პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის „მშვიდობის მტრედია“

  07:36:03     08-03-2012

ვლადიმერ პუტინს, მიხეილ სააკაშვილი, საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასოდეს ავიწყდება. თუმცა, ჟურნალისტების წინაშე ის ამ თემაზე ახალი ზღაპრებით წარსდგა.

მაგალითად, პუტინი ამტკიცებდა, რომ თბილისი-სოხუმი-ცხინვალის შერიგების ინიციატორი თავად ყოფილა და თურმე ყელგამოღადრული ეხვეწებოდა სააკაშვილს, აფხაზებთან და ოსებთან მოელაპარაკა, მაგრამ სააკაშვილს არ დაუჯერებია…

ის მოუყვა ჟურნალისტებს, რომ 2008 წლის კონფლიქტამდე, არაერთხელ მოუწოდა სააკაშვილს „რომ უნდა მოილაპარაკოთ ამ ხალხთან, არაერთხელ ვუთხარი, რომ არ მიეყვანა სიტუაცია სისხლისღვრამდე. მან თქვა, რომ არ იზამს ამას. და რა გააკეთა? ყველაფერი პირიქით“  - ამბობს პუტინი.

ის კვლავ იმეორებს, რომ ქართველ ხალხთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობის აღდგენის იმედიც აქვს, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკან დაბრუნებას არ აპირებს.

ამ თემაზე მან არჩევნების დღესაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის კურსი აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთთან” მიმართებაში არ შეიცვლება. „უკან დახევას არ ვაპირებთ“ - აღნიშნა ხაზგასმით.

პუტინს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას ელოდება და ერთი სული აქვს ეს მოხდეს, რათა, როგორც თავად ამბობს, ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღადგინოს, თურმე, არ სცოდნია, როდის არის საქართველოში არჩევნები. არადა ამბობს, რომ „ამაზე ბევრია დამოკიდებული.“

„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგის წარმოება შეუძლებელია, დიალოგი შესაძლებელია ახალ ხელისუფლებასთან“ - განაცხადა მან, როცა ჰკითხეს -  შეიცვლება თუ არა მისი პრეზიდენტობის 6-წლიან პერიოდში რუსეთის რიტორიკა საქართველოს მიმართ. „არ ვიცი, როდისაა არჩევნები საქართველოში? ამაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული“ - უპასუხა მან ქართველ ჟურნალისტს.

პუტინმა დღეს არაპირდაპირ ისიც აღიარა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსეთს აჭარის საკითხში ჩარევის სურვილი და შესაძლოა, გეგმაც ჰქონდა. მან საქართველოსთან მიღწეულ რაღაც შეთანხმებებზე დაიწყო საუბარი, რომლის თანახმადაც, „რუსეთი არ ჩაერეოდა აჭარის კონფლიქტში და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა, საქართველომ კი არ შეასრულა შეთანხმება… მიღწეულ იქნა შეთანხმება იმაზეც, რომ აჭარაში რუსული ბაზის ადგილზე შეიქმნებოდა კონტრტერორისტულ ცენტრი. აბა, სად არის ეს ყველაფერი? როგორ მოველაპარაკოთ ამ ადამიანებს?“ - მხრებს იჩეჩს პუტინი და ცდილობს დამაჯერებელი იყოს, რათა ვიდრე სააკაშვილი გასცემდეს პასუხს (ის ელოდება პასუხს), მის სიტყვებში ეჭვი აღარავის ეპარებოდეს.