
ივანიშვილი "მეცხრე არხს" აქტივისტებით აკომპლექტებს
16:14:29     09-03-2012
ლუბა ელიაშვილი ბიძინას კარის სუფლიორია. ყოველ შემთხვევაში, მას ივანიშვილის გარემოცვაში ცენზორად იცნობენ, რომელსაც ახალგაზრდა ბიძინისტების გაწვრთნა ოლიგარქთან შეთანხმებული სქემით ევალება, მათ ტექსტებს თავად უწერს და გახმოვანებას სთხოვს.
ამ გახმოვანებას კი ივანიშვილის კარზე ლუბა ელიაშვილი განაგებს, სწორედ მისი სახელი დაასახელა ზაზა სვანაძემ ჩვენთან ინტერვიუში, როცა ,,პრესა ჯი“-ს განუცხადა - ელიაშვილს ლამის მონებად ჰყავს ქცეული ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილის კარზე დასმულ ელიაშვილს აბარებენ პატაკს. ის მათ ივანიშვილთან შეთანხმებული ინსტრუქტაჟით წვრთნის.
ელიაშვილს ნამდვილი მონათმფლობელური წყობილება აქვს აწყობილი ივანიშვილის კარზე. თუმცა მას თინა ხიდაშელი აკონტროლებს, ეს ორი ბანოვანი კი ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანსო.
სვანაძის ბრალდებებზე ლუბა ელიაშვილს აქამდე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია და ჩვენ სწორედ ამიტომ დავუკავშირდით მას:
„პრესა.ჯი“: გაჟღერდა, რომ თქვენ უწერთ ტექსტებს „მეოცნებე“ ახალგაზრდა აქტივისტებს და თქვენ წყვეტთ, ვინ რა და როგორ უნდა თქვას კამერების წინ. ზაზა სვანაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა - ელიაშვილი აქტივისტებს აზომბირებს და მისი ცენზურის ქვეშაა ყველაფერიო...
ლუბა ელიაშვილი: ზაზა სვანაძეს არ ვიცნობ და არაა ის ადამიანი, მე რომ პასუხი უნდა გავცე. თუ ვინმე ვინმეს ეძახის მონას და ვინმე ვინმეს ავარჯიშებს, მათ უნდა ჰკითხოთ. მე არ ვკურირებ ამ ახალგაზრდების საქმიანობას...
- ...და რას აკეთებთ შუშის სასახლეში, რა არის თქვენი ფუნქცია ივანიშვილის კარზე?
- მე არაფერს არ ვკურირებ, ტელეკომპანია ,,მეცხრე არხში“ მაქვს შეტანილი განცხადება. ვაპირებ „მეცხრე არხზე“ ვიმუშაო.
მე, უბრალოდ, მხარდამჭერი ვარ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების“. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვიმეორებ: არაა სვანაძე ის კაცი, მე მას პასუხი რომ გავცე. მე ახალგაზრდებსაც ვხვდები, ხანში შესულებსაც და მათ უნდა ჰკითხოთ, რასაც სვანაძე აბრალებს...
- ხიდაშელთანაც გქონიათ დაპირისპირება, სწორედ ამ ტექსტების დაწერისა და ახალგაზრდების მართვის გამო...
- დავუშვათ ეს დაპირისპირება იყო, საიდან ეცოდინებოდა სვანაძეს? ჩემმა ვაჟმა უკვე გასცა პასუხი სვანაძის უსაზიზღრეს ბრალდებას და თუ კიდევ გაიმეორებს, აუცილებლად პიროვნულად უჩივლებს...
ახალგაზრდებს უნდა ჰკითხონ, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ჩემთვის დაებრალებინათ, საკადრის პასუხს გავცემდი.
- ქალბატონო ლუბა, ამ ყველაფერს თქვენ უსასყიდლოდ აკეთებთ ივანიშვილის სასახლეში თუ...?
- როგორ გეკადრებათ? რას ვაკეთებ ისეთს.. ჩვეულებრივად, მხარდამჭერი ვარ. მე ტელევიზიასთან მაქვს გენაცვალე კავშირი, არა მაქვს პარტიასთან შეხება, აქ უბრალოდ, მისი მხარდამჭერი ვარ“.
პ.ს: სვანაძის ბრალდებას რომ თავი დავანებოთ, ლუბა ელიაშვილის ამ მოკრძალებული ინტერვიუდან ორი საინტერესო მომენტი ნათლად გამოჩნდა.
პირველი: გაუგებარია, როგორ ან რატომ უნდა გასცეს პასუხი რეჟისორ ზაზა სვანაძეს, პოლიტიკაში წასული ლუბა ელიაშვილის ვაჟმა?
და მეორე: ელიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“, შესაბამისად კი, ოლიგარქ ივანიშვილის მხარდამჭერია. იგი ინტერვიუში ამბობს, რომ აპირებს ივანიშვილის „მეცხრე არხზე“ იმუშაოს...
ქალბატონი ჟურნალისტის ამ განცხადებიდან ალბათ უკვე ნათელია: რამდენად ობიექტური იქნება ივანიშვილის ტელევიზია და რამდენად მიუკერძოებლები იქნებიან იქ მომუშავე ჟურნალისტები!