
რაზე ისაუბრეს პუტინმა და გულუამ?
07:44:44     09-03-2012
ვლადიმერ პუტინი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა მძიმე საარჩევნო ბრძოლა და წინ არანაკლებ მძიმე დღეები და სამუშაო ელის, როგორღაც, დროს ნახულობს და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მინდია გულუას ხვდება…
პარტია „განახლებული საქართველოსათვის“ ინფორმაციით, სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსათვის“ მთავარი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს უკვე შეხვდა.
რაზე ისაუბრეს, როგორც ამბობენ, დიდი ხნის მეგობრებმა?
გავრცელებული პრესრელიზი ინფორმაციულად საკმაოდ მწირია. თუმცა საუბრის თემების განსაზღვრა თავად გულუას რამდენიმე დღის წინანდელი ინტერვიუდანაც შეიძლება, სადაც მან პუტინთან შეხვედრის გეგმა და რამდენიმე საკითხიც დააანონსა: გულუა ამბობდა, რომ შეეცდება დაარწმუნოს პუტინი - შეცვალოს საქართველოსადმი მიდგომა.
თუმცა მისი “იმედები” ცხადია არ გამართლდა. პუტინმა გულუასაც იგივე უთხრა, რაც 2 დღის წინ ჟურნალისტებს. კერძოდ, კრემლის ბოსის თქმით, ქართულ-რუსული პრობლემები საქართველოს დღევანდელი ხელისულების ქმედებებითაა გამოწვეული.
„ხელისუფლება ოსებთან და აფხაზებთან სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, დღეს სხვა სურათი იქნებოდა. ქართველ ხალხთან რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს და აუცილებლად მოიძებნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი,“ - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით უცნობია, შეეცადა თუ არა მინდია გულუა იმის გარკვევას, რა გამოსავალზე საუბრობდა პუტინი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ კრემლის ახალმა მპყრობელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხში კურსი არ შეიცვლება და უკანდახევა არ იქნება.
როგორც გულუა ამბობდა, სწორედ ამ განცხადების გამო არ მიულოცა მან პუტინს არჩევნებში გამარჯვება. თუმცაღა, იქვე სცადა პუტინის „უხერხული მდგომარეობიდან“ გამოყვანა და ახსნა, რომ „იდეაში მე ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ მან ემოციების ფონზე არასწორად გამოხატა თავისი აზრი“.
რას ეფუძნება გულუას ოპტიმიზმი?
როგორც ცნობილია, მინდია გულუა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. ის პუტინისა და კრემლის მეგობრადაც მოიაზრება. ცოტა ხნის წინ, გულუამ საქართველოში „ოპოზიციური პოლიტიკური ფრონტის“ შექმნაც დააპირა…
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 4 მარტის არჩევნების შემდეგ პუტინის განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოა და თუკი არჩევნების შემდგომ მძიმე დღეებში მან გულუასთან შეხვედრის დრო გამონახა, ეს არ იქნებოდა შემთხვევითი აუდიენცია. მით უმეტეს, რომ გულუას საქართველოში თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს, ისევე როგორც, ვლადიმერ პუტინს.
ამიტომ, კიდევ რაზე ისაუბრეს საქართველოში გულუამ და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაზე მეოცნებე პუტინმა, ამაზე მხოლოდ ვარაუდებით საუბარი შეიძლება, რადგან შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.