
გოკა გაბაშვილი: სოხუმელ მაფიოზებს ნარკოტრაფიკი კვებავს
19:53:28     09-03-2012
სოხუმი, ხვალინდელი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. გალის რაიონში, ვითარება დაძაბულია და ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული, რის გამოც, მოსახლეობა მოძრაობას ერიდება. ქართული მხარის შეფასებით, სეპარატისტთა „არჩევნები“ არალეგიტიმურია და მას კრემლის მმართველის, ვლადიმერ პუტინის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი” მმართველი გუნდის წევრს, დეპუტატ გოკა გაბაშვილს ესაუბრა:
- რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების დამხობით იმუქრება. მოსკოვში, პროცესების რა სცენარით განვითარებას ელით?
- ბერეზოვსკის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთში პოლიტიკური ვითარება გაცილებით შეცვლილია და თუ ადრე, ტრიუმფალურ მოედანზე, ოპოზიციურ შეკრებებზე, მაქსიმუმ ორასი კაცი გროვდებოდა, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, ახლა ათასობით მოქალაქე გამოდის. პროცესები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსი ხალხი ცხოვრების დონით უკმაყოფილოა.
- რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ამერიკის დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სატრანზიტო კორიდორია, რომლის საშუალებითაც, ნარკოტიკები აზიიდან ევროპის მიმართულებით გაედინება...
- ეს ინფორმაცია, ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველანაირი უკანონობისთვის, შავი ხვრელები არსებობს. სოხუმში, ძირითადად, ბიზნესი და მაფიოზური ინტერესები ერთმანეთზე არის გადახლართული და დამოუკიდებელი ბიზნესი არ არსებობს. ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსებული ბანდების შემოსავლის ძირითადი წყარო - ნარკოტრაფიკია.
- აშშ-ს ეს ანგარიში იმაზე მიუთითებს თუ არა, რომ რეგიონში საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანა?
- რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოში გავრცელებული პოზიციაა, რომელსაც ამერიკა იზიარებს. ქართულ მხარეს, არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება აუცილებელია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას ითვალისწინებს. რეგიონში მშვიდობისმყოფელების შეყვანა აუცილებელი და გადაუდებელია. სხვანაირად, წარმოუდგენელია, რადგან მაფია დანაშაულის ხარჯზე ცხოვრობს.
- ხვალ, სოხუმში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, სადაც 35 მანდატისთვის 150 კანდიდატი იბრძვის. როგორია ქართული მხარის პოზიცია?
- აფხაზეთში, ვერანაირ არჩევნებზე ვერ ვისაუბრებთ, მანამ, სანამ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ მოსახლეობის უმეტესობა არ დაბრუნდება, რომელიც იქედან იარაღის ძალით გამოყარეს. 90-იან წლებში, რუსების საოკუპაციო არმიამ, აფხაზეთიდან მოსახლეობა გამოდევნა და იქ არჩევნები ვერ შედგება. ე.წ არჩევნები არალეგიტიმური იქნება, რომელსაც მსოფლიოში პუტინის გარდა, არავინ აღიარებს.
- აფხაზეთში, „წითელ წიგნში“ შეყვანილ ცხოველებზე ნადირობენ. ქართული მხარე, თუ აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს?
- რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან რეაგირება იქნება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. საერთაშორისო ძალებს, ტერიტორიაზე შესვლის საშუალება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ფლორისა და ფაუნის დაზიანებით დაწყებული, გარემოს დაცვითი პრობლემებით, ნარკოტრაფიკით, მკვლელობებითა და ყაჩაღობით დამთავრებული - ეს მთელი პაკეტია, რის ხარჯზეც, ოკუპირებული ტერიტორიები ცხოვრობს.