გია თორთლაძე: ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია

  16:21:53     06-03-2012

ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის შეფასებით, „ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირშია, რის გამოც, ის ლუსტრაციის კანონს  ეწინააღმდეგება.

როგორც „პრესა.ჯი-ს“ ლუსტრაციის კანონის ერთადერთმა ავტორმა, გია თორთლაძემ განუცხადა, მას უკვირს, ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილმა აქამდე რატომ არ გამოხატა.

მისი თქმით, ლუსტრაციის კანონით, იმ ქვეყანას ეშლება ხელი, რომელიც კგბ-ს სამართალმემკვიდრეა და რომელსაც, არქივები და აგენტები დარჩა.

„ამიტომ, მიკვირს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, აქამდე რატომ არ გამოხატა. ის პირდაპირ კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ კანონზე ნერვები ეშლება და მუშაობაში ხელი ეშლება - რუსეთია.  ამ პროექტით,  კრემლს, აგენტების გარკვეული რაოდენობა დააკლდება. ყველა არა იმიტომ, რომ 1992 წლის შემდეგ, ალბათ, კიდევ ბევრი, ახალი აგენტი შეიძინეს, მაგრამ მათი ინტერესების ყველაზე გამოკვეთილი დამცველი - ივანიშვილის დაჯგუფებაა”, - აცხადებს დეპუტატი.

თორთლაძის მტკიცებით, ივანიშვილმა მილიარდები იმ ქვეყანაში დააგროვა, სადაც სპეცსამსახურების გარეშე, 100 დოლარიც კი არ იშოვება.  შეგახსენებთ, რომ ლუსტრაციის კანონის გამო, „ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პროექტის ავტორს, ოპოზიციონერ დეპუტატს გია თორთლაძეს გუშინ, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ გვერდიდან დაუპირისპირდა. 

ივანიშვილის შეფასებით, ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს, რადგან იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებსაც  თეორიულად მაინც შეიძლებოდა ეს კანონი შეხებოდა, საპენსიო ასაკს უკვე მიაღწია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ლუსტრაციის კანონის მოქმედების სფეროში პოტენციურად მოხვედრილ ადამიანებს ასევე 20 წლით მოემატათ ასაკი. გარდა ამისა, საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო, მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია. ამ  მიზეზით, რთულდება როგორც შესაბამისი ბრალდებების წაყენება, ისე თავის მართლებაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს“, - განმარტავს ბიზნესმენი.

რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, საქართველოს პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია”, რომელიც „ლუსტრაციის შესახებ კანონსა” და „პატრიოტის აქტს” აერთიანებს, გასულ წელს მიიღო. ეს კანონი კი, სამართალდამცავი ორგანოების უფლებებს აფართოვებს და ითვალისწინებს: სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის გამკაცრებას;  ბანკების მიერ კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეუფერხებელ გაცემას,  სატელეფონო მოსმენების, ჩხრეკის და სხვა სახის ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების ჩატარებას საქართველოს მოქალაქეებზე; ე.წ. „საბჭოთა ნომენკლატურების" გამოვლენას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას.