გამოვიდა მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნი

  13:47:05     09-03-2012

გამოვიდა მოხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნი „სულის ყვავილები“. მიხეილ ღანიშაშვილს კარგად იცნობენ ლიტერატურის მოყვარულები. მისი რამდენიმე ნაწარმოები შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველსაც, მათ შორის პოემებიც.

„სულის ყვავილები“ მიხეილ ღანიშაშვილის მეშვიდე წიგნია. მიხეილ ღანიშაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ჭართალაში, მდინარე ილტოს ხეობაში, 1964 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. არის მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანების, პოეტური ორდენის - „მარადახალი ქნარის“ თავმჯდომარე.

წიგნში შესულია 400–მდე ლექსი და 8 პოემა. ეს არის პოეტის მხატვრული შემოქმედების მეტ–ნაკლებად სრულყოფილი გამოცემა, რომელშიც გაერთიანდა როგორც ადრინდელ გამოცემებში შესული, ისე ბოლო წლების მანძილზე დაწერილი და გამოქვეყნებული ნაწარმოებები. ლექსები და პოემები დალაგებულია თემატური პრინციპით, ციკლების სახით. პოეტი აგრძელებს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციულ გზას, უხვად იყენებს როგორც აკადემიურ სალექსო, ისე ე. წ. მთისკილოურ საზომს. წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს მისი თემატური და მხატვრული მრავალფეროვნება, სტილისტური დახვეწილობა, ენობრივი გამართულობა და სიმდიდრე, არქაისტული და დიალექტური ფორმების გაბედული, მაგრამ ზომიერი გამიყენება.

ავტორი: ილტოსპირელი – მიხეილ ღანიშაშვილი
წიგნის დასახელება: სულის ყვავილები (ლექსები და პოემები)
რედაქტორი და წინასიტყვის ავტორი: ინგა მილორავა
რეცენზენტი: ტრისტან მახაური
კორექტურა: ბელა ქისტაური
კომპიუტერული უზრუნველყოფა: პაატა ქორქია
დიზაინი: ნიკა ხვედელიძე
ყდა: მუყაო, ფერადი, ლამინირებული
გვერდების რაოდენობა: 472
ISBN 978-9941-9242-7-9
გამომცემლობა: საუნჯე

გავიხსენოთ მიხეილ ღანიშაშვილის ორი ლექსი, რომელიც ადრე შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს.

ღირს მამა გიორგის

უნდა ვიფიქრო, ალბათ, კიდევ დიდხანს და დიდხანს,
და ვცადო: უფრო ჭეშმარიტად ვიწამო ღმერთის,
რომ გავხსნა ესე საკვირველი ჩემდამი კითხვა:
იქ, წყალწითელა სადაც კონცხებს კლდეების ერთვის...

ტაძარი როა მოწამეთის, როგორც ფასკუნჯი,
ფიქლების ქედზე შემომჯდარი, მშვიდად, დიადად,
ხოლო ტაძარსა შინა დავალს თეთრი საუნჯე,
ძალუძს რომელსაც, აცისკროვნოს ყველა წყვდიადი...

მამა გულღია, თეთრ-მწყაზარი, მღვდელი უბრალო,
თმა-წვერ დაშლილი, თითქოს მიწას განრიდებული,
მარტივად მთქმელი შენი სიბრძნის, ჩვენო უფალო,
ადამიანი, მაგრამ სულიწმიდით ცხებული...

ჩენს დარღვეულ ჟამს, სხეულს, სულს და გადაგვარებას,
საიდან, როგორ, რანაირად აღმოხდა ნეტავ?
ძველი დროების ჩამორეკეს თითქოს ზარებმა,
თითქოს წმინდანთა ჩვენთა ლამაზ აჩრდილებს ვხედავ...

როშკასთან

როშკასთან ცივი ნიავი,
ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა სჩანს აღარსად,
გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.
აღარცერთს აღარ დავუცდი,
ლამაზო, შენის ჯიბრითა,
ქარაფში ჩავიჩეხები,
ქვიშას ჩავიტან ჯიბითა.
თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის,
მამირთავს ვერცხლის შიბითა,
რაისად მოვკვდი?-გპასუხობ:
არ გიყვარდი და იმითა.