ლევან გოთუას დაბადების დღე

  12:27:24     10-03-2012

1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა.

დღეს, ლევან გოთუას შემოქმედების თაყვანისმცემლები იკრიბებიან მცხეთაში, სამთავროს ეკლესიის ეზოში, სადაც დაკრძალულია დიდი მწერალი.

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ მისი მოთხრობა „ქვის დედაენა“. მანამდე კი დიდი მწერლის ბიოგრაფია მოკლედ.

მომავალი მწერალი დაიბადა თბილისში, ცნობილი პუბლიცისტის, მწერლის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, პართენ გოთუასა და სოფიო კემულარიას ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

საქართველოს ანექსიის შემდეგ ბოლშევიკებმა მათ ოჯახს სახლის დიდი ნაწილი და ქონება ჩამოართვეს და მეთვალყურეები მიუჩინეს.

1921 წელს ლევან გოთუა ძმასთან და თანამოაზრეებთან ერთად ჩაება ანტისაბჭოთა საქმიანობაში. თუმცა აჯანყება დამარცხდა. პართენ და ლევან გოთუები დააპატიმრეს. 7 თვე მოუწიათ ციხეში ყოფნა. 1925 წელს ლევან გოთუა ისევ დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სოლოვეცკის ბანაკში. 1926 წელს გაათავისუფლეს ბანაკიდან და გადასახლებაში გაუშვეს  ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მალე გადასახლების ვადაც გაუგრძელეს.

მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა გაქცეოდა აუტანელ რეჟიმს. მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს, აწამეს და სამი წლით საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. არც უცდიათ მისი დამუშავება და “დავერბოვკება”, იცოდნენ მრწამსით და საქმით ეროვნულ-დემოკრატი იყო.

გადასახლებიდან დაბრუნებულს თბილისში ცხოვრება აუკრძალეს და წალკაში დაიწყო მუშაობა ეკონომისტად. მალე ბოლნისში გადაიყვანეს. წალკაში დაწერა თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”.

იმ პერიოდში დაიწერა მისი პიესა “მეფე ერეკლე”. პიესამ საკავშირო კონკურსში მეორე პრემია მიიღო (პირველი პრემია არ გაცემულა). “მეფე ერეკლე” დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. მწერალს მისცეს უფლება თბილისში ცხოვრებისა, თუმცა მუდმივად უთვალთვალებდნენ. შემდეგ ლევან გოთუამ დაწერა “დავით აღმაშენებელი”, “უძლეველნი” და სხვა.

1946 წელს ისევ დააპატიმრეს და 10 წლით ვორკუტის ბანაკში გააგზავნეს. იქ დაიწერა „გმირთა ვარამის“ პირველი ნაწილი.

1960 წელს გადასახლებიდან გაათავისუფლეს. დიდი მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და არმაზში დასახლდა ცოლ-შვილთან ერთად.

 

თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში: “სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.”

დიდი მწერალი ლევან გოთუა გარდაიცვალა 1973 წლის 30 იანვარს. დაკრძალეს არმაზში, თავის ეზოში (სამწუხაროს ის ეზო მისი ოჯახის საკუთრება აღარაა). 2005 წელს გადაასვენეს მცხეთის სამთავროს ეზოში.

ქვის დედაენა

ქვეყანა დასეტყვილ ვენახს დაემსგავსა. მონღოლებმა მოაოხრეს ქართული მთა-ბარი. დაწიოკდა და აირია ხალხი.

ერთ-ერთ უდაბურ კლდეს, ბერთუბნის მახლობლად, შეეხიზნა მშობლებდაკარგული ბიჭი. ქვამარილის მეტი უბეში არა ედო რა. ბედად, გარეჯიდან გადმოხვეწილ ირმების მცირე რემას წააწყდა. ქვამარილი გაალოკვინა და მიიჩვია. მერმე ნუკრებთან ერთად სწოვდა ფურირემს. ეს იყო მისი პურიც და წყალიც. ასე გაჩნდა უდაბნოში ირმის ხევი.

ახლა ფეხდაკოდილი, ოჯახდაკარგული, ნალაშქრი მწიგნობარი გადმოვარდა ირმის ხევში. სატევარი და მშვილდ-ისარი შერჩენოდა, გუდაში დიდი წიგნი ედო, ზევიდან კი დაკრული ჰქონდა კათხა და წერაქვი.

ირმებს სდია, მაგრამ ფეხმა უმტყუნა. ზედაც ბიჭი გადაუდგა…

- მამისტოლა კაცო, ვინა ხარ? ჩემი ირმებია!

- საიდან გაჩნდი, ბიჭო? ედიშერ მწიგნობარი ვარ, ნაომარი და ნარბევი… შენი ირმებია? შენ კი ვიღა ხარ?

- ბიჭი-ხიმშია!

- სამი დღეა მშიერ-მწყურვალი ვარ! ფქვილი მაქვს და წყალი არა! – და ისევ ირმებს გააყოლა თვალი.

- ეგ კათხა მათხოვე… – ბიჭმა გამოართვა ჭურჭელი და წინ წარუძღვა. – წამო, ნაქვაბარში აგიყვან.

- აღარცთუ შორს იყო. ედიშერმა აათვალიერ-ჩაათვალიერა პირმონგრეული ნაქვაბარი, ქვევით, შორიახლოს, ირმები ბალახობდნენ.

ბიჭი რომ მობრუნდა, კლდის კვეთის ხმა შემოესმა. ქვაბის შიდა მხარეს აღრმავებდა ედიშერი, ქვის თახჩაზე გადაშლილი, დიდი წიგნი იდო.

ირმის რძეს დაეწაფა მაშვრალი. კათხა ჩაანახევრა, პირიდან ძლივს მოიშორა, ბიჭუნას უხმოდ გაუწოდა. მან არ გამოართვა…

- სულ შენია… რას გეყოფოდა მამისტოლას?! მე იქ უკვე…

ედიშერმა ერთი გაჯავრებულად შემოჰხედა ბიჭუნას:

- ტყუილი არ მითხრა, ბიჭო, თორემ იიმ წიგნს ვფიცავ… – მერმე სულმოუთქმელად გამოსცალა კათხა და უსიტყვოდ ეცა წერაქვს, ქვაბის კვეთა განაგრძო.

ბიჭუნას კი ცრემლი სდიოდა. უნებურად ტყუილი გამოუვიდა. მოტრიალდა, რომ მოსულს არ შეენიშნა. წინ წიგნი დახვდა – დიდი, უბეგადაშლილი საფიცარი, ყოველი საიდუმლოებით აღსავსე… იდო და თითქოს უხმოდ გალობდა… ჭიანჭველებივით გაბმულ-გამობმულად ისახებოდნენ ასოები, სტრიქონ-სტრიქონ გადარბოდნენ!

- კითხვა იცი? – ერთიც მოჰხედა ედიშერმა.

- არა…

- შეგირცხვა ირმის მადლი!

- მაინც რა წიგნია?!

- ვეფხისა. მაგით მიდგას სული და ძალა! – ედიშერმა უმატა კლდის შლას.

მართლაცდა ვეფხის ნათათად აჩნდებოდა ქვაბს მისი ნაძალი.

- ირმის რძე ჩემზე იყოს! – თავჩაქინდრულად ჩაიბუტბუტა ხიმშიამ.

- ვეფხის წიგნი და ქვის დედაენა – ჩემზე! – წერაქვის ნაკვესს ჩააყოლა ედიშერმა, თან ჩაულექს-ჩაუღიღინა:

თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად…
ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?

კიდევ დიდხანს იშრომა და ილექსა ედიშერმა, ვიდრე მზე არ ჩაელია ქვაბის ხახაში.

განცვიფრებით უსმენდა ბიჭი ხიმშია. გუმანით ხვდებოდა, რომ ის ლექსები სულ ამ ვეფხის წიგნისეული იყო… და თითქოს იგი ჰკვეთდა კლდეს და ამხნევებდა, აახლოვებდა უბედურ შეხიზნულთა გულთაც.

დილით ხიმშია ქვის ხრიალმა გამოაღვიძა. მწიგნობარი ქვაბში აღარ დახვდა. გული მოეწეწკა. მაგრამ უეცრად დაწყნარდა – ვეფხის წიგნი ისევ თავის ადგილზე იდო. გარეთ გაიხედა და შესავალი ვეღარ იცნო. მათი ქვაბი სრულიად მიუვალი გაეხადა ედიშერს.

- როგორღა ჩამოვიდე? – შესძახა ხიმშიამ.

- ჩემი გუდა დასჭერი თასმებად, ჩაგრიხე… მე სოლებს გავთლი საფეხურებად!

ხიმშიამ გუდა დასჭრა. საკმაოდ გრძელი და მაგარი თასმაღვედი გაგრიხა. ახლა ამ წიგნს მიუჯდა და დიდხანს, დიდხანს კრძალვით ფურცლავდა. ნახატებსაც წააწყდა… მოყმეს ფორეჯებიანი ტყავი მოეგდო, ერთგან ციხე იყო ცამდე აზიდული. მათი ქვაბის მსგავსი სადგომიც ნახა.

დიდხანს ეალერსა წიგნს. მაგრამ ყურადღება კაკბის გუნდების გადაფრენამ გაუმახვილა. მერმე ჯეირნებისა და შვლების დასავლეთისაკენ ერთობლივმა ლტოლვამ, მალე ედიშერიც მოვარდა ქოშინით. ჯაგის სოლები მოიტანა, ხიმშიას დახვედრებულ ღვედს მიუსადაგა, ზედ თავი დაამაგრებინა და ქვაბში ახოხდა:

- ნადირ-ფრინველი გარბის! ან დიდი მიწისძვრა იქნება, ან დიდი შემოსევა.

მალე ხიმშიას ირმებიც მოვარდნენ კლდის ძირში…

- ჩადი, მოწველე! მარილიც უხვად ალოკვინე… ესენიც თუ წავიდნენ, ვეღარც ჩვენ გავძლებთ! – ედიშერმა ცას შეჰხედა, ღრუბელა მზე საწვიმრად იკბინებოდა.

ხიმშია ჩაჰყვა ღვედის კიბეს. ედიშერმა კი ცეცხლი მოიკიდა, ზევიდან წყლის ჩამოსადენი ღარი გასჭრა, კლდეში საგუბარიც ამოსტეხა.

გათენებისას მოვარდა შხაპუნა. უდაბნომ ამოისუნთქა. ვიდრე აივსებოდა ქვის ავაზანი, ორთავ ხიზანი ქვაბის შესასვლელთან მუხლებზე იდგა და შხაპუნას სახეს უჩენდა.

გაიდარა და ხიმშია ირმების საძებრად წავიდა. ედიშერმა კი კვლავ შეაღრმავა ქვაბი, მერმე ჩავიდა და ველური პრასა და ნაცარქათამა მოიმარაგა. მგელსაც წააწყდა – ჯეირანი დაეკლა, ფაშვი გამოეჭამა.

ხიმშიამაც მოიტანა რძით სავსე კათხა, კაკბის ახალდაფრენილი ლაპიც დაეჭირა.

ჯეირანი გაატყავეს და იმღამესვე მთლიანად შეწვეს. ქვაბში ავიდნენ და კიბე აიკეცეს. კაკაბი გუდაში ჩასვეს. წიგნთან მიწვნენ და დაიძინეს.

მზეს ყვავების გუნდებმა დაასწრეს. აღმოსავლეთით რაღაც ბუღი ადგა. მერმე ალაპლაპდა და ამოძრავდა უდაბნო.

- მონღოლთ შემოსევა! – ჩაიდუდუნა ედიშერმა და ჩამოტეხილი ქვები ქვაბის პირთან მიზიდა, ამოაწყო, მხოლოდ საშუქიღა დასტოვა… თავად წიგნს მიუჯდა. ხიმშიამ წერაქვს სტაცა ხელი, მარცხენა კედელი, რომელიც ყველაზე ნათელი იყო, ჩამოასწორა, ჩამოაქანდაკა. ბოლოს ედიშერმა თავი დაანებებინა… გარეთ გაახედა…

- მოვიდნენ! ხმა არ გააღებინო წერაქვს!

გარესამყარო დაფარული იყო მონღოლთა ლაშქრით, აქლემქარავნებით, ხარგებით, მარქაფა ცხენებით, შუბოსანთა გუნდებით… თითქოს უდაბნო მეწყრად ადგა და წარღვნად დაიძრა! ხმა და მტვრის კორიანტელი ზარავდა ჰაერს…

ბიჭს კანკალი აუვარდა. ედიშერმა შეატყო და საჭვრეტს მოაცილა…

- აბა, ვიწყებ ანბანს… და ვიდრე შემოსევა გადაგორდება, ვეფხის წიგნია ჩვენი საფარი.! შიში არ გაივლო გულში, თორემ დედაენას ვეღარ ისწავლი – მოშანდაკულ მხარეზე ანბანი ზევიდან ქვევით, ისრის წვერით გამოუკაწრა, ბიჭს რამდენიმეჯერ გაუმეორა და ისარი გადასცა… – ახლა იმეორე და წერე!

თავად ისევ წიგნს მიუჯდა, არც გარესაჭვრეტელი დაივიწყა.

ხიმშია ნახევარ ანბანზე არ იყო ჩასული, რომ ქვის დედაენას გარედან შემოვარდნილი ისარი მოხვდა… მაგრამ ვერაფერი დააკლო და ჩამოვარდა. ერთი-ორიც გარექვებს მოხვდა. ედიშერმა ხელი სტაცა გუდას და კაკაბი გარეთ გაუშვა. ისიც დამფრთხალი ჭრიახით გადაევლო ძირს მომდგარ ურდოს და შორს გაფრინდა. მომხვდურებმა მაშინვე თავი ანებეს თითქოსდა უკაცრიელ ქვაბს და გაეცალნენ.

ხიმშიამ ახლა ორი ისრით განაგრძო ქართული ანბანის სწავლა და ქვაზე სახვა.

ერთი კვირა მაინც დიოდა მტრის ულევი ურდო. ერთი კვირა ებრძოდა და იზეპირებდა ხიმშია კლდის დედაენას. ასო-ასო ჩამოათავა კედელი. თანდათან უქრებოდა „ქვაბქვეით მოთარეშე უწიგნურთა” შიში, თითქოს ქვისა და ანბანის აბჯარში ჯდებოდა ბიჭი ხიმშია! ირმის ძუძუსაც მოითავებს და ახლა ვეფხის წიგნზე გადავა!

ედიშერმა კი, ჩურჩულით, ხელახლა გადაიკითხა დიდი წიგნი ქართველობისა, უკვდავ და ულევ სულიერ საზრდოდ და ნუგეშად სახული.

ერთ კვირას ეყოთ ჯეირნის ხორცი, მოხალული ფქვილი, ველური პრასა… წყალი კი უფრო ბლომად ჰქონდათ.

ხიმშია უკვე ანბანით ნიშნავდა და წერდა შემოსევის დღეებსა და თარიღებს. მერვე დღის კლდის თავიდან ჩამოგორდა ქვის მცირე შვავი.

შეფიქრიანდნენ ხიზნები, ხელი მშვილდ-ისარსა და წერაქვს დასტაცეს…

… მაგრამ მალე ირმის ყვირილი მოესმათ. იცნო ხიმშიამ… გარეთ გაიხედა… ახლომახლოში კაკბები კაკანებდნენ… უფრო გაბედულად გადაჰხედეს გარემოს.

არავინ ჩანდა. დაელოდნენ და როდესაც ირმები კლდის ქვეშ ჩამოუვიდნენ, მაშინ კი ჩაუშვა ედიშერმა ღვედის კიბე… ჩანს, „წარღვნა” გათავებული იყო. ხიმშია ჩავიდა პირველი, ქვამარილიც ჩაუტანა ირმებს… სათითაოდაც დაჰკოცნა მშვიდობის მახარობლები! რძეც ბლომად აუტანა თავის შეკოჭლებულ მასწავლებელს. ედიშერს ახლაღა მოაგონდა, რომ ფეხი დაკოდილი ჰქონდა და სტკიოდა. ხიმშია ახლა თამამად მივიდა გადაშლილ წიგნთან და ჯერ დახურა, თავფურცელი მოუნახა და სათაური წაიკითხა…
 
- „ვეფხისტყაოსანი”!.. ახლა კი, სადაც გერჩიოს, გადამიშალე!

ედიშერმა შენამული თვალები ჩაჰხარა და კარგა ხანს ჰფურცლა. მერმე ხელი დაადო. ბიჭმა მოიმარჯვა თავისი “ქვის დედაენა” და დამარცვლით, მაგრამ მიწყობილად წაიკითხა:

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა!