პუტინმა „მხარდამჭერები“ მოატყუა - მიტინგების „მასოვკა“ დაპირებულ ფულს ითხოვს

  16:16:47     10-03-2012

პუტინის „მასოვკა“, უბრალოდ, სამუშაოა, მაგრამ ბევრს არ გადაუხადეს - ყვება „ბრიგადირი“  სერგეი BBC-ის რუსულ რედაქციასთან საუბარში.  

ის დეტალურად აღწერს, როგორც ქირაობდნენ პოკლონნაია გორასა და მანეჟის მოედანზე დაგეგმილი პროპუტინისტური მიტინგებისთვის ხალხს. ამ აქციებში მონაწილეობაზე ბევრი იმიტომ დათანხმდა, რომ ფულს დაპირდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა „გადააგდეს“.

თავად „ბრიგადირი“ სერგეიც ცუდ დღეშია. ისიც პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე მისაყვანი ხალხის მობილიზებით იყო დაკავებული. ის პროფესიონალია - ე.წ. მასოვკების ორგანიზებას კინოსთვის ახდენს. ამბობს, რომ პოლიტიკურ „მასოვკას“ აღარ გაეკარება, რადგან ახლა „დამკვეთს“ მის ხალხთან 150 ათასი რუბლის დავალიანება აქვს. სერგეის დღეში არიან დიმიტრი და დენისიც.

„მე 3 ეპიზოდი მქონდა, როცა ადამიანებს არ გადაუხადეს: ერთია მიტინგი პოკლონნაიაზე, სადაც 251 ადამიანი მყავდა და აქედან 160-ს არ გადაუხადეს. ასევე, ჩემი ხალხი, არჩევნებზე ჟირინოვსკისთან დამკვირვებლად მუშაობდა, 6 მათგანს არც იქ გადაუხადეს. მანეჟის მოედანზე მიტინგისათვის  77 კაცი შევაგროვე არც მათ გადაუხადეს“ - ამბობს სერგეი.

მათნაირი კიდევ ბევრია, რადგან პუტინისტური მიტინგები, განსაკუთრებით კი ბოლო, 4 მარტის აქცია, მონაწილეთა მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. იმ დღეს ოფიციალური მონაცემით, მანეჟის მეოდანზე 110 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. „მათ 500-700 რუბლს ჰპირდებოდნენ… ვინაა თავი და თავი დამკვეთი? ნუუუ, თუკი პუტინის გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ე.ი. დამკვეთიც სადღაც იქაა“ - ამბობენ „ბრიგადირები“.

თანაც, აღმოჩნდა, რომ პუტინისთვის არცთუ გამოუცდელ ხალხს აგროვებდნენ. მათ შორის ბევრნი იყვნენ ისეთები, ვისაც „მასოვკის“ კარგი გამოცდილება კინოში აქვს მიღებული.

არადა, ფული იქვე უნდა გადაეხადათ. სქემა ასეთი იყო: საჭრო იყო „შენიანისთვის“, რომელსაც ფული ჰქონდა,  წარგედგინა ამოსაცნობი ნიშანი - ბრიგადირის მიერ მიცემული ჯიბის კალენდარი და სათამაშო რუკა…

მაგრამ ამ ეპიზოდამდე ბევრი ვერ მივიდა, ბრიგადირებს კი გამოუცხადეს: თუ გსურთ, პროკურატურაში იჩივლეთ, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, იყო მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება…

თუმცა „მიტინგების ბიზნესს“, რუსეთში, როგორც სჩანს, განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. სერგეი ამბობს, რომ ფულის იმედით უკვე ერთხელ „გადაგდებული“ ადამიანები შემდეგ დაძახებაზე მაინც მიდიოდნენ, რადგან ბევრი მათგანისათვის, წინასაარჩევნო პერიოდში, მიტინგებზე სიარული ჩვეულებრივ სამსახურად ქცეულა. თანაც, რაიმე ამორალურს, ამაში, ვერც გაწბილებული ბრიგადირები ხედავენ. უბრალოდ, ამბობენ, რომ „ეს ისეთი სამუშაოა, რომლისთვისაც უნდა გადაიხადონ“.