ტარას შევჩენკოს დაბადებისა და გარდაცვალების დღეები

  13:53:04     09-03-2012

9 და 10 მარტი (შესაბამისად ძველი სტილით 25 და 26 თებერვალი) დიდი უკრაინელი პოეტის, მწერლის, მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, ტარას შევჩენკოს დაბადებისა და გარდაცვალების დღეებია. დიდი უკრაინელი დაიბადა 1814 წელს, გარდაიცვალა 1861 წელს.

იგი დაიბადა გლეხის, ყმის ოჯახში. მამას გრიგორი ივანეს ძე ერქვა - ტარას შევჩენკო, რომელსაც არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... მერე გამოისყიდეს... მისი გარდაცვალების თარიღი, 1861 წელი დაემთხვა რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმების დასაწყისს...

როგორც ვხედავთ, მისი ცხოვრება სავსეა სიმბოლური თარიღებით. დაიბადა კონსტანტინელოლის პატრიარქის, ტარასის ხსენების დღეს, რომელიც იყო ინიციატორი 787 წელს ნიკეაში ჩატარებული მსოფლიო VII კრებისა, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა. ტარას შევჩენკოს ბიოგრაფია და მოღვაწეობა ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს...  რუსული იმპერია მერეც ცდილობდა მისი თავისუფლება შეეზღუდა, აეკრძალა მისთვის მოღვაწეობა.

ტარას შევჩენკოს დაბადებისა და გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ ტარას შევჩენკოს ლექსი „ჩემთვის ერთია“, რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა. სადაც პოეტი ამბობს, რომ უკრაინის ბედი მისთვის, რა თქმა უნდა, სულ ერთი არ არის... შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდმა პოეტმა წინასწარ იგრძნო თავისი ძვირფასი სამშობლოს დიდი უბედურება, რომელიც მოელოდა მას წითელი რუსული იმპერიისაგან...

მანამდე კი მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია.

1823 წელს დედა დაეღუპა, მამამ სამშვილიანი ქალი მოიყვანა ცოლად. დედინაცვალი მას მკაცრად ეპყრობოდა. ტარასს უფროსი და უვლიდა, რომელიც მალე გათხოვდა.

1825 წელს მამაც დაეღუპა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება უფრო მძიმე გახდა. ხან ვისთან მუშაობდა და ცხოვრობდა, ხან ვისთან. მასწავლებელთან ცხოვრებისას წერა-კითხვა ისწავლა, მღებავებთან კი ხეტვის ელემენტარული ცოდნა შეიძინა.

ბატონმა ენგელგარტმა 1829 წელს თავისთან წაიყვანა სამუშაოდ. მალე ენგელგარტმა ყმაწვილი ტარასი მხატვარ-პორტრეტისტ იან რუსტემს ჩააბარა სასწავლებლად. ტარასს ხომ ხატვის მშვენიერი უნარი აღმოაჩნდა. შემდეგ ბატონი სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, ტარასიც თან წაიყვანა და ოსტატ შირიაევს მიაბარა, რადგან უნდოდა მისი შინა მხატვარი გამხდარიყო ტარასი.

შევჩენკო შეამჩნიეს კარგმა ადამიანებმა, მხატვრებმა, მწერლებმა, მოღვაწეებმა უკრაინიდან და რუსეთიდან. მათ გადაწყვიტეს გამოესყიდათ ყმობიდან შევჩენკო. ენგელგარტი დიდხანს ვერ დაიყოლიეს.

ბოლოს, 1838 წლის 22 აპრილს 2 500 მანეთად მოხდა ტარას შევჩენკოს გამოსყიდვა ყმობიდან. ენგელგარტის სახელს ვინ შემოინახავდა, ის რაიმეთი კავშირში რომ არ ყოფილიყო ტარას შევჩენკოსთან. თავისი კეთილისმყოფლები მომავალ დიდ მხატვარს და პოეტს არსდროს დავიწყებია და მათ სხვადასხვა ნაწარმოებები უძღვნა. იმ წელსვე ტარასი მიიღეს ხელოვნების აკადემიაში.     

მალე გამოვიდა მისი ლექსების პატარა კრებული, „კობზარი". მისი შემოქმედებითი წარმატებები სულ-უფრო და უფრო იკვეთებოდა. მალე თავისუფალი მხატვარი გახდა, იმოგზაურა მშობლიურ უკრაინაში, სადაც გაიცნო თავადის ასული რეპინა და დაუმეგობრდა მას.

იმ დროის რუსეთში განვითარებული და პროგრესული ადამიანებიც კი წინააღმდეგი იყვნენ უკრაინული ლიტერატურის არსებობისა.

უკრაინამ გული გადაუხსნა ტარას შევჩენკოს.

შევჩენკო გახდა „კირილესა და მეთოდეს თანამეგობრობის" გულმხურვალე მხარდამჭერი. რის გამოც სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგის მხარეში. შევჩენკოს კიდევ უფრო დაუმძიმა სასჯელი „ცუდ რუსულ ენაზე" შექმნილმა „არალეგალურმა ლექსებმა". ეს მოხდა 1847 წელს. მას აუკრძალეს წერა და ხატვა.

პოეტს ძალიან გაუჭირდა ერთფეროვან, ულამაზო და დამთრგუნველ გარემოში ჩაკეტვა. განსაკუთრებით გაუჭირდა შემოქმედებითი საქმოანობის აკრძალვა. „ყველა ჩემი ძველი ტანჯვა-წამება ახლანდელთან შედარებით ბავშვური ცრემლებია. მიმძიმს, ძალიან მიმძიმს", წერდა ის. ბევრმა სცადა მას დახმარებოდა, რათა ხატვის უფლება მაინც მიეცათ მისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ზოგიერთი სამხედროს თანაგრძნობა კი ძვირად დაუჯდა და უფრო უარეს ადგილას გადაიყვანეს, ნოვოპეტროვსკოეში.

10 წელი გადასახლებაში გაატარა.

არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს მოაკლდა ის განძი, რომელიც შეეძლო შეექმნა ტარას შევჩენკოს ათი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი აღმავლობის წლებში. ეს იყო დიდი დანაშაული მსოფლიო ხელოვნების წინაშე.

კეთილი ხალხის დახმარებით მოახერხა და მიიღო თავისუფლება, ახლა უკვე მეორედ, ყმობის შემდგომ. თუმცა ეს მეორე პატიმრობა უფრო უარესი აღმოჩნდა, თუ პირველი ყმობა-პატიმრებისას პიროვნული თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული, გადასახლებისას შემოქმედებითი თავისუფლება, - მისთვის, როგორც მტატვრისა და პოეტისათვის უფრო აუცელებელი, - ჰქონდა ჩამორთმეული.

გათავისუფლების მერე სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. შეუდგა საყვარელ საქმანობას, მაგრამ მისი ჯანმრთელობა ძალიან შერყეული იყო. ამ დროს გრავირებითაც იყო გატაცებული.

ტარას შევჩენკომ გადაწყვიტა შეედგინა სასკოლო სახელმძღვანელოები უკრაინულ ენაზე.

1859 წელს უკრაინაში წავიდა. მას უნდოდა პატარა მამულის ყიდვა დნეპრის სანაპიროზე. მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა, იქ დასახლება ვერ შეძლო. 1861 წლის 26 თებერვალს (ახალი სტილით 10 მარტს) ტარას შევჩენკო გარდაიცვალა. როგორც გადმოგვცემენ, ტარას შევჩენკო დაკრძალეს სწორედ იმ ადგილას, სადაც დასახლება უნდოდა.

მას მერე მთელ უკრაინაში სამუდამოდ სახლობს ტარას შევჩენკო. დიდი უკრაინელი, უკრაინული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და შესანიშნავი პოეტი, უკრაინელი ხალხის საამაყო შვილი და კლასიკოსი მხატვარი.

ჩემთვის ერთია

(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)

ჩემთვის ერთია, სადაც ვიქნები,
უკრაინაში თუ სხვა მხარეში,
დე, დამივიწყონ ჩემი წიგნებით,
ჩამქოლონ თოვლის ცივ სამარეში,
ჩემთვის ერთია სადაც ვიქნები!

*

მე მონობაში აღვიზარდე და ვსუნთქავ დღემდე,
არ დამიტირებს ახლობელი სიკვდილის შემდეგ,
მოვკვდები, არვინ არ შემიბრალებს,
და თან წავიღებ ყველაფერს მალე.
მე თან წამყვება, როგორც სინაზე,
ფიქრი საყვარელ უკრაინაზე.
ჩვენს მკვდარ და მაინც უცხო მხარეში
არავის ვტოვებ სიმწუხარეში.
მამა არ ეტყვის შვილს - აღსდეგ მისთვის,
ვინც რომ აწამეს უკრაინისთვის.

*

ჩემთვის ერთია - ილოცებს შვილი,
თუ არ დარჩება მხოლოდ გულგრილი.
მაგრამ არ არის ჩემთვის სულ ერთი,
რომ ურდოები საშინელ მტერთა
ჩვენს უკრაინას დააძინებენ -
გასცარცვავენ და გააღვიძებენ -
სისხლიდან დაცლილს, ცეცხლმოკიდებულს,
გადაოხრებულს, მტვერში დაგდებულს,
ო, ეს არ არის ჩემთვის სულ ერთი!