ტორონტოს გარეუბანში ნაპოვნი ცხედარი, შესაძლოა, ქართველ გოგონას ეკუთვნოდეს

  21:41:08     08-03-2012

დღეს კანადის ყველა ტელეარხი ქართველ გოგონაზე საუბრობს, რომელიც ტორონტოში, 2009 წლის 14 ოქტომბერს გაუჩინარდა. კანადის პოლიციამ იანგის ხევში სასტიკად ნაწამები ქალის ცხედარი იპოვა, რომლის ხანდაზმულობაც, მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებას ემთხვევა.

მახნიაშვილის დედა კომენტარს არ აკეთებს, მან პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა ცხედრის ტანსაცმელი აჩვენონ, რაზეც თანხმობა მიიღო. ზუსტ პასუხს,  აღმოჩენილი ცხედარი არის თუ არა მარიამ მახნიაშვილის, დნმ-ის პასუხი დაადგენს, რომელიც ერთ კვირაში იქნება.

მახნიაშვილების ოჯახი კანადაში საცხოვრებლად 2008 წელს გადავიდა და ტორონტოში, ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა. 2009 წლის 14 სექტემბერს, მარიამ მახნიაშვილი უმცროს ძმასთან ერთად "ფორესთ ჰილის" სკოლაში მივიდა, ძმას უთხრა, რომ სკოლაში სხვა შესასვლელიდან შევიდოდა. ამის შემდეგ მახნიაშვილის კვალი იკარგება. დაკარგული გოგონას მშობლებმა ტორონტოში, ადგილობრივ მედიაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს. მახნიაშვილის ძებნა ადგილობრივმა პოლიციამ მაშინვე დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მარიამ მახნიაშვილი 14 ოქტომბერს, გაუჩინარების დღეს, "მაკდონალდსში", 50 წლის მამაკაცთან ერთად ნახეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ოკოტოკსში ნახეს, როდესაც ტურისტებს ინდიელების ტრადიციულ სუვენირებს სთავაზობდა.

მახნიაშვილის გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ დააკავა მარიამის მამა, მას ბრალად ახალგაზრდის დაჭრა ედებოდა. მოგვიანებით კი იგი მეზობელს დაესხა თავს და მისი დაჭრაც სცადა. მარიამ მახნიაშილის დედა ამ ინციდენტებს მისი შვილის გაუჩინარებას უკავშირებდა.