
აკაკი მინაშვილი: მოსკოვს „აღიარების“ პროექტი ჩაუვარდა…
06:59:17     08-03-2012
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტუვალუს პრემიერი, ვილი ტელავი, აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიემგზავრება.
მათი ცნობით, ტუვალუს პრემიერი ტელავი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმას არ აკონკრეტებს, ტელავის “გამბედაობის” გამო, ტუვალუს ბიუჯეტი კიდევ რამდენი ათასით შეივსება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯუჯა სახელმწიფოებისთვის, სეპარატისტთა ლიდერებთან მეგობრობა სარფიან ბიზნესად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში ჩასვლას, ნიკარაგუასა და ვენესუელას წარმომადგენლებიც გეგმევენ, რათა „არჩევნებს“ დააკვირდნენ. იმედია, აფრიკული ქვეყნების დელეგაციას სეპარატისტები ისე არ გაუმასპინძლდებიან, როგორც ცოტა ხნის წინ, საკუთარ ლიდერს - რაულ ხაჯიმბას.
უნდა ითქვას, რომ ტუვალუსა და ნიკარაგუას ქვეყნების ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს, ქართული მხარე არასერიოზულს უწოდებს.
როგორც პრესა.ჯი-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ტელავი სოხუმში რომ ჩადის, ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ ჩაუვარდა რუსეთს .ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების პროექტი.
“ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულია. კრემლი ამ კვაზისახელმწიფოებს აიძულებს, სეპარატისტთა დამოუკიდებლობა აღიარონ, მაგრამ რუსეთის ყველა მცდელობა იმას აჩვენებს, რომ მოსკოვის პროექტი ჩავარდა”, - აცხადებს მინაშვილი.
მართალია, აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 19 მარტისთვის არის დანიშნული და ცოტა დრო რჩება, მაგრამ იმედია, ტელავი ფულის თვლის ნაცვლად, ზოგად საარჩევნო სისტემებს მაინც გადაავლებს თვალს.
რაც შეეხება ტუვალუსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, თანამშრომლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე შეწყდა.
საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა, თუმცა, ტუვალუს მიერ სეპარატისტთა აღიარების შესახებ, 2011 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც კრემლმა ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მზადყოფნა გამოთქვა.
შეგახსენებთ რომ ბოლო პერიოდში, სეპარატისტთა რეგიონის დამოუკიდებლობა რამდენიმე ისეთმა ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა, როგორიცაა ვანუატუ და ტუვალუ. არსებული ინფორმაციით, თავის დროზე, ტუვალუსთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებაც აქვს აღმოჩენილი. მართალია, ჯუჯა სახელმწიფოებისთვის აღიარების პოლიტიკა ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა, მაგრამ კრემლი საერთაშორისო არენაზე, ქართული მხარის ძალისხმევით, დიპლომატიურ კრახს ხშირად განიცდის.