
სვეტლანა მედვედევა, ამჯერად, იტალიაში უზრდელობს
17:06:59     07-03-2012
სვეტლანა მედვედევა პირველი ლედის რანგში ბოლო ვნებებს იოკებს. მან ამჯერად იტალიის ქალაქი მონტეკატინი ტერმე „დააყენა ყურებზე.“ როგორც ირკვევა, სვეტლანა მედვედევას, რომელიც თავისი საზღვარგარეთული ვოიაჟების დროს განსაკუთრებული კაპრიზულობით გამოირჩევა, ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია.
იტალიაში მყოფი ჟურნალისტი ანდრეი მალიგინი წერს: „ამ მშვიდ ადგილზე აურზაურია. გუშინ ჩემგან ერთ კილომეტრში მდებარე Grand Hotel La Pace-ში სვეტლანა მედვედევა შემოვიდა…“
დიმიტრი მედვედევის მეუღლის ვიზიტები, რაც არ უნდა პირადი დანიშნულების იყოს, როგორც წესი, მასპინძელ ქალაქებს კარგად ამახსოვრდებათ ხოლმე - ძირითადად, რუსეთის პირველი ლედის უსაქციელობის გამო. ამჯერადაც, სვეტლანამ გარდა იმისა, რომ სასტუმროს პერსონალი ააფორიაქა, უარი თქვა მიეღო ქალაქის მერი, რომელმაც, როგორც მასპინძელმა, საჭიროდ ჩათვალა მედვედევის ქალბატონი მოენახულებინა. რუსეთის პირველმა ლედიმ მერი, უბრალოდ, არ მიიღო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სვეტლანა კი არ კაპრიზობს, არამედ, უზრდელობს. რამდენიმე ხნის წინ, თავისი კულტურა მან ქალაქ ბრიუგეს მერის წინაშეც გამოავლინა. მერი, რომელმაც სვეტლანას დასახვედრად ხალიჩები გაშალა, ქალბატონს ამაოდ ელოდა 2 საათის განმავლობაში.
მძიმე დღეები უდგას სასტუმროს, სადაც სვეტლანა მედვედევა 21 მარტამდე დარჩება და როგორც ამბობენ, თერმული წყლებით მკურნალობის კურსსაც ჩაიტარებს. პირველი ლედის ჩამოსვლამდე დაძაბული რეჟიმი ჰქონდა რუსეთის ელჩსაც იტალიაში, რომელიც რამდენჯერმე ესტუმრა აღნიშნულ სასტუმროს, რათა დეტალურად შეესწავლა, როგორ აპარტამენტებში მოუწევდა ცხოვრება რუსეთის პირველ ქალბატონს და რას შესთავაზებდნენ საკვებად. იქნებ ამიტომაც, სვეტლანას ჩასვლას მონტეკატინი ტერმეში ადგილობრივი პრესა ასეთი ირონიული სათაურით შეხვდა: „დედოფალი ტერმეში“.
თუმცაღა Grand Hotel La Pace არც ისე ხელწამოსაკრავი სასტუმროა, რომელიც სხვადასხვა დროს სრულიად აკმაყოფილებდა ისეთი გრანდების მოთხოვნილებებს, როგორებიც არიან ჯუზეპე ვერდი, ჯაკომო პუჩინი, ჯინა ლოლობრიჯიდა, ოდრი ჰეპბერნი, ჯანი მორანდი, ხულიო იგლესიასი, ეროსი რამაცოტი და სხვები…
სასტუმრო, რომელსაც პირველი ლედი 30-კაციანი დაცვის თანხლებით „დაესხა“ თავს, ამჯერად მის სრულ განკარგულებაშია. მედვედევებმა (ამბობენ, რომ დიმიტრი მედვედევიც ჩავა) ის მთლიანად იქირავეს, - სულ 130 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, ტერასები, უმშვენიერესი ხედები… დახურეს რესტორანიც, რომელიც 21 მარტამდე ჩვეულებრივ მოკვდავებს ვეღარ მიიღებს და მხოლოდ მედვედევის მეუღლის კვებაზე იზრუნებს. ეს კი, არც ისე იოლი საქმეა, რადგან ყველას კარგად ახსოვს სვეტლანას კიდევ ერთი ბელგიური ისტორია, როცა მან შოკში ჩააგდო რამდენიმე რესტორნის პერსონალი: მაგიდა 20 ადამიანზე შეუკვეთეს, მაგრამ იქ არავინ მისულა და არც ადმინისტრაციისთვის შეუტყობინებიათ რამე. როგორც გაირკვა, პრეზიდენტის მეუღლემ ბოლო წუთებში გადაიფიქრა და რესტორან Duc de Bourgogne-ში მისვლა არჩია. მაგრამ კარგი დღე არც ამ დაწესებულებას დადგომია. როგორც მისი პერსონალი ჰყვება, მენიუ 6-7-ჯერ მიუტანეს. სვეტლანა ახალ-ახალ შეკვეთებს უკვე შეკვეთილი კერძების მზადების მომენტში ცვლიდა, ზოგჯერ მას შემდეგაც, როცა უკვე კერძს მიართმევდნენ, - წერდა მაშინ ბელგიური პრესა, რომელიც აღშფოთებული დარჩა რუსეთის პირველი ლედის უტაქტობით. იტალიელები კი, როგორც ჩანს, „დედოფლის“ დასახვედრად უკვე შემზადებულები არიან.