სიმონ გუგუნავას „დედა ენა“
13:19:32     08-03-2012
ცნობილი ქართვლი პოეტი სიმონ (სვიმონ) გუგუნავა დაიბადა 1839 წლის 30 ივნისს სოფელ ძიმითში, გურიაში. მისი მამა იყო ცნობილი ლოტბარი დავით (დათა) გუგუნავა, დედა ელისაბედ მიქელაძე წიგნის მოყვარული და განათლებული ქალი გახლდათ. ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონიათ.
სიმონ გუგუნავა სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1889-1898 წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1898 წლიდან ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ-შუამავალი. 1888 წელს გამოვიდა სიმონ გუგუნავას ისტორიული პოემა „თამარიანი. ლექსად თქმული“, რომელიც გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის“ პოეტური გადამუშავებაა. პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა.
გადმოცემის თანახმად, როგორც წერს ხუტა ბერულავა, „თამარიანის“ მეათე გამოცემის წინასიტყვაობაში, გურიის სოფელ გორაბერეჟოულში, აკაკი წერეთლის რჩევით, რაფიელ ერისთავმა და სიმონ გუგუნავამ პირობა დადეს, რომელი მათგანი უკეთ გალექსავდა გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიულ რომანს „თამარ ბატონიშვილი“. ორივე ავტორის „თამარიანი“ 1888 წელს გამოიცა...
სიმონ გუგუნავას „თამარიანმა" დიდი პოპულარობა მოიპოვა (1888-1970 წლებში ათგზის გამოიცა), მისი მზითებში წაღება პრესტიჟული იყო. პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა. სვიმონ გუგუნავა საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. მაგალითად, ცნობილია, რომ სხვებთან ერთად ისიც დაეხმარა სოფელ აკეთს სახალხო ბიბლიოთეკის დაარსებაში...
სვიმონ გუგუნავა გარდაიცვალა 1909 წლის 18 ივლისს, ქუთაისში. დაკრძალულია იქვე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჩვენთვის ცნობილია, რომ 2001 წლის ბოლოს აუქციონზე გამოტანილი იყო სვიმონ გუგუნავას და მისი მეუღლის პორტრეტი, შესრულებული ტილოზე გ. კეშელავას მიერ 1869 წელს. აქ შეიძლება შეცდომა იყოს დათარიღებაში, ვინაიდან სიმონ გუგუნავას შვილიშვილისა და სეხნიას - სიმონ გუგუნავას თქმით, მისი ბაბუა 1872 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ასულ ფედოსიზე, რომელიც სილამაზით ყოფილა განთქმული და თავის დასთან, ელენესთან ერთად ბევრჯერ ყოფილა „სილამაზის პრიზის“ მფლობელი პეტერბურგში.
გაიყიდა თუ არა აღნიშნული ტილო არ ვიცი, თუმცა კარგი იქნებოდა ის შეეძინა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს (ან სხვა მუზეუმს) და იქ გამოფენილიყო პოეტისა და მისი მეუღლის პორტრეტი...
დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ სიმონ გუგუნავას მშვენიერ ლექსს „დედა ენა“. ეს ლექსი შესანიშნავია არ მარტო როგორც პოეზიის ნიმუში, არამედ როგორც იდეოლოგიური ნაწარმოები, რომელსაც ჩვენს დროშიც არ დაუკარგავს აქტუალობა.
დედა ენა
ჩემო ამზრდელო ენაო,
აჰყვავდი, იწყე ფრენაო,
გისურვებ, სხვათა ენები
შემოგნატროდნენ შენაო.
ავტორი
ენა ცხოვრების წყაროა, უკვდავი, დაუშრობელი,
ენა კუკური ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
ენა სიბრძნეა აწმყოსი, ლამპარი გაუქრობელი.
ენა აქვს კაცობრიობას კედლად და საფუძველადა,
ენა სვეტია ერისა, მასზედ სდგას იგი მრთელადა,
ენა აზრს დაასაბუთებს და შეიქმს ხორციელადა,
ენაში გამოიხატვის ბუნების ძალა ვრცელადა.
ენაა ხალხის დიდების სალარო შესანახავი,
წარსულთა საუკუნეთა შენს წინა გამომსახავი;
ენა სიწმინდის კვერთხია, უზადო, დაუზრახავი,
ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი.
რა ბავშვი შობოს დედამა, ძუძუ აქვს საწოებელი,
ერთად ძუძუსთან ენაა იმისი მსაზრდოებელი;
ენა თან დასდევს, მსახურობს ვითა ერთგული მხლებელი,
ენაა მისი საკვები და მისი მაცოცხლებელი.
ენაა მანათობელი გვირგვინი ხალხოსნობისა,
ენა სულია ცხოველი იმისი არსებობისა,
ენა ჯილდოა ღვთიური კაცობრივისა გრძნობისა,
ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა.
ბავშვი ენაში გაიცნობს თავისა გარეშემოსა,
სულიერის და უსულოს საგანთ სახელს და გემოსა,
ვინც რომ ზამთარი გაცარცვა და გაზაფხული შემოსა,
მოქალაქობის, სამართლის კერძოსი, გინდ სათემოსა.
დედას რომ შვილი მოსტაცო, აღარ აჩვენო თვალითა,
მშობლურის გრძნობით ნაწლევნი დაეწვას ცეცხლის ალითა,
ვერ შეუმცირებ სატანჯველს ვერა ყინულის წყალითა,
მაგრამ მეორეს დაბადებს ბუნებრივისა ძალითა.
თუ ხალხს სამშობლო წაართვით, განსდევნეთ სხვაგან ბნელშია,
ხალხი კვლავ ხალხად დარჩება, არ დაინთქმება ხვრელშია;
ან შეიქმს ახალ სამშობლოს უდაბურს ტყე და ველშია,
ან დაიბრუნებს თავისას, მტერს გამოსტაცებს ხელშია.
რაცა აქვს ყველა წაართვით, ნუ შეეხებით ენასა,
და როცა ენას წაართმევთ, დაჰკარგავს ხედვა-სმენასა;
ვერ დაიბრუნებს წართმეულს, დაიწყებს კბილთა ღრჭენასა,
ბოლოს გაქრება, მოკვდება, მოსპობს სულისა ქშენასა.
არიან ზოგი ქალ-ვაჟნი ჩვენივე მიწის შვილები,
სასწავლებელში გავლილნი, სიყრმიდგან ნაცოდვილები,
აღარ მოგვანან ქართველებს, გგონიათ გამოცვლილები,
თავის ენაზედ საუბარს ირცხვიან დალოცვილები.
ენა გვაქვს წინაპართაგან, ვით განძი გადმონაცემი,
და როგორც სჯული, ენაა უმაღლეს პატივსაცემი,
ვინც ენას დაამახინჯებს, იქნება მისი დამცემი,
ის ჩაითვლება საეროდ, ვითა იუდა გამცემი.
რომელიც გასცვლის უცხოზედ მშობლიურს ანაბანასა,
ის თავის ძმასაც უმუხთლებს, გულში ჩაასობს დანასა,
ვინც დედა ენით არ უმღერს თავის სამშობლოს ნანასა,
ქების წილ ზიზღით ვიხსენებ ქართველსა ამისთანასა.
(„კვალი“, 1893 წ., # 14)