
სენატორი ლუგარი, საქართველოს ნატო-ში მიღებას და ობამასგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს
14:57:34     10-03-2012
ცნობილი რესპუბლიკელი სენატორი ინდიანას შტატიდან, ნატო-ში საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს. ლუგარმა სეტანს უკვე წარუდგინა კანონპროექტი ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომელიც მოწოდებულია დააჩქაროს ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოს, მაკედონიისა და ჩერნოგორიის და ალიანსთან მიერთება. მისი ავტორი იმედოვნებს, რომ მისი კოლეგები კანონპროექტს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტამდე მიიღებენ, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა გაიმართოს.
ლუგარის მიერ წარდგენილი პროექტი ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და მხარს უჭერს ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებას ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოს, მაკედონიისა და ჩერნოგორიის ჩათვლით. დოკუმენტი მოუწოდებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მიმდინარე წლის მაისში, ალიანსის ჩიკაგოს სამიტზე წარმოადგინოს მითითებული სახელმწიფოების ნატო-ში შესვლის საგზაო რუკა, რამდენადაც, სენატორის აზრით, ეს ქვეყნები მზად არიან ალიანსის წევრობისათვის.
წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა, პირველ რიგში, უნდა განაცხადოს, რომ ქვეყნები, რომლებიც დოკუმენტშია ნახსენები - მიისწრაფიან ნატოს წევრობისკენ. ლუგარის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმ ამერიკულ დახმარებაზეც, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას.
„ნატო-ს გაფართოება საკვანძო ელემენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ბალკანეთის ახალ დემოკრატიებში სტაბილურობის გამყარებასა და პოლიტიკური რეფორმების გატარებას“ - განაცხადა სენატორმა. მისი თქმით, ნატო-ს წევრობის პერსპექტივამ არა მარტო გაამყარა რეგიონული უსაფრთხოება, არამედ დაეხმარა ქვეყნებს, ეკონომიკისა და ნაციონალური უსაფრთხოების სფეროებში აშშ-ის ახლო პარტნიორები გამხდარიყვნენ.
კანონპროექტში ცალკე თავი ეძღვნება აშშ-ის ბირთვულ ძალებს ევროპაში. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა გააფართოვონ შეკავების სისტემა მთელ რიგ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები.
„მომავალ მოლაპარაკებებზე აუცილებელია დავარწმუნოთ რუსეთის ფედერაცია, გააძლიეროს ტრანსპარენტულობა ევროპაში არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების საკითხებში და ეს შეიარაღება ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან მოშორებით გადაიტანოს“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, კანონპროექტი საერთოდ უარყოფს ე.წ. გავლენის პრივილეგირებული სფეროების ნებისმიერ გაგებას, რასაც შეერთებული შტატები ყოველთვის უსვამდა ხაზს. შეგახსენებთ, „პრივილეგირებული ინტერესების ზონაზე“, რომელშიც რუსეთის „ახლო საზღვარგარეთი“ ანუ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნები მოიაზრება, საუბარია დიმიტრი მედვედევის მიერ 2008 წლის ივლისში დამტკიცებულ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში.