ზაზა სვანაძე: „ქართულ ოცნებაში“ მონობის საჭიროება დავინახე

  17:16:14     06-03-2012

რეჟისორი ზაზა სვანაძე ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას „კუდიანებზე მონადირეებად“, პოლიტიკური მოწყალების მთხოვნელებად და პარანოიით დაავადებულ  ადამიანებად მიიჩნევს. რეჟისორი, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთაში დიდი დაპირისპირებაა, სადაც ყველა ერთმანეთს აკონტროლებს და ყველგან ინტრიგები ეჩვენებათ. სვანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ტექსტს, რომელიც მათ მიტინგზე ან ჟურნალისტებთან კომენტარისას უნდა თქვან, ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი უსწორებს და ამისთვის  ახალგაზრდებს ავარჯიშებს კიდეც. „პრესა.ჯი“–ს რეჟისორი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზებსა და ორგანიზაციის „შიდა სამზარეულოზე“ ესაუბრა.

– რატომ დატოვეთ „ქართული ოცნება“, ზუსტად ერთი თვის თავზე?

–  ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მიმართ უნდა იყო პირდაპირი. არ აქვს მნიშვნელობა, ის შენი ოპონენტია, თუ მეგობარი. ჩემი ნიშა არის სიმართლის თქმა გამჭვირვალედ და  არა დილეგში ცხოვრება. ის ადამიანები, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან,  გარყვნილებასა და ტყუილში არავის ჩამორჩებიან.

 – თქვენ აცხადებთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში მიმდინარეობს „კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანები პარანოიით არიან შეპყრობილები?

–„ქართულ ოცნებაში“ სისტემატიურად ჰქონდა პროვოკაციებს ადგილი. პროვოკაციებს უწყობდნენ ერთმანეთს. იყო მასიური უნდობლობა. თუ შენს თანამებრძოლს არ ენდობი, მაშინ მასთან არ უნდა იყო. მაგალითად, მე დამაბრალეს, ვითომ ივანიშვილს ვლანძღავდი. არადა მის მიმართ, არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. მე, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში არც ცოტნე ზურაბიანის დახმარებით მივსულვარ,  არც მაია ფანჯიკიძის და არც ლუბა ელიაშვილის. მივედი, რათა ჩემი ბრძოლის გამოცდილება და რესურსი მოხმარებოდა „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს საჭიროება ვერ დავინახე.  დავინახე მონობის და დასმენის საჭიროება. მე დასმენებით არ მიცხოვრია და რაც არ მომწონს, ამას საჯაროდ ვამბობ. „ფეისბუქის“ პაროლების მოთხოვნა და შემოწმება, ზურგს უკან ქილიკი, მუდამ მოსმენა–დასმენა, კაცების მხრიდან, ცოტა ულამაზოა.

–  ზურგს უკან ქილიკში რა იგულისხმება?

– ადამიანი, თინა ხიდაშელს რომ უწოდებს   „ქალ ბოკერიას“, ამერიკის აგენტს და ქვეყნის მტერს, შემდეგ კი, ღიმილიანი სახით შეხვდება, რა ჰქვია ამას? ახალგაზრდულ ფრთაში არიან ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ ვერ იტანდნენ ორგანულად ხიდაშელს და ამას თავიანთ თანამებრძოლებთან და მეგობრებთან ყოველთვის ამბობდნენ. შემდეგ კი, როცა ხიდაშელი ან მაია ფანჯიკიძე ბრიფინგს ჩაატარებდა, პირველებს ჰქონდათ გამოჭიმული სოციალურ ქსელში თავიანთ გვერდზე ე.წ. სმაილიკებით და გულებით გაფორმებული, ეს ვიდეოები.

– ამ ახალგაზრდებს თინა ხიდაშელზე აზრი რამ შეუცვალათ?

–  ვფიქრობ, რომ რაღაცის მოლოდინში თავის პოზიციას არ ამჟღავნებენ. წლების განმავლობაში, თინა ხიდაშელი იყო მათთვის სალანძღავი პოლიტიკოსი. ამბობდნენ, რომ ხიდაშელი არის ნაძირალა. ეს არ არის ჩემი სიტყვები და მათ თავად კარგად იციან, თუ ვინ იყო ამ პოზიციაზე.

–  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  დავივიწყოთ ძველი წყენა და იდეისთვის გავერთიანდეთო. იქნებ, ეს ადამიანები იდეის გამარჯვებისთვის, ხიდაშელთან ძველ დამოკიდებულებას ივიწყებენ?

– არა, ეს ადამიანები არიან ბოღმიანი ადამიანები.  მათ უკან წაიღეს  სიტყვები, იმის გამო, რომ გროშებს ელოდნენ ივანიშვილისგან. არანაირი დავიწყება და სამშობლოს გამო პირადი წყენის გაბათილება, აქ არაფერ შუაშია.

– ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ახსენეთ... ამბობთ, რომ ახალგაზრდებთან მუშაობს...

– დიახ, იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ დავალებული ამის კოორდინაცია. ლუბა ელიაშვილი, ასევე ნიკუშა შენგელაია, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია. თუმცა რამდენიმე დღეში, ნიკუშა შენგელაია იქ არავის უნახავს. ამის გამო, შევრჩით ყველა ქალბატონ ლუბას. ვფიქრობ, მაქვს იმხელა ინტელექტი, რომ ლუბა ელიაშვილის დაწერილი ტექსტები არ გავიმეორო. მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიონალი ჟურნალისტია, არ ვთვლი, რომ ლუბამ უნდა მასწავლოს ტექსტის წაკითხვა, რა და როგორ უნდა ვთქვა კამერის წინ.

– ტექსტებს ლუბა ელიაშვილი წერდა?

– ხო, რა თქმა უნდა. მეტიც, ორი დღე ავარჯიშებდა ამ ახალგაზრდებს ტექსტის წაკითხვაში. ეუბნებოდა, ეს უნდა თქვა და ეს არა. მე რომ დავურეკო ახლა ეკა ბესელიას ან ვინმეს და ვუთხრა „პრესა.ჯი“ მირეკავს ინტერვიუზე და ორდღიანი რეპეტიცია გამატარეთო. ნორმალურია ეს? ასეთი სიტუაციაა დღეს „ქართულ ოცნებაში“.