
რუსი მზვერავის უნებლიე აღიარება: გულწრფელად გვჯეროდა, რომ ჩვენები წავიდოდნენ თბილისზე…
06:31:50     07-03-2012
რუსი მზვერავი ალექსეი უხვატოვი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა, დღემდე გულში ატარებს წყენას თავის მეთაურებზე, იმიტომ რომ მოატყუეს…
თუმცა ამჯერად უხვატოვის წყენაზე უფრო მეტად საინტერესო ის დეტალებია, რომელზეც ის 5-დღიანი ომის ზოგიერთი ეპიზოდის გახსენებისას საუბრობს.
აგვისტოს ომში დაზვერვის გარდა ყველაფერს აკეთებდა.
„ჩვენ არ უნდა გვეომა და არ უნდა გვეკეთებინა ეს რაღაც სისულელეები. ანუ, უნდა გვეომა განსაზღვრულად და არა ისე, როგორც მოგვთხოვეს. მე, სიმართლე რომ გითხრათ, ამოცანის დასახვის მთელმა პროცესმა ტრავმა მომაყენა. ჩვენი ჯგუფი, მთელი ჩემი 50 ადამიანი, უნდა მივსულიყავთ ადგილზე, გვენახა რა ხდებოდა, ზუსტად აგვესახა, თუ სად იმყოფებოდა მტრის თითოეული ჯარისკაცი და მერე ეს ინფორმაცია უმაღლეს შტაბში გადაგვეცა. მაგრამ პროცესში მოულოდნლად ამოცანა შეგვიცვალეს. გვითხრეს: თქვენ შეხვალთ ქალაქში, შეძლებისდაგვარად აიღებთ რამდენიმე კვარტალს, თუ ეს გამოგივათ, გაჩერდებით იქ 10-12 საათი და თუ ესეც გამოგივათ, უფრო წინ წახვალთ და ასე შემდეგ“ - ყვება მზვერავი.
შევიდა კიდეც ცხინვალში. როგორც ამბობს, ღამით, მას და მის ჯგუფს ქალაქის
სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთის ნაწილი დაუკავებია. უხვატოვი თარიღებს არ ასახელებს, თუმცა თხრობას იმით განაგრძობს, რომ ქართველები ცხინვალში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ის და მისი „კოლეგები“ ხელმძღვანელობას უკვე საომრად და ცხინვალის ასაღებად ჰყავდა გაშვებული.
„დილის 8 საათზე ქართველებმა დაიწყეს შეტევა. ჩვენ მეთეურებთან მთელი ამ საკითხების ორგანიზება მოვახდინეთ. თეორიულად, 11 საათისთვის, ჩვენი ჯარები უნდა შემოსულიყვნენ ჩემს პოზიციებზე, მე კი უნდა გავსულიყავი და ჩემი საქმით დავკავებულიყავი - დაზვერვით. მაგრამ ბედის ირონიით, არავინ მოვიდა…“
უხვატოვი ამის მერე სამშვიდობო ბატალიონში მიდის, სადაც როგორც ამბობს, პანიკა, მორალურად განადგურებული ჯარისკაცები და დევნილები დახვდა. მათი ქალაქიდან გაყვანის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა ცხინვალში და „ისევ დავიკავეთ კვარტლები, ისევ მივიღეთ კისერში, მაგრამ ამჯერად უკვე ჩვენი ახალი ძალები მოვიდნენ. ჩვენ გორში წავედით. იქ კი ავტობუსები დადიან, ტროლეიბუსები, ადამიანები გაჩერებებზე დგანან. არავინ ომს არ ელოდება. გორისთვის ჩვენ ხელი არ გვიხლია, მხოლოდ სამხედრო ნაწილი დავცხრილეთ ცოტათი, მერე ტყეში დავდევდით ქართველებს 2 ღამე.
თბილისიდან 14 კილომეტრში კი დაგვიჭირა სახმელეთო ჯარების მეთაურმა და დამიწყო ყვირილი. ვერ გავიგე, რა აყვირებდა? ჩვენ უკანასკნელი რადიოსადგურიც დაგვიჯდა, არ ვიცოდით უკანასკნელი ინფორმაცია. ჩვენ ხომ გულწრფელად გვჯეროდა, რომ ჩვენები წავიდოდნენ თბილისზე, მე ხომ რუკაზე მაქვს ყველაფერი დახატული, ხომ ვიცი, რასაც ვაკეთებ…“
ამ ადამიანმა ომის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიიღო. ჟურნალისტის კითხვაზე, რისთვის მიიღო ეს ჯილდო, მისი პასუხი ასეთია:
„ Да хрен его знает! “, რა ვიცი რისთვის მომცეს გმირის წოდება. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვები გავიყვანე? ეს არაა ჩემი ამოცანა. იქნებ, იმიტომ, რომ ცხინვალის სარდაფებში ქვეითების ნაცვლად ვიჯექი და ვიბძოდი? მაგრამ არც ესაა ჩემი ამოცანა. ჯილდო მიხარია, მაგრამ დღემდე გაბრაზებული ვარ ხელმძღვანელობაზე: პირველად არ უთქვამთ - ორ საათში მოვალთო და მერე 3 დღე-ღამე მიწევდა გამკლავება.
მზვერავი უხვატოვი რუსეთის ის “გმირია”, რომელსაც წილად ერგო პატივი, კრემლის მიერ დაკვეთილი მხატვრული ფილმის „აგვისტოს რვა“-ს კონსულტანტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც ირკვევა, უხვატოვს არც თავისი მეთაურების მიერ წარმოებული აგვისტოს ნამდვილი ომი მოეწონა და არც მისი „მხატვრულ-დოკუმენტური“ ვერსია.