მაია ფანჯიკიძემ აღიარა, რომ ეკა ხვედელიძე ბუტაფორიული ლიდერი იქნება

  15:30:31     08-03-2012

როდის გამოჩნდება საზოგადოების წინაშე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის პირველ ნომრად დაანონსებული ეკატერინა ხვედელიძე, ჯერ კიდევ უცნობია.

თუმცა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ,,ინტერნეტ.ჯი’’–სთან საუბარში აცხადებს, რომ ის საინტერესოდ გამოჩნდება.

მაია ფანჯიკიძე აღიარებს, რომ ეკატერინა ხვედელიძე მხოლოდ ბუტაფორიულად იქნება პარტიის ლიდერი და ის მეუღლის აზრებსა და ინტერესებს გაახმოვანებს, არადა ეკატერინა ხვედელიძე საკმაოდ ამბიციურ განცხადებებს აკეთებდა და იმედოვნებდა, რომ წარმატებული ქალი ლიდერი იქნებოდა.

თანაც მხოლოდ რჩევებს მიიღებდა მეუღლისგან. როგორც ჩანს, ივანიშვილმა მას პოლიტიკური კარიერის დასაწყისი დაუწუნა და მიხვდა, რომ ხვედელიძის საზოგადოებაში გამოჩენა აშკარად წამგებიანია.

თანაც ივანიშვილის ორბიტაზე, როგორც მისივე გუნდიდან გამოქცეული ადამიანები ყვებიან, ქალთა ,,ტროიკა’’ აკონტროლებს სიტუაციას. ეკატერინა ხვედელიძეს კი მათ ფონზე არათუ გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებაც კი არ მიეცემა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამფინანსებლის მეუღლეა.  შესაბამისად, ხვედელიძის კარიერასთან ერთად მისი პოლიტიკოსობის საწყისებიც ფანჯიკიძემ ასე შეცვალა.

მაია ფანჯიკიძე (,,ინტერნეტ.ჯი’’): თუ ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს შეუქმნიდნენ და მოქალაქეობას არ აღუდგენენ, ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა ეკატერინე ხვედელიძე, ამით ივანიშვილი შეეცდებოდა თავისი გვარი გაეჟღერებინა.

ეკა კი ფუნქციებს ფორმალურად აიღებდა. რაც შეეხება პოლიტიკოსობასა და პოლიტიკის გატარებას, ამას ივანიშვილი გააკეთებს. ეკატერინა ხვედელიძე კი, თუ საჭირო გახდა აუცილებლად გამოჩნდება და დამიჯერეთ ძალიან საინტერესოდაც“.