
ზაფხულში, პარლამენტის აპარატის რამდენიმე ასეული ვაკანსია გამოცხადდება
17:15:39     08-03-2012
მერვე მოწვევის პარლამენტი, ქუთაისის ახალ შენობაში, მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეიკრიბება, მაგრამ მანამდე, ქვეყნის უმაღლესი ორგანო, აპარატის თანამშრომლების შესარჩევად, იმერეთში, ზაფხულში, ვაკანსიებს გამოაცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ქუთაისელებს, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში, დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
მისი განმარტებით, ზაფხულში, პარლამენტის აპარატის რამდენიმე ასეული ვაკანსია გამოცხადდება, რაც ქუთაისში დასაქმების პერსპექტივას გააჩენს.
ამას გარდა, სპიკერის განცახდებით, პარლამენტი, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებთან სპეციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ სტუდენტებს, საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების გავლა შეეძლებათ.
ბაქრაძის თქმით, პრაქტიკის გავლის შემდეგ, ვინც წარმატებული იქნება, უნივერსიტეტის დამთავრების მერე, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას დაიწყებს.
უნდა ითქვას, რომ ამ მოწვევის პარლამენტი სტუდენტებთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ დროისთვის, საკანონმდებლო ორგანოს, ფრაქციებისა და კომიტეტების აპარატებში, დაახლოებით ასი სტუდენტი გადის სტაჟირებას. ამას გარდა, დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავის დროზე, პარლამენტში სტაჟირების შემდეგ დასაქმდნენ.
რაც შეეხება იმერეთში მშენებარე, ახალ საკანონმდებლო ორგანოს, მერვე მოწვევის პარლამენტის შენობაში, პირველი სიმბოლური სხდომა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება. სხდომას, დეპუტატებთან ერთად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.