ირანს „სერიოზული დიალოგის“ გამართვისკენ მოუწოდებენ

  07:22:06     09-03-2012

ირანს მოუწოდებენ წინაპირობების გარეშე დაიწყოს  „სერიოზული“ დიალოგი მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში გაეროს ატომური უწყება ამბობს, რომ თეირანთან გამართულმა მოლაპარაკებამ „კონკრეტული შედეგები“ უნდა მოიტანოს - და ირანის მთავრობას მოუწოდებს საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას ობიექტზე, სადაც, გავრცელებული ეჭვით, შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მიმდინარეობდეს მუშაობა.

ირანმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ შესაძლოა პარჩინის ბირთვულ ობიექტზე მართლაც დაუშვას უცხოელი დამკვირვებლები - თუმცა, გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელის, იუკია ამანოს თქმით, ამის შესახებ თეირანი ოფიციალური განცხადებით არ გამოსულა. პარალელურად, ირანის უზენაესი ლიდერი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომელშიც ის ირანის კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატიის გამოყენებაზე საუბრობს, და არა სამხედრო ძალაზე.

რადიო „თავისუფლება“