ივანიშვილის და ბურჯანაძის ალიანსი კულისებს მიღმა

  21:29:20     06-03-2012

ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი „სისუფთავის“ ალიბის შესაქმნელად, ბურჯანაძეზე საჩვენებელი თავდასხმა გადაწყვიტა. „ფეისბუქზე“, ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე, ოლიგარქის „სახალხო კრებასთან“ და „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ივანიშვილი ბურჯანაძეს „მკაცრად“ მოუწოდებს, რომ სამშობლოს ინტერესებით იხელმძღვანელოს და საერთო საქმე არ დააზიანოს.

„ადამიანი პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს "მე" და "ჩემი". ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც", - რიხიანად განაცხადა ოლიგარქმა.

ოლიგარქმა და მისმა მრჩევლებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან ბურჯანაძესთან ალიანსი მათ იმიჯს აფუჭებს, ის საჯარო დატუქსვით გაანეიტრალონ და საზოგადოებას თვალი აუხვიონ. რეალურად კი, საქმის ვითარება სულ სხვაგვარია და ივანიშვილს ექსსპიკერის გუნდთან დიდი ფინანსური და სხვა სახის გარიგებები აკავშირებს. მაგალითად, ცნობილი ხდება, რომ მათ უცხოურ ანგარიშზე, მილიარდერმა, მცირე ხნის წინ, 500 ათასი დოლარი გადარიცხა.

ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს ბურჯანაძესთან თანამშრომლობის, მაგრამ ამის სახალხოდ დემონსტირების ეშინია. მის რეალურ დამოკიდებულებას პუტინის ქართველი მეგობრისადმი კი, მაისის ცნობილი მოვლენების შეფასებაც ამყარებს, რომლის მიხედვითაც ოლიგარქი რუსეთიდან მართულ იმ პროვოკაციულ „აქციებს“, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლეც შეეწირა, თურმე გმირობად მიიჩნევს.