ვინ მართავს ბიძინას და „ჩემ ეკას“?

  15:29:23     06-03-2012

როგორ უნდა მოვწველოთ და ვმართოთ მილიარდერი ოლიგარქი? საამისო რეცეპტი ძალიან მარტივია, თუ ამ უკანასკნელს პოლიტიკური ალღო და ინტელექტი ნაკლებად აქვს განვითარებული, ხოლო ამბიციებით უსასრულობას უტოლდება. 

ივანიშვილის „გარემოცვის“ ყოველმა წევრმა ეს უკვე ბრწყინვალედ იცის. თითოეული მათგანი, მილიარდერისგან, როგორც ბიძინა იტყოდა, „საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით“ მეტს იღებს, გაწეული შრომის საფასურად, თუმცა, ჯერ მათი ნაშრომი ვერავინ დაინახა.

თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ივანიშვილისათვის იმის ილუზიის შექმნა, რომ თითოეული მათგანი მის საბრძანებლოში განუზომელი მნიშვნელობის ფიგურაა და ბიძინა მათ გარეშე საოცნებო სამთავრობო სავარძელს ხელში ვერ ჩაიგდებს, უადვილესი პროცედურა აღმოჩნდა.

ამას ემატება თავად ოლიგარქის უკვე კარგად გაშიფრული ფსიქოტოპი, რისი მეშვეობითაც ივანიშვილის აზრების, ემოციების, შთაბეჭდილებების, მოქმედებების და კონკრეტული ადამიანებისადმი დამოკიდებულებების მართვა არც ისე რთულად მიღწევადი საქმეა.

„მეოცნებეებში“ ოლიგარქის მართვა-დამონების საპასუხისმგებლო საქმეს, სათავეში სახელგანთქმული ექსპერტი, ოლიგარქების მართვის საკითხებში, გია ხუხაშვილი ჩაუდგა, რომელმაც იმდენი იძრომიალა, რომ თავად ივანიშვილების ოჯახის უფროსი მეგობრის სტატუსიც კი მიიღო.  

„ბიძინას მეგობრის“ საპატიო ტიტულის მოპოვების შემდეგ, ხუხაშვილმა ბინა სოლოლაკის სასახლეში დაიდო, ფეხი შაჰივით მოირთხა და როგორც ყველაფრიდან ჩანს, იქედან თუ ძალით არავინ გააგდო, ნებით დიდი ხანი აღარ აპირებს საბრძოლო პოზიციის დატოვებას. ბიძინა ხუხაშვილს თანაშემწესავით  შესცქერის და მისი ყოველი სიტყვა ისე სჯერა, როგორც საკუთარი რეპერი შვილის ემინემობა.

ხუხაშვილმაც ახალი ამპლუა შეიშნოვა და მარჯვნივ და მარცხნივ ბრძანებებს მედიდურად იძლევა. ბიძინას გარემოცვიდან გამოსული ხმების მიხედვით, სწორედ დიდი ექსპერტი იღებს რეალურად ყველა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ოლიგარქს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ხუხაშვილს დაქვემდებარებული ივანიშვილი კი დიდი ექსპერტის იდეებს რუპორივით ახმოვანებს.

ყველაფრის ექსპერტი ბატონი ხუხაშვილი „პრესა.ჯი“-ს კითხვებმა დააბნია, თუმცა, მას მაინც წამოსცდა ის, რის დამალვასაც ინტერვიუს დროს ცდილობდა. აღმოჩნდა, რომ ბატონი ხუხაშვილი, ივანიშვილს, რჩევა-დირექტივებს ერთობლივი სადილისას აძლევს.

"presa.ge": მართალია, რომ თქვენ იღებთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გუნდში? 

 გია ხუხაშვილი: რომელ გუნდში? 

 - ივანიშვილის...

 - მე არა ვარ ივანიშვილის გუნდში და არანაირი ფორმალური კავშირი მის გუნდთან არ მაქვს. 

 მე ივანიშვილთან მაქვს პირადი ურთიერთობა, ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა ადამიანთან. შეხვედრისას, ვსაუბრობთ ძალიან ბევრ საკითხზე... ვსადილობთ და ვსაუბრობთ... 

 -  ივანიშვილი ერთობლივი სადილის დროს მიცემულ თქვენ რჩევებს ახმოვანებს პრესკონფერენციებზე?   

- შეიძლება ითვალისწინებს, შეიძლება არა. ეს მისი გადასაწყვეტია. მეგობრობა ხომ აკრძალული არ არის? 

- თქვენ მართავთ ივანიშვილს? 

- მე მის გუნდში ვერ ვგრძნობ ჩემდამი გაღიზიანებას და არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. მე მაქვს მათთან კარგი ურთიერთობა და არავის ჩემთვის არ უთქვამს საყვედური ამის გამო. 

- ბატონო გია, შეკითხვაზე გვიპასუხეთ, ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილი იმ იდეებსა და რჩევებს, რასაც თქვენგან იღებს სადილის ან პირადი შეხვედრების დროს? 

- მე პოლიტიკურ საკითხებზე  არ ვსაუბრობ მასთან. მას ვერაფერს ვურჩევ ამ კუთხით. ჩემგან რომ პოლიტიკური რჩევები მიიღოს, სულ დაღუპავს ყველაფერს. მე პოლიტიკოსობის გამოცდილება არ მაქვს.   

- არც ივანიშვილია პოლიტიკოსი... 

- არანაირი პროფესიული უნარ–ჩვევები ამ მიმართულებით არ მაქვს. 

- ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრებისა და რჩევების დროს პოლიტიკაზე არ საუბრობთ? 

- პოლიტიკაზე არა. სახელმწიფოზე და ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ასევე ზოგად თემებზე".  

რაც შეეხება ივანიშვილების მეორე „პოლიტიკოს“ წევრს, მილიარდერის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს, „ჩემი ეკას“ საკუთარი გავლენის და მართვის საპასუხისმგებლო საქმე მთლიანად ხვედელიძის ახალმა „დაქალმა“, მუდმივად თვალ-წარბში კატასავით შემყურე, ძველმა და გამობრძმედილმა „რესპუბლიკელმა“, თინა ხიდაშელმა აიღო თავის თავზე.

„ჩემი ეკა“, მიუხედავად ქმრის მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოყვანისა, პოლიტიკოსად ვერ ტრანსფორმირდა, სინამდვილეში ისევ ისევ იქ დარჩა, სადაც იყო, ანუ „სამზარეულოში“, მაგრამ მისი კონტროლის საჭიროებას ძველი პარტიელები მაინც აუცილებლად სახავენ. ამიტომ ხვედელიძე-ივანიშვილისას „წონიანი“ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მიუჩინეს.

ამასობაში კი, ოლიგარქის სასახლე კვლავ ჩაკეტილ „რეზერვაციად“ რჩება, სადაც ერთ განდეგილ ოჯახს ახლა ასეულობით მუქთამჭამელი დაემატა. ისინი გალავნის მიღმა თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში და მილიარდერის სქელ ქისებს და ყულაბებს ხარბად, მშვიდად და თანმიმდევრულად უცვლიან მდებარეობას საკუთარი ჯიბეების მიმართულებით და მსხვილი ლუკმების დათრევის სურვილით შეპყრობილნი, პერიოდულად ერთმანეთსაც უღრენენ.