როგორ გადაიქცა ოლიგარქი გარემოცვის მონად... (ფაქტები)

  14:22:06     08-03-2012

ბოლო დროს ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხუხაშვილისა და უსუფაშვილის პირადი მძევალი გახდა, ხოლო მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი თინა ხიდაშელის თანაშემწე. 

მაგალითად, რეჟისორმა ზაზა სვანაძემ, რომელმაც „ქართული ოცნება“ პროტესტის ნიშნად ცოტა ხნის წინ დატოვა, პირდაპირ განაცხადა: „ქართულ ოცნებაში სრული ქაოსია, ლუბა ელიაშვილი და თინა ხიდაშელი უფროსობენ და სხვებს ჭკუას ასწავლიან. ელიაშვილი წყვეტს ვინ როდის და რა უნდა თქვას კამერების წინ თუ მიტინგზე. 

იქ ერთმანეთს მტრობენ და ყველა პირველობას ცდილობს. ერთმანეთს ზურგს უკან ლანძღავენ და პირში - უცინიან“. 

„სახალხო კრების“ წევრმა და ბიძინა ივანიშვილის სტუმარმა, ნონა გაფრინდაშვილმა „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ღიად გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბევრ რამეს ივანიშვილისგან მალულად აკეთებენ. 

„როცა ჩვენი შეხვედრის ამსახველი ვიდეო გააყალბეს და მხოლოდ ცალმხრივად წარმოაჩინეს, ეს  ივანიშვილის გარემოცვამ მასთან შეთანხმების გარეშე გააკეთა“ - თვლის ნონა გაფრინდაშვილი. 

ნეპოტიზმის, დასმენის, ქაოსისა და ურთიერთლანძღვის გამო დატოვა „ბიძინას ოცნება“ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნანა დევდარიანმაც, რომელიც საჯარო განცხადებებში პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებდა „რესპუბლიკელთა“ დომინანტობაზე „ქართულ ოცნებაში“. 

ის მართალია შეფარვით, მაგრამ მაინც ხაზს უსვამდა იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ „პარადი“ არა ივანიშვილს, არამედ „რესპებს“, კონკრეტულად კი ქართული პოლიტიკის კაშკაშა ცოლ-ქმარს, უსუფაშვილ-ხიდაშელს მიჰყავს.  

ბევრი სხვა მაგალითისა თუ არგუმენტის მოყვანა შეიძლება იმის საილუსტრაციოდ რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არა გადაწყვეტილებების მიმღები, არამედ ხიდაშელ-უსუფაშვილ-ალასანია-ხუხაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია. 

კერძოდ: ივანიშვილის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსად ვაკო ავალიანის დანიშვნა, ირაკლი ალასანიამ ჯერ ხუხაშვილ-უსუფაშვილთან შეათანხმა, მერე ხიდაშელმა ივანიშვილის ცოლს უთხრა, ბოლოს კი, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი, ივანიშვილსაც აღირსეს საქმის კურსში ჩაყენება მაია ფანჯიკიძის მეშვეობით... 

ხუხაშვილის რჩევით გააკრიტიკა „სახალხო კრებასთან“ შეხვედრისას ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძე. 

ლუბა ელიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ გადაწყვიტეს თუ როგორ დაემონტაჟებინათ ივანიშვილ-„სახალხო კრების“ შეხვედრის ამსახველი ვიდეო, როგორ უნდა წარმოჩენილიყო ივანიშვილი ამ ვიდეოში და რომ „სახალხო კრების“ პოზიცია ოლიგაქრის „ფეისბუქზე“ განთავსებულ ვიდეოში არ უნდა დაფიქსირებულიყო... 

სიძე-ცოლის დის, ალასანია-ფანჯიკიძის დუეტი წყვეტს რა და როგორ უნდა თქვას ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. 

შიდა პოლიტიკის „მაესტრო“ ქალბატონი თინა ხიდაშელია, რომელიც ხან ივანიშვილის ცოლს აკონტროლებს, ხანაც „რესპების“ ამბიციებით სახტად დარჩენილ „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის სახეებს მოძღვრავს.    

თუმცა, „ივანიშვილის ოცნების“ საინიციატივო ჯგუფშიც არაა ჯანსაღი სიტუაცია. მაგალითად, ვინმე ვოლსკიმ, რომელიც დღემდე ვერავინ გაარკვია ვისი და რისი ექსპერტია, არჩილ კბილაშვილის „სექსუალურ მოუმწიფებლობაზე“ გვარიანად იქილიკა... 

და ბოლოს: ვიდრე გარემოცვისგან მართულ-მოკაზმული ჩვენი ოლიგარქი თავისი ჭორვილულ-უცნაური დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით ევროპას გააკვირვებს, მისი „ქართული ოცნების“ პატარა „მოდერატორ-გებელსები“ არასასურველ კომენტარებს მუსრს ავლებენ. 

ივანიშვილის „ფეისბუქზე“ ცენზურაა დაწესებული. ოლიგარქის მოდერატორები მომენტალურად ბლოკავენ „ანტი-ივანიშვილისტებს“ და იმ იუზერებს, რომლებიც მისი უჭორვილესობის უწყინარი კრიტიკით გამოირჩევიან... 

გთავაზობთ ივანიშვილის ცენზორების მიერ წაშლილ რამდენიმე კომენტარს: 

„ნერვები მეშლება რა, ბატონ ბიძინას წველიან და ვერ ხვდება. ნუთუ ვერ ხვდებით ბატონო ბიძინა, რომ თქვენივე გარემოცვის რუპორი გახდით?“. 

„კარგით ხალხნო. ეს ივანიშვილი მართლა გარემოცვის ტყვედ გადაიქცა. ხუხაშვილს რომ კაცი დაუჯერებს... რაც მან საწყალი ბადრი გამოიყენა ის არ ეყო? ახლა ამას მიადგა. ივანიშვილი ალბათ აზრზეც არაა, რომ ხუხაშვილი მას გამოიყენებს და მერე მოისვრის ჭუჭყიანი წინდასავით“. 

„ბატონო ბიძინა გადაეცით თქვენს მოდერატორებს, რომ ნუ შლიან კრიტიკულ კომენტარებს. ამით თქვენ გიწევენ დათვურ სამსახურს“. 

„ოლიგარქო, ესაა თქვენი დემოკრატია? კომენტარების წაშლაში ხართ მაგარი და არა დემოკრატიის აშენებაში“. 

„ვერაფერი გავიგე - მიშას აბრალებენ სიტყვის თავისუფლება მოკლაო და ესენი უარესს აკეთებენ. „ცუდ“ კომენტარებს შლიან და იუზერებს ბლოკავენ. ამით გვაკვირვებ ბატონო ბიძინა? ცენზორები და კომუნიზმი გავიარეთ, რატომ გვატყუებ თქვენი ვითომდა დემოკრატობით?“.  

პ.ს: მედია-ექსპერტების აზრით, თუ ხელისუფლებაში ჯერარმოსული ივანიშვილი ასე გამწარებული ებრძვის განსხვავებულ აზრს და კრიტიკას ვერ იტანს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები ციხეში ამოალპოს.