენობა იყო. საამის შვილის სასახლე დაწვეს". ამ ცნობებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ავტორი სრულიად დაჯერებით ამბობს ბირთვისის ციხე ბრძოლით არ აიღებოდაო.

ბირთვისის ციხე XVIII საუკუნის ბოლომდე მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე.

წყარო