
ბორის ბერეზოვსკი: პუტინს კრემლიდან, ფეხებით, 9 მაისამდე გაიტანენ
12:02:59     09-03-2012
რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების დამხობით იმუქრება. ოლიგარქის შეფასებით, კრემლის მმართველი დამნაშავეა და ის, კონსტიტუციით, პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო. ბერეზოვსკის მტკიცებით, ის პუტინის „ჩამოგდებას“ ამზადებს, რომელიც 9 მაისამდე მოხდება.
რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ოლიგარქმა, ერთ–ერთ უკრაინულ გამოცემას – ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთში ჩატარებულ არასამართლიან არჩევნებსა და საკუთარ გეგმებზე საუბრობს. ბერეზოვსკის თქმით, ოპერაცია, რომელიც კრემლმა 4 მარტს მოაწყო, საზოგადოების წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი ქმედება იყო.
„ხელისუფლებამ საზოგადოება გააუპატიურა. საზოგადოებას არჩევანი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების ძალადობას ძალადობითვე უპასუხოს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. უფრო მეტიც, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას ამბოხის უფლება გააჩნია, თუ ხელისუფლება კანონს არღვევს. ამიტომ, საზოგადოებას აქვს უფლება, საკუთარი ინტერესები ძალისმიერი მეთოდებით დაიცვას. ვლადიმერ პუტინი დამნაშავეა, რადგან მას, მესამე ვადით გაპრეზიდენტების უფლება არ ჰქონდა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არჩევნები არ ერქვა, არამედ, ეს კრემლის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია იყო“ – აცხდებს ბიზნესმენი.
ბერეზოვსკის ინფორმაციით, არჩევნებში, პუტინმა რეალურად, ხმათა 31 პროცენტი დააგროვა და არა 64 პროცენტი. რაც შეეხება იმ საკითხს, რუსეთში პროცესები თუ რა სცენარით განვითარდება, ოლიგარქი ამბობს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები დიდ მასშტაბებში გადაიზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
ამას გარდა, ბერეზოვსკი ოპოზიციის დაფინანსებასაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ რუსეთში, მშვიდობიანი რევოლუცია აღარ მოხდება. თუმცა, არც სამოქალაქო ომი იქნება. „პუტინის მხარდასაჭერად, 10-15 ადამიანის გარდა არავინ გამოვა, მის წინააღმდეგ კი, ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვა, მილიონობით თუ არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პუტინის ინაუგურაცია მაღალი ალბათობით არ შედგება, რადგან პუტინს, კრემლიდან „წინა ფეხებით“ 9 მაისამდე გაიტანენ“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განცხადებებს, ბერეზოვსკი არასოდეს ერიდება, მაგრამ ოლიგარქი, კრემლის მმართველს განსაკუთრებით, წინა საარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდა. ბერეზოვსკის შეფასებით, პუტინი „სუფთა ბანდიტია“, რომელიც პასუხისმგებელია 1999 წელს სახლების აფეთქებაზე, ჩეჩნეთის მეორე ომზე, ბესლანზე, „ნორდ-ოსტზე“, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, „ფსბ“-ს ექს-პოლკოვნკის ლიტვინენკოს მკვლელობაზე და იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი იძულებულია ქვეყანა დატოვოს.