ნონა გაფრინდაშვილი: ვიდეო, რომელიც ივანიშვილის „ფეისბუქზე“ დაიდო, გაყალბებულია

  19:10:08     07-03-2012

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებთან ვაჭრობას განაგრძობს. ამჯერად ბიზნესმენმა არჩევანი „სახალხო კრებაზე“ შეაჩერა და ფსონიც დადო. თუმცა ოლიგარქის ეს „პროექტი“ და ბიზნეს-გარიგება ვერ შედგა. „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძის გარეშე ოლიგარქთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

„გამორიცხულია ნინო ბურჯანაძის გარეშე მასთან თანამშრომლობა“, -  განაცხადა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა „პრესა.ჯი“–სთან საუბარში. 

გაფრინდაშვილი ოლიგარქის კოალიციის წევრებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს. გაფრინდაშვილის თქმით, ვიდეო, რომელიც ბიზნესმენის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელდა, სპეციალურად დაამონტაჟეს ისე, რომ წარმოჩენილიყო თითქოს კრება თანახმაა ნინო ბურჯანაძის გარეშე მასთან თანამშრომლობაზე. 

„პრესა.ჯი“ „სახალხო კრების“ ოლიგარქთან შესაძლო თანამშრომლობაზე  და ივანიშვილის კოალიციის პოლიტინტრიგებზე ნონა გაფრინდაშვილს ესაუბრა.    

presa.ge:  აპირებს  „სახალხო კრება“ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას ნინო ბურჯანაძის გარეშე? 

ნონა გაფრინდაშვილი: გამორიცხულია. ასე საკითხი არც დასმულა და ვერც ვერავინ დასვამდა. ჯერ ეგ ერთი, მათთან თანამშრომლობა წარმოგვიდგენია მხოლოდ სხვა კუთხით. ჩვენგან არავინ აპირებს მათ კოალიციაში შესვლას. სხვა თანაშრომლობაზე მიდის საუბარი აქ, თუ შედგა. საუბარი არის მოძრაობაზე და მუშაობაზე, რომ ჩატარდეს არჩევნები სამართლიანად. შემდეგი მოწოდება რომ არჩევნები გაყალბდა, ზედმეტი იქნება. ეს უნდა იყოს გამყარებული თავიდანვე და გარანტირებული. 

-  თქვენ შესაძლოა აქციები მანამდე დაიწყოთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდება? 

- არა ქუჩის აქციები ცუდი სიტყვაა და სხვანაირად ჟღერს. თან საზოგადოებას ცუდად ესმის. ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდობიან პროტესტს ყველა გამოხატავს პლაკატებზე წარწერით, რომ სთხოვენ სამართლიან არჩევნებს. გარდა ამისა, ამისთვის ფორმა ძალიან ბევრია. გარდა ამისა, „სახალხო კრება“ ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოიაზრება და არავის აქვს უფლება, თქვას - შენ ახლა გაჩერდი, განზე გადექიო. ეს არასწორია. ჯერ ეს რა ნათქვამია? 

- მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა  მიმართა ბურჯანაძეს და მოუწოდა, რომ „ხელი არ შეუშალოს“... 

-  ხელს არავინ შეუშლის... „ფეისბუქზე“, ბიძინა ივანიშვილის გვერდზე რა ვიდეოც დაიდო, მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ქმედება. იმ ვიდეოში არ ჩანს ჩვენი პასუხები მაგ თემაზე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამოიღონ ის ვიდეო, რაც საიტზე დადეს, ან დადონ სრული ვიდეო შეხვედრის.   

- დაამონტაჟეს და გააყალბეს ვიდეო? 

- დამონტაჟებული კი არა, იქ  იყო მხოლოდ ერთი კუთხით, ერთი ეპიზოდი დადებული. ჩვენი საუბარი იქ არ ჩანს და საერთოდ არ არის ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული. აქედან გაჩნდა აზრი, რომ „სახალხო კრება“ დაიშალა და გადავიდა ივანიშვილთან. 

არაფერიც არ დაშლილა და არც არსად გადავსულვართ.  მე ეს არ მითქვამს არასდროს და ახლა ვამბობ პირველად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო, რომელიც ივანიშვილის „ფეისბუქზე“ დაიდო, გაყალბებულია. ეს ივანიშვილის გარემოცვის  გაკეთებულია, მასთან შეთანხმების გარეშე.