
სისხლიანი „9 მარტიდან“ 56 წელი გავიდა...
11:26:14     09-03-2012
56 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სტალინის კულტის გამოცხადების შემდეგ, ქართველები პროტესტის გამოხატვის გამო სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის დედაქალაქში ტრაგიკული მოვლენები, სწორედ 1956 წლის 9 მარტს დატრიალდა.
კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, სწორედ ამ წელს მოხსენება გააკეთა, სადაც საუბარი იყო პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ.
საბჭოთა ქვეყნებში, ხრუშჩოვის ამ განცხადებამ, შეშფოთება გამოიწვია და გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.
პარტიის მე–20 ყრილობაზე, საპროგრამო სიტყვის დროს გახმოვანებული კულტის იდეა, ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.
ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში, სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს, დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.
ახალგაზრდების მიერ დაწყებული დემონტრაციები, მალევე მასობრივ აქციებში გადაიზარდა. სტუდენტებს, მათი მშობლები და ახლობლებიც შეუერთდნენ.
ქალთა საერთაშორისო დღეს კი, დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.
დემონსტრანტები აქციების შეწყვეტას არ აპირებდნენ და თან მოთხოვნებს ახმოვანდებდნენ. ახალგაზრდების მოთხოვნები ძირითადად პოლიტიკური ხასიათის იყო. მაშინ გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლება, აღარ აპირებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების ყურებას თბილისის ქუჩებში. 9 მარტს, მოსკოვში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
შეტაკება, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და საბჭოთა კავშირის საჯარისო ნაწილებს შორის, 9 მარტს ღამით მოხდა. ამ დრომდე, არ არსებოს დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები. თუმცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაღუპულთა რიცხვმა 1000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა შორის ძირითადად სტუდენტები იყვნენ.